პრეცედენტული საქმე: როცა სათქმელს სახელმწიფოს ნაცვლად ხალხი ამბობს

09-09-2022 16:22:12 საზოგადოება ,სამართალი ,ეს საინტერესოა

11 აპრილს, გამთენიისას, მორიგ რუტინულ დღეს მგზავრის მოლოდინში მყოფი 30 წლამდე ახალგაზრდა ვერ იფიქრებდა, რომ სახელმწიფო მას მინიმუმ, 7 წლით დაუპირებდა საპყრობილეში გამომწყვდევას, თუმცა მოვლენები მისთვის სრულიად მოულოდნელი სცენარით განვითარდა.

რა მოხდა – დაცვის მხარის ვერსია, რომელიც თავის მხრივ ბრალდებულს ეყრდნობა

დაახლოებით, დილის 05:00 საათისთვის საქართველოში ჩამოფრინდნენ ერთი ლიეტუვის და ერთიც რუსეთის მოქალაქეები – რუსულენოვანი ტურისტები (მათ სასამართლოში სწორედ რუსულ ენაზე მისცეს ჩვენებები). გამოვიდნენ აეროპორტიდან და ტაქსიში ჩასხდნენ. კომუნიკაცია მიმდინარეობდა ინგლისურ (ტაქსის მძღოლი ამირან ბოკუჩავა) – რუსულ (მგზავრები) ენებზე. მგზავრებმა გამოთქვეს პრეტენზია, რატომ არ საუბრობდა მძღოლი რუსულად, „აქ რომ ჩამოვდივართ, რუსულად უნდა გველაპარაკოთო“ და მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება.

„ამირან ბოკუჩავა ამბობდა, რომ ინგლისურ ენაზე სურდა საუბარი და რომ არც იცოდა რუსული“,– უამბობს „აქცენტს“ სასამართლოში ბოკუჩავას ინტერესების დამცველი ირაკლი ჩომახიშვილი.

მგზავრებმა მძღოლს უთხრეს, რომ ისინი კონკრეტული სასტუმროს მიმართულებით უნდა წაეყვანა. გზად ბოკუჩავამ ცნობილი უკრაინული სიმღერა (Ой у лузі червона калина) ჩართო.

„მათ არ სურდათ ამ სიმღერის მოსმენა (თავადვე დაადასტურეს სასამართლოში, რომ ტაქსის მძღოლი უსმენდა უკრაინულ სიმღერას) და მოსთხოვეს, გამოერთო. ბოკუჩავა მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა რუსული იმპერიალიზმით და პოლიტიკით შეპყრობილ ადამიანებთან, რომელთაც სურთ, აქ ჩამოსულებს ყველა რუსულად ესაუბროს. შეურაცხყოფილმა გადაწყვიტა, ისინი სასტუმროს ნაცვლად გომბორის ხიდზე მიეყვანა. რამდენიმე წუთში მიიყვანა კიდეც და სთხოვა, გადასულიყვნენ ავტომობილიდან. ისინი არ გადადიოდნენ და სასტუმროში მიყვანას სთხოვდნენ. მან მანქანიდან გადმოუღო ბარგი, რამაც ისინი აიძულა, გადმოსულიყვნენ მანქანიდან“,– ჰყვება ადვოკატი და განაგრძობს თხრობას: „მეორე დღეს ნახა მედიით არასწორად გაშუქებული ცნობები, თითქოს ესენი იყვნენ ევროპელი ტურისტები და რომ მათ თავისუფლება ეთნიკური ნიშნით აღუკვეთა ტაქსის მძღოლმა. იმ დროისთვის პოლიცია არ იყო ინფორმირებული ტაქსის მძღოლის ვინაობის შესახებ, მანქანა არ იყო რა გაფორმებული ამირან ბოკუჩავაზე. ის, საქმის მასალების მიხედვით, თავად გამოცხადდა პოლიციაში მათთვის ინფორმაციის მისაწოდებლად ადვოკატის გარეშე, მაგრამ დააკავეს“.

