ოფიციალურ მოსკოვს სავიზო რეჟიმზე საუბრისას საქართველო მაგალითად მოჰყავს
09/09/2022 11:49:08 პოლიტიკა
რუსეთი უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის საკითხს განიხილავს მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ ანალოგიური რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოიღო, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ. ამასთან, მან იქვე დასძინა, რომ დიპლომატიურ პრაქტიკაში გვხვდება ამ საკითხში ასიმეტრიული რეაქციის შემთხვევები და მაგალითად საქართველო მოიყვანა.
"დავუშვათ, ჩვენ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გვაქვს, მაგრამ საქართველო რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში ამ რეჟიმს არ იყენებს. ასე, რომ მსგავსი რამ პრაქტიკაში გვხვდება და სარკისებრი რეაქცია აუცილებელი არ არის. პრეზიდენტმა პუტინმაც განაცხადა, რომ ჩვენთვის ხელსაყრელია ადამიანები ჩვენთან ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება. ჩვენ არ გვსურს, უკრაინის მოქალაქეებს ყოფა გავურთულოთ უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომელთაც საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვება და რუსეთში ჩამოსვლა სურთ. ჩვენს მიერ სავიზო რეჟიმის შემოღება მათ საქმეს ძალიან გაურთულებდა არსებულ ვითარებაში, როცა რუსეთს კიევში საელჩოც კი აღარ გააჩნია" - აღნიშნა რუდენკომ.
საქართველოში ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას მოითხოვენ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის ფონზე რუსეთიდან ქვეყანაში რუსების შემოდინებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. მათი აზრით, რუსეთის მოქალაქეთა ასეთი რაოდენობის შემოსვლა ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.


