„დომინოს პრინციპი“ იმუშავებს!“: გაქცევა აღმოსავლეთიდან და რუსული დილემა დღეს

12-09-2022 18:41:30 კომენტარი

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის მიმართულებით შოკური აღმოჩნდა არა მხოლოდ რუსი სამხედროებისთვის, არამედ "პატრიოტი" ბლოგერებისთვისაც, რომლებიც მყისიერად შეუდგნენ მოღალატეების ძებნას როგორც საკუთარ რიგებში, ისე „ზედა ეშელონებში“.

„რუსული დილემა. 2022 წლის 11 სექტემბერი.

· გვიღალატეს.

· ჩვენი არმია არ არის ბრძოლისუნარიანი.

რთული, ძალიან რთული არჩევანი.

ცხადია, პირველი მეტად მინდა, დავიჯერო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტი, რომელიც ბოროტი მიზნით არ გამოიყენება. მაგრამ თუ რამე, ჩვენ შეგვიძლია.

მაგრამ თუ მეორეა... მაშინ არ შეგვიძლია, თუნდაც გვინდოდეს.

ეს არ არის ის, რაზეც ვფიქრობდი 2022 წლის 11 სექტემბერს. მაგრამ უბრალოდ არ მაქვს უფლება, გავჩუმდე და "არ დავთესო პანიკა" უკრაინის შეიარაღებული ძალების მარიუპოლში შესაძლო შეღწევის წინა დღეს“,– დაწერა სოციალურ ქსელში რუსმა ნაციონალისტმა, ბლოგერმა ეგორ ხოლმოგოროვმა. მსგავსი სასოწარკვეთა ამ დანაშაულებრივ, სისხლისმღვრელ ომში კრემლის მხარდამჭერი ბევრი ბლოგერის „პოსტებში“ იკითხება, უკრაინაში კი წარმატებული კონტრშეტევის შედეგებს ზეიმობენ და განაგრძობენ აქტივობებს სხვა ოპერატიულ მიმართულებებზე.

საიდუმლოდ და სწრაფად – რამ განაპირობა ეფექტური კონტრშეტევა?

„რასაც ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში, განსაკუთრებით ხარკოვის ოლქში ვხედავთ, როდესაც უკრაინელებმა რუსული დაჯგუფების მიერ დაკავებული ტერიტორიები ძალიან სწრაფად გაწმინდეს (საუბარია ტერიტორიებზე, რომელთა დაკავებასაც ბევრად დიდი დრო მოანდომა იგივე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, მაგრამ რამდენიმე დღეში მოუწია დათმობა), უკრაინული მხრიდან ორიოდ დღეში არ დაგეგმილა“,– განმარტავს „აქცენტთან“ სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი და დასძენს, „სწორედ ამ მასშტაბური ოპერაციის ნაწილი იყო მსხვილი რუსული დაჯგუფების „შებოჭვა“ იგივე ხერსონის მიმართულებაზე – იცით, რომ მდინარე დნეპრის მარჯვენა მხარეს „შებოჭილია“ დაახლოებით 20 000 კაცამდე რუსული დაჯგუფება (ვერც ყირიმის მიმართულებით ახერხებენ გადასვლას და ადგილზეც საკმაოდ ცუდ დღეში არიან). ამ დაჯგუფების ფორმირება მოხდა სწორედ აღმოსავლეთ უკრაინიდან გადასროლილი მაღალი საბრძოლო პოტენციალის მქონე ძალებით, რადგან ყველა, მათ შორის რუსები ელოდნენ, რომ ჯერ ხერსონის გარშემო დაკავებული ტერიტორიების წმენდა დაიწყებოდა უკრაინელების მიერ და შემდეგ ქალაქზე შტურმი“.

როგორც ექსპერტი განმარტავს, ეს სტრატეგიული დონის სატყუარა აღმოჩნდა, რასაც რუსული მხარე წამოეგო და ბრძოლისუნარიანი შენაერთებისგან ფაქტობრივად დაიცალა ხარკოვის ოლქი:

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა უკრაინელების მხრიდან ძალების გადასროლა, ხიდების დაბომბვა და ლოგისტიკური ხაზების განადგურება. შემდეგ კი მოულოდნელად და ფარულად შეძლო უკრაინამ გამრღვევი დაჯგუფების ფორმირება ხარკოვის მიმართულებაზე (კონსპირაციის მაღალი დაცვით), ასეულის ტაქტიკური ჯგუფების დონეზე შეუტია და გაარღვიეს რეგიონში დარჩენილი რუსული დაჯგუფებების პოზიციები.

