დეპუტატები ყოფილი მოსამართლის ინტერვიუზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ
14/09/2022 12:57:15 პოლიტიკა
პარლამენტის ხუთი დეპუტატი: ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავენ, დაიწყოს გამოძიება ყოფილი მოსამართლის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე.
"დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" გვერდზე გავრცელდა ინტერვიუ ყოფილ მოსამართლესთან, რომელიც დღეს ემიგრაციაში იმყოფება, გამომდინარე იმ კლანური სისტემიდან, რაც სასამართლოში გვაქვს, პარლამენტის 5- მა დეპუტატმა მივმართეთ გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რამდენადაც ინტერვიუში ყოფილი მოსამართლის მონათხრობი შეიცავს ინფორმაციას სასამართლო სისტემის მართვაში დანაშაულებივი მეთოდების გამოყენების შესახებ. კანონმდებლობის თანახმად, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების შესახებ გამოძიების დაწყების საფუძველია და ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ შოთაძეს, რომ ინტერვიუში დასახელებული ფაქტების შესწავლა მოახდინოს და საქმეზე სიმართლის დადგენის მიზნით უზრუნველყოს საკითხის სწრაფი, ეფექტიანი და ყოველმხრივი გამოძიება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, "ინტერვიუ არის სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი მხილება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს სისტემა დანაშაულებრივი მეთოდებით იმართება".
დეპუტატი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ "ინტერვიუში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზეცაა საუბარი".
„არჩევანს შეწირული კარიერა“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა ინტერვიუ ყოფილ მოსამართლე ანა ღელეყვასთან. იგი ყვება, რომ დანიშვნების დროს მთავარი კრიტერიუმი "მათდამი ერთგულება იყო" და ეს მას ლევან მურუსიძემ, რომელიც მაშინ იუსტიციის საბჭოს მდივნის თანდებობას იკავებდა, პირდაპირ უთხრა.
"როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან ვითხოვე შეხვედრა. იმ დროს მურუსიძე გახლდათ და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინო? ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა: იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო. აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი? სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო - მომიგო. - მომავალში რა მოტივაცია ექნებათ [სხვა მოსამართლეებს] მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი", – აღნიშნავს ყოფილი მოსამართლე. ამავე ინტერვიუში მოსამართლე აცხადებს, რომ საქმე ეხებოდა არჩევნებს, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ლევან თევზაძე აირჩიეს.