მძიმე ბრალი

ამირან ბოკუჩავა 13 აპრილს დააკავეს, ბრალად წარედგინა ეროვნული ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა (7–დან 10 წლამდე ვადით დაპატიმრების პერსპექტივით) და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობაც შეეფარდა.

ადვოკატებმა გადაწყვიტეს, ახალგაზრდის ბედი ნაფიცი მსაჯულებისთვის მიენდოთ, რადგან მათი ხედვით, მეტად სარისკო იყო სახელმწიფოს ერთ წარმომადგენელს – მოსამართლეს ვერ გაეგო საქმის შიგთავსი, ვიდრე 12 ადამიანს – 12 მსაჯულს.

„ჩვენ ნაფიც მსაჯულებს ვესაუბრებით, თუ რამდენად ესმით სამართლებრივი საკითხები – ვუხსნით, განმარტებებს ვაძლევთ. საბოლოო ჯამში, ერთის ნაცვლად 12 მოსამართლეს ვიღებთ – თითო მოწვევაზე 300 კაცში ვარჩევდით. ყველა მათგანი შესაფერისი იყო სასამართლოსთვის, რომლებიც არ დაუშვებდნენ, მხოლოდ იმიტომ გაემართლებინათ პირი, რომ ქართველი იყო. თუ დამნაშავეა, რა მნიშვნელობა აქვს, ქართველია თუ უცხოელი?! – ასეთი ხალხი გვყავდა შერჩეული და ამ არჩევაში მონაწილეობას იღებდა როგორც სასამართლო, ისე პროკურატურა. მსაჯულები მხოლოდ ადვოკატებს არ შეგვირჩევია – ისინი მოეწონა სასამართლოსაც და პროკურატურასაც“.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ამ კონკრეტულ საქმეში ფიგურანტების მოქალაქეობას არ ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარი სხვა რამ იყო:

„აშშ–ის მოქალაქეც რომ იყოს და მოითხოვს, რუსულად ვილაპარაკო, აქ მთავარია ის, რომ მთხოვენ ჩემი ნების საწინააღმდეგო ქმედებას. პირიქით მოხდა, სახელმწიფომ განახორციელა ამირან ბოკუჩავას დისკრიმინაცია და არა ბოკუჩავამ დაზარალებულების. ჩავთვალეთ, რომ სახელმწიფოს პოზიცია იყო არასწორი და საზოგადოებას ამაზე პასუხი უნდა გაეცა, რომ ეს არ იყო დისკრიმინაცია და რომ ეს არ იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთა! შესაძლოა, ბოკუჩავას მგზავრები გომბორის გადასახვევთან არ უნდა წაეყვანა, მაგრამ გაბრაზდა ადამიანი – მას შეურაცხყოფა მიაყენეს. შესაძლოა, გაბრაზების ნიადაგზე არასწორი ქმედებაა, რომ ადამიანი ფეხით გამოუშვა თბილისისკენ, მაგრამ ეს არაა დანაშაული! ეს არაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა!“.

სახელმწიფო ბრალდების ვერსია

პროკურატურამ 9 სექტემბერს საზოგადოებას მოვლენათა განვითარების საკუთარი ვერსია შესთავაზა, რომელიც სრულიად გამორიცხავს იდეოლოგიურ ფაქტორს და თავად დაცვის მხარეს ადანაშაულებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში. კერძოდ, უწყების განცხადებაში ვკითხულობთ:

შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით, თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას - 23 ლარს. აღნიშნულის გამო, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს. ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა. გადმოხტომით მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდნენ.

ურთიერთგამომრიცხავი დეტალები

ადვოკატი სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ გამოვლენილ შეუსაბამობებზე ამახვილეს ყურადღება, რამაც მაღალი ალბათობით, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებაც განაპირობა:

  • „განაცხადეს, „იანდექსით“ გამოვიძახეთ ტაქსი, მაგრამ იქვე ადამიანმა გვითხრა, ტაქსის მძღოლი ვარო“, რაც რეალურად არ დადასტურდა: დათვალიერდა ამ ადამიანის ტელეფონი და „იანდექსის“ პროგრამა საერთოდ არ ამოაჩნდა, ანუ ცრუობდა „იანდექსთან“ დაკავშირებით;
  • კიდევ ერთი დეტალი – ეს ადამიანი ამბობდა, რომ მძღოლმა დაახლოებით 100 ლარი მოსთხოვა [მგზავრობის საფასური] და თანხის ირგვლივ შეკამათების გამო წაიყვანა ისინი გომბორის ხიდთან, რაც სრული შეუსაბამობა იყო: ამბობდნენ, „ნაღდი ფული არ გვქონდა, ხოლო ტაქსის მძღოლმა გვითხრა, „ქეშით“ უნდა გადაიხადოთ და ჩავუსხედითო “. თუ ნაღდი ფული არ ჰქონდათ, მაშ რატომ ჩაუსხდნენ? ამაზე პასუხი არ არსებობდა;
  • მათი ვერსია იყო, „თანხა რომ არ გადავიხადეთ, ამიტომ აღგვიკვეთა თავისუფლება და წაგვიყვანა შორსო. კარებები ჩაგვიკეტა და ავტომობილიდან ვერ გადავდიოდითო“. ავტომობილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ კარს "ამომწევი" აქვს – ანუ ჩაკეტვის მიუხედავად გაღება შესაძლებელია. გარდა ამისა, თავადვე ამბობდნენ, რომ მძღოლი შუქნიშნებზე ჩერდებოდა, მაგრამ „ვერ ვპოულობდით გასაღებსო“ – წარმოიდგინეთ, მძღოლი ჩერდება შუქნიშნებზე, ორი ჩამოყალიბებული მამაკაცი (ერთი ლიეტუვის უნივერსიტეტის პროფესორი, მეორე – რუსეთის ფედერაციის) კი ვერ აღებს კარს, ვერ პოულობს ამოსაწევს, რომელიც ჩაჯდები თუ არა, იქვეა.
  • ნაფიცი მსაჯულები არ იზიარებდნენ მათ ჩვენებას, რადგან მათ თან ჰქონდათ ტელეფონიც, შეეძლოთ ავტომანქანიდან გადასვლა“.

ცხადია, მსგავს ვითარებაში ადვოკატების მხრიდან გაჩნდა კითხვები, თუ მძღოლმა უამრავ შუქნიშანთან შეაჩერა ავტომობილი; ამასთან, კარის გაღების შესაძლებლობა არსებობდა; მგზავრებს თან ჰქონდათ ტელეფონი, შესაბამისად, შესაძლებლობა, ეთხოვა დახმარება; მანქანის უკანა სავარძელში მოთავსებულმა ორმა ზრდასრულმა კაცმა რატომ ვერ შეძლო ამ რომელიმე შესაძლებლობით სარგებლობა და არასასურველი "ტყვეობიდან" თავის დაღწევა? აქ ადვოკატი კიდევ ერთ დეტალს იხსენებს:

  • „როდესაც ჩამოვიდნენ მანქანიდან, ერთ–ერთ მეგობარს შემდეგ მისწერეს, „დარეკე პოლიციაშიო“. ეს მეგობარი (მოწმე) ამბობდა, „როდესაც დამირეკეს, ჩურჩულით ლაპარაკობდნენ, მუსიკის ხმა არ ისმოდაო“ (ვითარების დამძიმება სურდა, თითქოს ტაქსის მძღოლს ემალებოდნენ), მაგრამ დაზარალებულები ამბობდნენ, „მანქანიდან რომ ვურეკავდით მეგობარს, ტაქსის მძღოლი სპეციალურად უწევდა მუსიკას (უკრაინულს), რომ ხმა არ გამეგოო“. ამდენად წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ერთმანეთთან. მათ მეგობარს მას შემდეგ დაურეკეს, რაც ბოკუჩავამ ჩამოსვა მანქანიდან, გაუჭირდათ ფეხით წამოსვლა და გაბრაზდნენ. მოტივი თავიდან ბოლომდე გაბრაზება იყო“.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ დეტალზე, რომელიც მისი ხედვით, ბრალდებულისადმი დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს:

