Accentnews.ge
ოპოზიციის ნაწილის რეაქცია ელექტრონულ არჩევნებზე

ოპოზიციის ნაწილის რეაქცია ელექტრონულ არჩევნებზე

13/09/2022 09:51:38 პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი ეხმიანება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილეებას 2024 წლისთვის არჩევნების ელექტრონულად ჩატარების თაობაზე.

როგორც "გირჩის“ წევრი დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, პარტია ელექტრონული არჩევნების წინააღმდეგი არაა, თუმცა "ქართველი ხალხი არ ფიქრობს 2 წელიწადში არჩევნები როგორ ჩატარდება, ახლა ხალხი სხვა რამეს ელოდება".

„ჩვენ ზოგადად, არ ვართ წინააღმდეგი ელექტრონული არჩევნების, პირიქით, ვითხოვდით კიდეც. უბრალოდ ახლა რა შუაშია? არჩევნებამდე დარჩენილია 2 წელი, გადამწყვეტ ფაზაშია რუსეთ-უკრაინის ომი, იწყება ახალი კონფლიქტი ჩვენს სამეზობლოში, მთელი სამყარო გვიცნობს, როგორც არა უკრაინის გულშემატკივარს, არამედ როგორც ყველაზე კარგ შემთხვევაში სილაში თავჩარგულს და ასეთ პირობებში, დგება გარდამტეხი მომენტები მსოფლიო პოლიტიკაში, რომლის ნაწილიც ჩვენ ვიქნებით, ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ვისაუბროთ, საკუთარი როლი ვიპოვოთ, არ ვიყოთ წაგებული რუსეთის მხარეს - ასე არ გამოჩნდეს, ამის ნაცვლად ვამბობთ, რომ ორ წელში იქნება ელექტრონული არჩევნები. ახლა სხვა რამეს ველოდებით, ახლა ქართველი ხალხი არ ფიქრობს იმაზე, 2 წელში არჩევნებს ელექტრონულად ჩავატარებთ თუ არა, ეს არ არის ახლანდელი გამოწვევა, ეს მგონია რეალური თემებიდან უმნიშვნელო თემაზე ყურადღების გადატანა. ელექტრონულად ხმის მიცემა - ამ სიტყვების ერთობლიობა არასაკმარისია რომ გიპასუხოთ, შეიძლება ახლდეს თუ არა ამას რაიმე უარყოფითი, ამისთვის უნდა ვიცოდე, ეს როგორ ხდება, რამდენად არის დაცული უსაფრთხოება, რომ არ მანიპულაცია მოხდეს", - განაცხადა ხვიჩიამ.

„ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარება კარგია, მაგრამ 100%-ით ელექტრონული უნდა იყოს.

“არჩევნების ელექტრონულად ჩატარება კარგია, მაგრამ ეს უნდა იყოს 100%-ით ელექტრონულად. 30%-ის დატოვება ნიშნავს იმას, რომ ამ პროცენტში შეეცდებიან მანიპულაციას და შესაბამისად, გაურკვეველია, რა პრინციპით უნდა მოხდეს 70%-ის 30%-ზე გაყოფა. თითქოს დიდ ქალაქებში უნდა იყოს და რეგიონებში არა, ეს ტოვებს იგივე რისკებს, რომელიც საქართველოში "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ არჩევნებს ახასიათებს. ამავდროულად, იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო იყოს კეთილსინდისიერი კონკურენციისთვის ელექტრონულად ჩატარება საკმარისი არ არის, ამისთვის აუცილებელია ადმინისტრაციული რესურსის ფართოდ გავრცელებული მეთოდების გამოყენების აღკვეთა, ასევე აუცილებელია კრიმინალური დაჯგუფებების გამოყენების პრაქტიკის შეწყვეტა, რასაც "ქართული ოცნება" ბოლო არჩევნებზე აკეთებს. ელექტრონული არჩევნები არასაკმარისია სამართლიანი არჩევნებისთვის, რადგან გარემო არის ასევე მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ხმის მიცემის პროცესი. საარჩევნო გარემო უნდა იყოს სამართლიანი, რაც დღემდე არ გვქონია და ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ",-განაცხადა ჯაფარიძემ.

"მოქალაქების" წევრი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "თუ “ქართული ოცნება“ ელექტრონულ სისტემას შეიძენს, საარჩევნო დღის მაიმუნობები ისტორიას ჩაბარდება".

“ძალიან კარგი იქნება, თუ არჩევნებზე ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანები დაიდგმება, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნახევრ საათში ყველამ შედეგები იცოდა. ძველი საანგარიშოებითა და დომინოს ქვებით თვლა დამთავრდა, არჩევნების შედეგებს მეორე დილამდე რომ ვერ თვლიდნენ ხოლმე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, რუსთავსა და ბათუმში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას არცერთი საჩივარი არ დაუწერია.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ "მმართველი პარტიის პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ".

მისი თქმით, "საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა, სულ მცირე, 70%–ს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S