აშშ-მა რუსეთისთვის ნავთობის კრიტიკული ფასი დაასახელა

08-09-2022 22:49:10 ანალიზი

ნავთობის მოპოვება რუსეთში წამგებიანად იქცევა, თუ ბარელის ფასი 44 დოლარს ჩამოსცდება, - თვლიან აშშ-ის ფინანსთან სამინისტროში.

რუსული ნავთობმოპოვებისთვის კრიტიკული სწორედ ეს ზღვარი განიხილება ამჟამად G7-ის მიერ გასულ კვირას ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, - აცნობა Bloomberg-ს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადეიმომ, რომელიც უწყებაში რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესრულების საკითხებს კურირებს.

მისივე განმარტებით, ბარელში 44 დოლარი — ეს საკუთრივ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შეფასებაა.

«არ ვაპირებთ რუსეთში წარმოების თვითღირებულებაზე ნაკლები ზღვრული ფასის დაწესებას», — ხაზგასმით აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და იქვე დასძინა, რომ ზღვარი უნდა იყოს იმგვარი, რომ რუსეთს მოპოვების მოტივაცია შერჩეს, მაგრამ მოგება ვერ მიიღოს.

ცნობისთვის: G7-ის ფინანსთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსული ნავთობის საიმპორტე ფასის ზედა ზღვრის შემოღების შესახებ. გადაწყვეტილება დეკემბრიდან – ევროკავშირის ნავთობემბარგოსთან ერთდროულად უნდა ამოქმედდეს.

თუმცა მასში რუსული ნავთობის საკვანძო აზიელი მყიდველების ჩაბმა ჯერ ვერ მოხერხდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინმა ფასის ზედა ზღვრის შემოღებას უპერსპექტივო უწოდა და “ენერგობაზრების სტაბილიზაციისთვის დიალოგის აუცილებლობის” შესახებ განაცხადა.

ამ ეტაპზე უარით შემოიფარგლა ინდოეთიც. “ჩვენი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ფასის ზედა ზღვარი შესაძლებელია, თუ უზრუნველყოფილი იქნება რუსული ნედლეულის ალტერნატივა, მაგალითად, ირანიდან ან ვენესუელიდან”, - განუცხადა “Economic Times”-ს ქვეყნის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასავლეთს რუსულ ენერგომატარებლებზე ზღვრული ფასის შემოღების შემთხვევაში “ყველაფრის მიწოდებების შეწყვეტითა” და ზამთარში “გაყინვით” დაემუქრა.

თუმცა მისმა მუქარამ ნავთობის მსოფლიო ბაზარზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. პუტინის ამ განცხადებიდან მეორე დღეს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელში $90-ს ჩამოსცდა (ბარელში $89,73, კლება – 3,4%), ხოლო ამერიკული WTI-ს ღირებულება - იანვრის დასაწყისის მინიმუმს ($83,65, კლება – 3,8%).

დღეს კი, 8 სექტემბერს, ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ტიპის ნავთობი ბარელში 88,03 დოლარი ღირდა. კოტირებები 5%-ით შემცირდა, ხოლო ომის დაწყების პერიოდთან შედარებით, თითქმის 40%-ითაა დაცემული. კიდევ უფროა გაიაფებული რუსული Urals-ი: Thomson Reuters-ის მონაცემებით, ფასის საშუალო ვარდნა ბარელში დაახლოებით 22,5 დოლარს შეადგენს.

ვერ მოახდინა პუტინის მუქარამ გავლენა ევროპელ პოლიტიკოსებზეც. ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, კრემლელი დიქტატორის მუქარის მიუხედავად, რუსული გაზის საიმპორტე ფასზე ლიმიტის დაწესების წინადადება წარმოადგინა.

"უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომელსაც პუტინი ამ საშინელი ომის დასაფინანსებლად იყენებს" - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ტრეიდერები ნავთობის პერსპექტივას სკეპტიკურად აფასებენ. “მსოფლიო ეკონომიკა ნელდება, ევროპა რეცესიისკენ მიდის, ჩინეთმა ლოკდაუნებზე დასვა 65 მილიონი ადამიანი. ეს ყველაფერი ნედლეულზე მოთხოვნას ამცირებს” – განმარტავს Oanda-ს ანალიტიკოსი ედვარდ მოია.

OPEC+-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, სექტემბრიდან მოპოვება დღე-ღამეში 100 ათასი ბარელით შეამცირონ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია მსოფლიო მოთხოვნისთვის, რომელიც 1000-ჯერ უფრო მაღალია.

ნავთობს გაძვირებადი დოლარი აწვება, - აღნიშნავენ ING-ს ანალიტიკოსები: ფორექსზე ამერიკული ვალუტის ინდექსი 20-წლიან რეკორდებს ხსნის, ევროს კურსი დოლართან მიმართებაში 2002 წლის შემდეგ მინიმალურ ნიშნულზეა, იენისა - 1998 წლის შემდეგ, ხოლო ფუნტისა — 1980-იანების შემდეგ მინიმალურ ნიშნულზე.

ბაზარი ელის, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა გააგრძელებს პოლიტიკის გამკაცრების ციკლს, რომელიც უკვე იქცა ყველაზე ხისტად 1970-იანების ბოლოდან.

ორგზის გაზარდა რა განაკვეთი 0,75 საპროცენტო პუნქტით, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შესაძლოა, ანალოგიური ნაბიჯი სექტემბერშიც გადადგას, - აღნიშნავს Bloomberg.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები