ხუნდაძე განმარტავს, რატომ დაესწრნენ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას "ოცნებიდან" წასული დეპუტატები
12/09/2022 09:38:49 პოლიტიკა
დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების დასწრებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.
მისი თქმით, მართალია, პარტია და ფრაქცია დატოვეს, თუმცა თავიდანვე განაცხადეს, რომ ღირებულებითი სხვაობა არ არსებობდა.
"უმრავლესობა ერთპარტიულ ვერტიკალს არ ნიშნავს, ეს არის სიითი უმრავლესობა, სადაც ძირითად საკითხზე ერთი პოზიციაა დაფიქსირებული. ჩვენ პარტია და ფრაქცია დავტოვეთ და ვთქვით, რომ ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა არ იყო, იყო მხოლოდ უთანხმოება იმაზე, რა დოზით უნდა გვეთქვა ხალხისთვის სიმართლე. ჩვენ რომ ამაში უხერხულობას ვგრძნობდეთ, რამენაირად იმას მოვახერხებდით, რომ ჩვენი იქ ჰყოფნის ამსახველი ფოტომასალა არ გასულიყო. ეს საკითხი არ დაგვიყენებია, რადგან უმრავლესობის წევრები ვართ. ამიტომ, აქ არავითარი მიუღებლობა არ არის. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერისგან შეურაცხმყოფელი განცხადება კეთდება, ეს არის მდაბიოობა და აპოლიტიკური ურთიერთობა. ეს ადამიანურ დამოკიდებულებებსაც სცდება. არგუმენტები არ აქვთ და თავდასხმაზე გადადიან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


