მაკფოლი და კასპაროვი: "ივანიშვილმა უნდა იცოდეს, დაეკისრება სანქციები, თუ არ შეწყვეტს პუტინის მხარდაჭერას"
09/09/2022 15:44:36 პოლიტიკა
ჭადრაკის რუსი დიდოსტატი, "განახლების დემოკრატიული ინიციატივისა და ადამიანის უფლებათა ფონდის" თავმჯდომარე გარი კასპაროვი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი მიიჩნევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ჯერ კიდევ აქვს ე.წ. შავი ხვრელები.
"საერთაშორისო თანამეგობრობამ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, საქართველო და ყაზახეთი, რომლებიც ამჟამად რუსეთს ეხმარებიან არსებული სანქციების გვერდის ავლაში, უნდა აიძულონ მიმდინარე კონტრაბანდის ოპერაციების შეწყვეტა", – წერენ მაკფოლი და კასპაროვი The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
მათი თქმით, რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა შეაჩერა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რამაც გამოიწვია საკვების, წამლებისა და მასალების დეფიციტი, ასევე ათასამდე უცხოური კომპანია გავიდა რუსეთიდან, რომელთა უმეტესობა არასოდეს დაბრუნდება უკან, თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ საჭიროა გაკეთდეს უფრო მეტი:
"მეტი უნდა გაკეთდეს. დემოკრატიულმა მთავრობებმა მეტი ზეწოლა უნდა მოახდინონ თავიანთ კომპანიებზე, რომლებსაც ჯერ არ დაუტოვებიათ რუსეთი. უცხოური საწარმოები, რომლებიც ეხმარებიან პუტინის საომარ მანქანას, თუნდაც გადასახადების გადახდის უბრალო აქტით, ასევე უნდა დაექვემდებარონ სანქციებს. [...] სანქციები ჯერ კიდევ არ არის დაწესებული ათასობით რუსი ჩინოვნიკის, პარტიის ლიდერების, რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელების, რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი საწარმოების გამგეობის წევრების, პროპაგანდისტებისა და ომის მხარდამჭერი ცნობილი ადამიანების მიმართ. დროა დაამატოთ ისინი სიაში. მესამე ქვეყნების პირებმა, რომლებიც ეხმარებიან პუტინს - როგორიცაა ყოფილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს დე ფაქტო მმართველი - უნდა იცოდნენ, რომ მათაც დაეკისრებათ სანქციები, თუ არ შეწყვეტენ პუტინის ბარბაროსული შეჭრის მხარდაჭერას. ნებისმიერმა ინდივიდმა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში, თუნდაც ირიბად თუ პასიურად, უნდა გადაიხადოს ფასი".


