ფინანსთა მინისტრი განმარტავს, "უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის" ფონზე რატომ გაედინება მოსახლეობა საქართველოდან
12/09/2022 12:00:18 პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოდან მოქალაქეების უცხოეთში გადინებას ინფლაციას და იმ წნეხს უკავშირებს, რომელიც პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო შეიქმნა. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მიდის ამდენი ადამიანი ქვეყნიდან, ლაშა ხუციშვილმა უპასუხა, რომ პანდემიამ და ომმა ფასების ზრდა და ინფლაცია განაპირობა.
„ბუნებრივია, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე და ეკონომიკურ აქტივობაზე ვსაუბრობთ, ეს მონაცემები ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. ეკონომიკური ზრდა უკვე მეორე წლის განმავლობაში საქართველოსთვის ნამდვილად არის უპრეცედენტო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ასე მიყოლებით საქართველოს ნამდვილად არ ჰქონია. ბუნებრივია, გარკვეულწილად დიდი წნეხი არის იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არის შექმნილი, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან გამომდინარე. პანდემიიდან და შემდგომ უკვე აღნიშნული ომიდან გამომდინარე, ძალიან დიდი წნეხი მოიტანა ფასების ზრდაზე და ინფლაციაზე", - განაცხადა ხუციშვილმა.


