პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
09/09/2022 12:27:03 პოლიტიკა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ იყო.
რეგლამენტის პროექტით, ცვლილებები გარდამავალ დებულებებში აისახა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სახალხო დამცველს დროებითად მოქმედი წესით აირჩევენ. 2022 წლის ბოლოს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება.
შეიქმენბა შეფასების სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაც 9 წევრისგან − სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე, პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან – საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს გამართავს.
რეგლამენტის მიხედვით, შეფასების სამუშაო ჯგუფის მიზანი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასებაა. შეფასების სამუშაო ჯგუფი მხოლოდ იმ პირს არ შეაფასებს, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის ან რომელიც სახალხო დამცველის თანამდებობაზე უკვე იყო.
შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასებს: – კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.
პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვას დაიწყებს, თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურები თავიდან დაიწყება.


