Accentnews.ge
„სამშობლოს წინაშე დანაშაული უნდა გამომესყიდა“: უკრაინელი სამხედროს ისტორია

„სამშობლოს წინაშე დანაშაული უნდა გამომესყიდა“: უკრაინელი სამხედროს ისტორია

13/09/2022 15:00:55 ეს საინტერესოა

ალექსანდრე პროსკურინი უკრაინის შეიარაღებული ძალების 92-ე ბრიგადის ჯარისკაცია. დაიბადა და გაიზარდა კრამატორსკში. ყვება, რომ მაედნის მოვლენების დროს 25 წლის იყო, ხარკოვში ცხოვრობდა, მუშაობდა, მეგობრებთან ერთად „კარგ ფულსაც“ აკეთებდა და სრულებით არ ესმოდა, რა ხდებოდა, მეტიც – შეიძლება, ითქვას, "რუსულ სამყაროს" უჭერდა მხარს.

„ვუყურებდი ახალ ამბებს და ვფიქრობდი: "რატომ გამოვიდნენ კიევში? როდის დაიშლებიან?". მოგვიანებით კრამატორსკში დავბრუნდი და იქ უკვე ძლიერად დაიწყო „ტვინის გამორეცხვის“ პროცესი“,– იხსენებს პროსკურინი და დასძენს, რომ ომში წასვლაც კი სურდა დონბასელი სეპარატისტების მხარეს საბრძოლველად და ამ მიზნით შესაბამის ადგილობრივ განყოფილებასაც რამდენჯერმე მიაკითხა: „ვუთხარი, მსურს, დავიცვა რუსული სამყარო და დონბასი ნაცისტებისა და ბანდიტებისგან“.

სამხედრო ფიქრობს, რომ მაშინ ღმერთმა იხსნა საშინელი გადაწყვეტილებისგან: პირველად მისვლის დროს იარაღი არ ჰქონდათ, მეორედ ბლანკები, მესამედ მისვლისას იარაღი და ბლანკები იყო, თუმცა კაცი, რომელსაც ის უნდა გაეფორმებინა, გასული აღმოჩნდა და ერთი საათით სთხოვეს დალოდება, ისიც ელოდა, თუმცა მეგობრებმა დაურეკეს და იმ დღესაც ვერ მოასწრო უკან დაბრუნება.

„მეორე დღეს კი ქალაქი გაათავისუფლეს. დავდიოდი ვფიქრობდი, „ახლა რუსულენოვანებს დახოცავენ–მეთქი“ [თავად რუსულენოვანია]. ველოდი ერთი დღე, ორი, სამი...და არაფერი ხდება. ამ დროს იწყებ გაცნობიერებას, რომ გატყუებდნენ. თუ რუსეთი ყოველთვის ნათელი მხარე იყო, უკრაინა კი – ბნელი, მაშინ რატომ ამცირებდნენ უკრაინას? შავი კიდევ უფრო შავი რატომ უნდა გახადო? ხვდები, რომ ყველაფერი, რაცაც გიამბობდნენ, არ მოდის შესაბამისობაში იმასთან, რასაც ხედავ. იწყებ ფიქრს, ეცნობი ინფორმაციას და ხვდები, რომ შენ, სულელი, კინაღამ გამოიყენეს. უფრო ზუსტად, თავად მიეცი შენი გამოყენების საშუალება.

მაშინ ვცხოვრობდით ნარატივით, თითქოს დონბასი კვებავს უკრაინას. ხალხს ამის სჯეროდა. ჯერ კიდევ სკოლაში, მეათე კლასში დავწერეთ ესე თემაზე „უკრაინა - ვისთან იქნებოდა უკეთესად?“ და მახსოვს, დავწერე: „რა თქმა უნდა, რუსეთთან. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ".[...]

ვფიქრობ, ყველაფერი უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან დაიწყო: შეიქმნა კაზაკთა უამრავი წრე, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვართ რუსეთი, ჩვენ ვართ ერთნი – რუსი ხალხი, რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით და ერთად უნდა დავრჩეთ. მე თავადაც მჯეროდა ამის“,– ყვება ალექსანდრე.

ის ამბობს, რომ რუსულენოვანი იყო, თუმცა ამის გამო არავის უსაყვედურია, უფრო პირიქით ხდებოდა 2014 წლამდე აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინულ ენაზე საუბრის შემთხვევაში:

„ახლა ვცდილობ, მხოლოდ სახელმწიფო ენაზე ვისაუბრო, მაგრამ ჯერ მაინც მიჭირს სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია [...]. სახელმწიფო ორგანოებში, თანამდებობის პირები მხოლოდ უკრაინულად უნდა საუბრობდნენ. ყველაფერი, რაც რეკლამასთან არის დაკავშირებული: აბრები, პლაკატები - ასევე უკრაინულ ენაზე უნდა იყოს. ხოლო რა ენაზე ისაუბრებენ ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში - ქუჩაში, სკვერში - არ აქვს მნიშვნელობა“.

„დანაშაული სისხლით უნდა გამომესყიდა“

„თქვენ ხედავთ, რომ ხალხი მთელი ქვეყნიდან მასობრივად მიემგზავრება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინის დასაცავად. ისინი ყველა მხრიდან მოდიან - დასავლეთიდან, ცენტრიდან, სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან. და სვამ კითხვას: "სახლში ხანძარი გაქვს, შემდეგ გარეთ რატომ დადიხარ და უყურებ, როგორ ცდილობენ შენი მეზობლები მის ჩაქრობას?“. გახსენდება, რომ შენს გამოყენებას ცდილობდნენ. მივხვდი, რომ საჭირო იყო სამშობლოს წინაშე ჩემი დანაშაულის სისხლით გამოსყიდვა. მივხვდი, რომ ვცდებოდი და ეს საქმით უნდა დამემტკიცებინა და არა მხოლოდ თხრობით, რომ უკრაინა მართალია, ხოლო რუსეთი რუსეთი არასწორი და კიევში ჯდომით და არაფრის კეთებით“,– განმარტავს ჯერ კიდევ 2015 წელს ომში წასვლის საკუთარ მოტივაციას სამხედრო. ამბობს, რომ რვაწლიანმა ომმა არ დაღალა და არც 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრა იყო მისთვის მოულოდნელობა და თუკი რვა წლის წინ აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისას უკრაინული არმიის მდგომარეობა მისი შეფასებით, უკიდურესად სავალალო იყო, ამჟამად ვითარება კარდინალურად შეცვლილია, მათ შორის – აღჭურვილობის გათვალისწინებით.

„დილით მეგობარმა „აქილევსმა“ (სამწუხაროდ ახლა გარდაცვლილია) დამირეკა და მითხრა: „დაიწყო“. სულ ესაა“, – იხსენებს 24 თებერვალს ალექსანდრე და კითხვის საპასუხოდ აგრძელებს, რომ „წავიდე“ თუ არ წავიდე“ მის წინაშე მსგავსი არჩევანი არ მდგარა: „რას ჰქვია არ წავიდე?!“.

„დილის 6:30 საათზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში უკვე უამრავი ხალხი იყო. ჩვენ თავად წავედით დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ. შემდეგ ჩვენს ჯგუფთან ერთად ოთხი მანქანით წავედით სუმის რეგიონში, სადაც ჩვენი გუნდი მუშაობდა. 25 თებერვალს უკვე იქ ვიყავით. პირველ დღეებში გაურკვევლობის განცდა იყო: სადღაც რაღაც ზუზუნებს, სადღაც რაღაც მიდის. არ არსებობს სტაბილური ფრონტის ხაზი - მტერს სამი მხრიდან შეუძლია, მოგადგეს. ეს ცოტა მაშინებდა და მაბნევდა. მოგვიანებით, როდესაც უყურებთ ვიდეოებს, თუ როგორ იძაბებოდა მტერი კიევთან ან ჩერნიგოვის რეგიონში, უფრო ვხალისდებოდით. [...] იზიუმში დავასრულეთ ჩვენი საქმეები და ახლა ბახმუტში ვართ“.

დეოკუპაცია და ხალხის რეაქცია

სამხედრო იხსენებს, რომ მათი დამოკიდებულება ძალიან დასამახსოვრებელი იყო, თუმცა სხვადასხხვაგვარი:

„სუმის რაიონში, რომელიმე სოფელში შედიხარ, ადგილობრივები გეუბნებიან: „იარაღი მოგვეცით, მზად ვართ საბრძოლველად“, თითოეულ სოფელში გვყავდა ინფორმატორები. შედიხარ დასახლებაში, იწყება: „ღორს მოგცემთ“. ჩვენ ვეუბნებით, რომ ღორი არ გვჭირდება. „არა, წაიყვანეთ. ასე გადავწყვიტეთ და რაც გინდათ, უქენითო“. ვხუმრობდით კიდეც, რომ დასახლებებს საკვებისგან ვათავისუფლებდით. შედიხარ მეორე დასახლებაში და გეუბნებიან, "შეგიძლიათ, აქ დარჩეთ". 15 წუთში მთელი დელეგაცია მოდის ბორშით, ღვეზელებით - ფიზიკურად ამდენს ვერავინ შეჭამს. ერთი საათის შემდეგ უკვე მეზობელი სოფლის დელეგაცია მოდის: „ახლახან გამოვაცხვეთ 2 ყუთი ღვეზელი, საღამოს კი კიდევ სამი იქნებაო“. ამ დროს ხვდები, რომ რასაც აკეთებ, მას აზრი აქვს.

ხარკოვში, რა თქმა უნდა, უმრავლესობაც პროუკრაინულია, მაგრამ ზოგი არც ისე კარგად გვექცეოდა.

