პაპუაშვილი – „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე: “სრულად შეესაბამება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას”
14/09/2022 07:51:32 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებების მიღება ევროკავშირის დირექტივაა.
„ამ კანონის მიღება განპირობებულია ევროკავშირთან დაახლოებით. ეს გახლავთ ევროკავშირის დირექტივის იმპლემენტაცია საქართველოში. მათ შორის, ევროკომისიამ რამდენჯერმე მოგვმართა წერილით, რომ მოგვეხდინა ამ დირექტივის იმპლემენტაცია. თუკი არ მოხდება ოქტომბრამდე ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შეეზღუდება წვდომა შემოქმედებითი ევროპის ფონდებზე. უფრო მეტიც, თუ არ მოვახდენთ ამ დირექტივის იმპლემენტაციას, საერთოდ გავირიცხებით შემოქმედებითი ევროპის გაერთიანებიდან და არ გვექნება საერთოდ წვდომა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პროექტი, რომელიც წარმოდგენილია არის შესაბამისობაში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან. ეს პროექტი პარლამენტში 2018 წლიდან არის ინიცირებული და შემუშავებულია ევროკავშირის ექსპერტების მიერ და მათი დახმარებით. 2018 წელს დირექტივაში შევიდა ცვლილებები და მოხდა პროექტის შესაბამისობაში მოყვანა დირექტივასთან და ინიცირება. რაც შეეხება განხილვებს, ვიცი ის წუხილები და კითხვები, რაც არსებობს. საკითხი საბოლოო ჯამში ღია ფორმატში განიხილება, ყველა ვიქნებით მომსწრე ამ განხილვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის ასახვაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში იგეგმება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, „მაუწყებლობის შესახებ” კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება - „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს.
„მედიაომბუდსმენი“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გააუარესებს მედიის უფლებრივ მდგომარეობას.
„მედიაომბუდსმენის“ განცხადეებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ შემოთავაზებული პაკეტი წარმოადგენს 2018 წლის 28 დეკემბერს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „გაუარესებულ ვერსიას, რომელიც მკაცრად იყო გაკრიტიკებული მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ“.


