"ბოდიში კუბილიუსს აქვს მოსახდელი ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე"
09/09/2022 13:11:21 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ბოდიში კუბილიუსს აქვს მოსახდელი ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე".
"კუბილიუსი არის ჩართული კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. არ ვიცი რა ამოძრავებს, რა არის მისი მოტივაცია. აქედან გამომდინარე კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.
ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ევროპარალემნტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კობახიძეს დაუყოვნებლივ უნდა მოეხადა ბოდიში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონისთვის:
„ქართული ოცნების“ ლიდერმა კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს სასწრაფოდ ბოდიში უნდა მოუხადოს. ენა და ბრალდებები, რომლებსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და აზიანებს „ქართული ოცნების“ გაცხადებულ მცდელობებს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“.
7 სექტემბერს თბილისში ვიზიტით ყოფნისას ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებაზე უარი განუცხადეს.
8 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კრამონი „არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან".
მოგვიანებით, ევროპარლამენტარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას ასე გამოეხმურა:
„ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ უფრო მეტად ვეღარ დაეშვება, ის კიდევ უფრო ქვემოთ მიიწევს და უფრო მეტ ტყუილს იგონებს. ამის დანახვა ძალიან სევდიანია. საბრალო საქართველო. ქართველი ხალხი ამაზე უკეთესს იმსახურებს, თუმცა ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაბლა დაეშვებიან ისინი“.