დონეცკში ბევრი ელოდა „განმათავისუფლებლებს“, ელოდა რუსულ სამყაროს. მაგრამ ეს ყველაფერი მანამ, ვიდრე დასახლების ოკუპაცია არ მოხდა და იქ რუსმა სამხედროებმა პოლიციასთან ერთად არ დაიწყეს ძრომიალი“.

როგორია სამხედროების საბრძოლო განწყობა

„ცხადია, დაღლილობა არის, მაგრამ ხალხი იბრძოლას აგრძელებს. აი, ჩვენ ბახმუტთან ვსხედვართ – ყრუ თავდაცვაში, ვიბრძვით და არ ვუშვებთ ქალაქის ხელში ჩაგდებას. ჩვენ გვიხარია, რომ სადღაც ჩვენი ძმები შეტევაზე გადადიან და ჩვენს ტერიტორიებს ათავისუფლებენ - ამის გულისთვის ღირს, ადამიანი დაიტანჯოს. [...]

ვფიქრობ, ეს იყო კარგად დაგეგმილი ოპერაცია [კონტრშეტევა]. თავდაპირველად ვთქვით, რომ ხერსონს შევუტევდით, მაგრამ რეალურად მთავარი დარტყმა ხარკოვის მხარეში მზადდებოდა, რომ ფრონტი ბახმუტ-ავდიივკის მიმართულებით არ ჩამოსულიყო“,– ამბობს ალექსანდრე.

რაც შეეხება რუს სამხედროებს, ალექსანდრე ამბობს: „ცხადია, არ მინდა, ისინი არასათანადოდ შევაფასო. ზოგადად, თუ ომის პირველ პერიოდს შევადარებთ, მათ განვითარება დაიწყეს – არტილერიასთან უფრო მეთოდურად და ზუსტად იწყებენ მუშაობას., მაგრამ ხალხი არ ჰყოფნით. იზიუმის მიმართულებით რუსი ტყვე გვყავდა – არ უმსახურია, კონტრაქტი გააფორმა, რათა კრედიტი დაეფარა. ჯავშანტრანსპორტიორის მძღოლობა სურდა, ჰუმანიტარული დახმარება რომ გადაეტანა, თუმცა ტანკის მძღოლად დანიშნეს. ისინი ნარო-ფომინსკში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდნენ ტრენაჟორებზე დღეში ერთი საათის განმავლობაში, შემდეგ 20 წუთის განმავლობაში ატარებდნენ ტანკებს ორიოდე დღე, იქიდან - უკრაინაში გამოუშვეს ბელგოროდის გავლით. კადიროველებს ვფიქრობ, რაღაცის გაკეთება შეუძლიათ.

როგორც არ უნდა იყოს, მათ ხალხი ეღუპებათ და გამოუცდელი ადამიანები მოდიან. ასეთი ბრიგადების ხარისხი მინინალურზე დაბლაა“.

უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ოდესმე გაუმჯობესდება?

„მე მჯერა, რომ რუსეთი ჩამოიშლება და იმედი მაქვს, რომ ნორმალური ურთიერთობა არასდროს გვექნება - ასეთი მეზობელი არ გვჭირდება! ამაზე ფიქრიც არ მინდა! ნორმალური ურთიერთობა შეიძლება, ნორმალურ ადამიანთან გქონდეს. იდიოტს ხომ არ დაუმეგობრდებით? აქ წლების განმავლობაში მთელი თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ იდიოტია. დაიწყებთ მასთან მეგობრობას იმედით, რომ ის ამოსწორდება? აზრი?“,– პასუხობს ჟურნალისტს ალექსანდრე.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ეს ახალ კონფლიქტს ხომ არ გამოიწვევს, მებრძოლი მიუგებს: „ღვთის გულისთვის, მოვლენ და კვლავ მიიღებენ პასუხს. ჩვენ ხომ ვიცით, რისთვის ვიბრძვით. 50 წლის შემდეგ რომც დაბრუნდნენ, ესე იგი, 50 წელიწადში კვლავ ვიბრძოლებთ. ეს არის ჩვენი ბედი. ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ მეზობლად გვყავს იდიოტი, რომელიც მხოლოდ მაშინ მშვიდდება, თუ სახეში უთავაზებ? გასაგებია, რომ ამ პროცესში ჩვენი ბიჭებიც იღუპებიან, მაგრამ რა, მშვიდად ვისხდეთ და არაფერი ვაკეთოთ?“.

ბრძოლის ველზე მყოფი ალექსანდრე ამბობს, რომ ის ბედნიერი ადამიანია:

„რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. მყავს ბევრი სამხედრო მეგობარი, ცოლი, მშობლები. ჩემს მოვალეობას ვასრულებ, რატომ უნდა ვიყო უბედური? რომც მომკლან, ცხოვრებაში რაღაც სასარგებლო გავაკეთე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S