გამრღვევით ოპერაციებს რამდენიმე დღით და საათებით ადრეც კი წინ უძღოდა უკრაინის არტილერიის მიერ ზუსტი დამიზნების საშუალებებით ამ რუსული დაჯგუფების მართვის ცენტრების, ცეცხლის მართვის მანქანების, კავშირგაბმულობის, რადიოლოკაციური სადგურების, საზენიტო–სარაკეტო სისტემების, რადიოელექტრონული ბრძოლის მანქანების განადგურება და მწყობრიდან გამოყვანა. მოიშალა მართვის სისტემა და რუსული დაჯგუფება ფაქტობრივად, მართვის გარეშე დარჩა. ამან გამოიწვია ის, რომ უკრაინის მოიერიშე ნაწილებმა, რომელიც წარმოდგენილი იყო ჯავშანტრანსპორტიორებით, ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, მოტორიზებული და მექანიზებული საშუალებებით დაკომპლექტებული ასეულის ტაქტიკური ჯგუფებით, მოახდინა რუსული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სუსტი ადგილებიდან ღრმა შეჭრა და რიგ შემთხვევაში, რუსულ ძალებს ზურგში მოექცა, რიგ შემთხვევებში – ფლანგებზე. მართვის და კავშირგაბმულობის ქსელის მორღვევის ფონზე რუსული ძალები დეზორგანიზდნენ, დაიფანტნენ, ტექნიკა, საბრძოლო მასალების საცავები მიყარეს, ზოგმა შედარებით ორგანიზებულად დაიხია უკან (ვინც შედარებით უკან იყო, რუსეთში გადავიდა, ნაწილი – ლუგანსკისკენ), თუმცა დიდი ნაწილი გაიქცა (სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და ვინც გამოსვლა ვერ მოასწრო, უკრაინულ ძალების ტყვედ ჩაბარდა (ბევრი ჩაბარდა ტყვედ)“.

ექსპერტი დასძენს, რომ ფაქტობრივად 2–3 დღეში მოხდა რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ქალაქის გათავისუფლება: ბალაკლეა, კუპიანსკი, იზიუმი (სამივე სტრატეგიული მნიშვნელობისაა) და ამ ეტაპზე ხარკოვის ოლქის 99% გაწმენდილია რუსული ძალებისგან.

ინაშვილის დაკვირვებით, სახეზეა, რომ ვიდრე კლიმატური პირობები უწყობთ ხელს და სამხედრო ტექნიკას ასე თუ ისე შეუძლია გადაადგილება, უკრაინული ძალები მაქსიმალურად მეტი ტერიტორიის გაწმენდას შეეცდებიან – არ დასჯერდებიან ფრონტის ხაზის გავლებას მდინარე ოსკოლზე და სევერსკი დონეცზე: მიმდინარეობს კიდევ აქტივობები ყველა ოპერატიულ მიმართულებაზე: ლუგანსკის ოლქის ჩრდილო ნაწილში, ზაპოროჟიეს მიმართულებით, რამდენიმე დღის წინ დონეცკის აეროდრომთან გამოჩნდნენ უკრაინული ნაწილები, ხოლო ხერსონის მიმართულებით, ამ ოპერაციასთან სინქრონიზებულად უტევენ იქ „შებოჭილ“ რუსულ დაჯგუფებას:

„იყო გარკვეული ცნობები, რომ რუსული დაჯგუფების შემადგენლობაში მყოფი მაღალი რანგის ოფიცრები დაუკავშირდნენ უკრაინულ მხარეს და ტყვედ ჩაბარება შესთავაზეს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ, რადგან ფაქტობრივად, ლოგისტიკური მომარაგება შეწყვეტილი აქვთ და ცუდ მდგომარეობაში არიან – მინიმალურ დონემდეა დასული მათი საბრძოლო განწყობა თავდაცვითი პოზიციებიდან ბრძოლის შემთხვევაშიც კი“. [ინფორმაცია "აქცენტს" უკრაინის დაზვერვის სამსახურში ირიბად დაუდასტურეს].

შედეგების სტრატეგიული მნიშვნელობა

ინაშვილის ანალიზის მიხედვით, მართალია, უკრაინის მიერ ამ დღეებში გათავისუფლებული ტერიტორიების ფართობი იმ ტერიტორიებთან შედარებით, რაც ჯერ კიდევ რჩება ოკუპაციის ქვეშ, არც ისე დიდია, თუმცა მსგავსი წარმატებული შეტევები, რუსული ძალების დეზორგანიზება, ქაოსურად გამოსვლა და ჯამში ამ მიმართულებაზე განცდილი მარცხი მორალურად ძალიან პოზიტიურად მოქმედებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე და ძალიან ნეგატიურად – რუსულზე: უკრაინელ მებრძოლებს საბრძოლო სულისკვეთება უმაღლდებათ, მოსახლეობას გამარჯვების რწმენა კიდევ უფრო უმტკიცდება.

„იგივე დასავლური ქვეყნებიც კი კიდევ უფრო რწმუნდებიან, რომ უკრაინას გამარჯვების ძალიან მაღალი შანსები აქვს და კიდევ უფრო გაიზრდება სამხედრო–ტექნიკური დახმარება“,– დარწმუნებულია ინაშვილი.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, ექსპერტი ფიქრობს, რომ „დომინოს პრინციპი“ იმუშავებს – ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ უკრაინაში თავმოყრილი მთელი რუსული დაჯგუფება ეტაპობრივად მთლიანად ჩამოიშლება ყველა მიმართულებაზე, რასაც უკვე რუსეთში შესაძლოა, სერიოზულ სამხედრო–პოლიტიკური ცვლილებებიც მოჰყვეს. მსგავსი მასშტაბის ომებში მარცხის შემდეგ რუსეთში ყოველთვის ძალიან დიდი ცვლილებები ხდებოდა ხოლმე:

„მსგავსი რამ [ჩამოშლა] ახასიათებთ დიდ შეიარაღებულ ძალებს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მებრძოლებში საბრძოლო სულისკვეთება დაბალია. მათ არ აქვთ მოტივაცია, რაც უმნიშვნელოვანესია. რუსებს ინდივიდუალურ დონეზე კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არასწორ ომში იმყოფებიან და ვიღაცის უაზრო მიზნების გამო იღუპებიან. ინდივიდუალურ დონეზე მსგავსი გააზრება სურათს მთლიანად ცვლის. უკრაინელებისთვის კი ეს სამამულო ომია!

ნათელია, რომ რუსებს არანაირი შემტევი პოტენციალი აღარ აქვთ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებაზე და მთლიანად თავდაცვით პოზიციებში არიან გადასულები. დილით გავრცელდა ცნობები, რომ დონეცკიდან და ლუგანსკიდანაც – შედარებით ზურგში არსებული ტერიტორიებიდანაც გაჰყავთ რუსებს არტილერია და ტექნიკა და დონბასის ოლქში მცხოვრები სეპარატისტები ასეთ გზავნილებს ავრცელებენ, „მარტო მოგვიწევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაო“. ვნახოთ, გამოჩნდება, რა იქნება შემდეგ დღეებში.

ზამთრამდე ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხელსაყრელ პოზიციაშია, აქვს რესურსებიც საიმისოდ, რომ მეტი ტერიტორიები გაწმინდოს რუსული ძალებისგან. შესაძლოა, იმდენად სწრაფად მოხდეს ამ დაჯგუფების მართვის სისტემის ჩამოშლა და უკან დახევა, რომ ომი კიდევ უფრო მალე დასრულდეს, ვიდრე ველოდი".

რას ნიშნავს ომის დასრულება

ექსპერტი ვარაუდობს, რომ ომი მომავალი წლის ზაფხულამდე მაინც გაგრძელდება, მაგრამ მთელ რიგ მიმართულებებზე რუსებს მარცხი გარანტირებული აქვთ ბევრად უფრო სწრაფად.

უკრაინის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის პრეზიდენტმა არაერთგზის განმარტეს, რომ ომი დასრულდება მაშინ, როდესაც აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა ცნობილია, რომ უკრაინის ტერიტორიები მათ შორის რუსეთის ტერიტორიიდანაც იბომბება და შესაძლებელია მშვიდობის ამ პირობებში მიღწევა?

სამხედრო ექსპერტი განმარტავს, რომ სარაკეტო, განსაკუთრებით საარტილერიო დარტყმები ზოგადად მხარდამჭერ ელემენტად შეიძლება, მოვიაზროთ იმ დაჯგუფებისთვის, რომელიც შეჭრილია უკრაინის ტერიტორიაზე. შესაძლოა, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით გაგრძელდეს დარტყმები (როგორც მაგალითად, ბელგოროდიდან ისკანდერებით ხორციელდება ამჟამად), მაგრამ შემდეგში უკვე კონკრეტული გამშვები სისტემების განადგურება დადგება დღის წესრიგში.

„ამისთვის მთელი რიგი საშუალებები არსებობს, რომელთაც ადრე თუ გვიან მიიღებს უკრაინა“,– ფიქრობს ინაშვილი და დასძენს, “ცალკე აღებული სარაკეტო დარტყმები არ არის იმდენად საფრთხის მომტანი, როგორიც საარტილერიო ბრიგადა, რომელიც კონკრეტულ მიმართულებაზე დგას და ამუშავებს მოწინააღმდეგის პოზიციებს. ზოგადად, ავიაცია და არტილერია ბევრად უფრო დიდი დანაკარგის მომტანია და სახიფათო სამხედრო თვალსაზრისით, ვიდრე ცალკეული 10–12 ფრთოსანი თუ ბალისტიკური რაკეტა. მათ ფსიქოლოგიური ეფექტი მეტი აქვთ, ვიდრე სამხედრო. გარდა ამისა, მარაგი კრიტიკულ ზღვარს დიდი ხანია, გადასცდა“.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ თუ რუსეთი ჯარებს მთლიანად გაიყვანს უკრაინული ტერიტორიებიდან, მსგავსი დარტყმები აღარ გაგრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები