"რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯები გაუმჭვირვალეა, რაც რისკებს ქმნის, პატარა ქვეყანა ვართ"
13/09/2022 07:58:58 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯები გაუმჭვირვალეა, რაც რისკებს ქმნის".
„არის რამდენიმე ყველზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება სხვადასხვა წყაროდან. როდესაც ისინი გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით და აჩვენებენ პოლიტიკურ ამბიციას მით უმეტეს, მათ აქვთ მორალური ვალდებულება აჩვენონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი ხარჯები და არავითარი ინფორმაცია საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით არ აქვს, რაც რისკებს ქმნის. ჩვენი ქვეყანა პატარა სახელმწიფოა და ბუნებრივია, მოწყვლადია სხვადასხვა რისკების მიმართ. ასეთ დროს გამჭვირვალობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. არა მარტო პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ გამჭვირვალე ფინანსური თვალსაზრისით, იგივე ეხება არასამთავრობო ორგანიზაცებსაც, განსაკუთრებით ყველაზე დიდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. რატომ არის მათი საქმიანობა გაუმჭვირვალე ესეც, ბუნებრივია, კითხვებს აჩენს. რაც შეეხება ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დეზინფორმაციის გამოვლენაზე მუშაობენ, მაგალითად ასეთია factcheck, ხშირად თვითონ ავრცელებს დეზინფორმაციას, ფაქტობრივ ტყუილებს. მათაც აქვთ პირდაპირი პოლიტიკური ინტერესები. თუ გავყვებით მათ ფესვებს და დამფუძნებლებს, ძალიან მარტივად ამოვიკითხავთ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების უკან სახელებს და გვარებს, რომლებიც პირაპირ არიან დაკავშირებული რადიკალურ ოპოზიციასთან“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დღეს მთავრობა არ მუშაობს არავითარ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგულირების ჩარჩოში მოაქცევს, ან გახდის ვალდებულს, რომ ფინანსური წყაროების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს.
„კანონით დღეს მათ ვალდებულება არ აქვთ ხარჯების შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ, თუმცა, არსებობს ერთგვარი მორალური ვალდებულება, თუ საზოგადოებას მეტს ეტყვიან საკუთარი ხარჯების შესახებ, საზოგადოება დასკვნებს გამოიტანდა. აგვისტოში მათ გაავრცელეს თვითონ ეს დეზინფორმაცია და მერე ჩვენ გვიწევდა ამაზე პასუხის გაცემა. ესეც აჩვენებს მათი მუშაობის მეთოდებს და ეს არის სწორედ რუსული მუშაობის მეთოდები, რასაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იყენებენ. [რეგულირების] საკითხი არ განიხილება. პერსპექტივაში თუ რამეს განვიხილავთ, პირველი ჩვენ ვეტყვით ამას საზოგადოებას. არავითარი საკითხი რეგულირებასთან დაკავშირებით არ განიხილება“, - განაცხადა კობახიძემ.