  • „დაზარალებულებს ტელეფონები არ ჩამოართვეს, რომ დაედგინათ ფაქტობრივი გარემოებები, ბრალდებულს კი ჩამოართვეს. როდესაც ამის შესახებ ვიკითხეთ, პოლიციელმა ამგვარად განმარტა, „ჯერ ერთი, არ ჩავთვალე საჭიროდ და მეორეც, ექვს დღეში მიდიოდნენ და დისკომფორტს ხომ არ შევუქმნიდით, ბოკუჩავა არსად მიემგზავრებოდაო“ – აქეთ გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი“.

ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარეს დაზარალებულებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მისცემია:

  • „დაზარალებულები სასამართლოში თავდაპირველად ჩვენს გარეშე დაიკითხნენ, „გვეშინია ადვოკატების და ბრალდებულისო“, თუმცა მათმავე მეგობარმა – მოწმემ სასამართლოში დაადასტურა, რომ მეორე დღეს სულაც არ ყოფილან შეშინებულები: იმყოფებოდნენ მცხეთის სალობიეში, შემდეგ კი ორივენი მარტონი დასეირნობდნენ სხვადასხვა კაფეებში. მეტიც, ამირან ბოკუჩავამ იცოდა, რომელ სასტუმროში მიდიოდნენ [მგზავრები], ისინი კი იმავე სასტუმროში დარჩნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეშინებულები არ იყვნენ და მათი არგუმენტი არ იყო მისაღები.

ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, დაგვესვა შეკითხვები: თქვეს, „ერთხელ მივეცით ჩვენება და საკმარისია ჩვენთვისო“, არ მოისურვეს ჩვენს კითხვებზე პასუხების გაცემა. უკაცრავად, თუ რაიმეს ამტკიცებს, ხომ გსურს, რომ დაცვის მხარის ან ნაფიცი მსაჯულების კითხვებს გასცე პასუხი?! მათ არ ისურვეს“.

გადაწყვეტილება – „არაა დამნაშავე“

სახელმწიფო ბრალდება ფაქტობრივად ადვოკატის საპასუხო (არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა) დღევანდელ განცხადებაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმეორებს პოზიციას, რომლის დაცვასაც სასამართლო პროცესზე ცდილობდა, მაგრამ არ საუბრობს, რატომ ვერ შეძლო მის მართებულობაში 12–იდან ვერც ერთი ნაფიცი მსაჯულის დარწმუნება. რადგან როგორც ირკვევა, 12–დან 12–ვე მსაჯულმა გადაწყვიტა, რომ ბოკუჩავა არაა დამნაშავე წაყენებულ ბრალდებაში.

გადაწყვეტილება საბოლოოა, შესაბამისად, ბოკუჩავას თითქმის ექვსთვიანი პატიმრობა დასრულდა.

„ნაფიცმა მსაჯულებმა არ ცნეს ბოკუჩავა დამნაშავედ, არ ჩათვალეს საჭიროდ, მისთვის მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, სრულად გაამართლეს ეთნიკურ ნიშანშიც და გაიზიარეს ჩვენი არგუმენტი, რომ რუსებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვა პრობლემა არაა. რაზეც ბრალდების მხარე ამბობდა – როდესაც ვიცით, რომ რუსულენოვანია (რუსი) ადამიანი და მას განზრახ ჩაურთავ უკრაინულ სიმღერას, ეს ყველა ფაქტობრივ გარემოებასთან ერთად, შეიძლება, ყოფილიყო დისკრიმინაციის ნიშანი – რაც სრული აბსურდია“,– ამბობს ადვოკატი და დასძენს, „მათ ნაფიცებმა არ დაუჯერეს, დაიჯერეს ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და რეალურად სიმართლეც ეს იყო!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები