მოსკოვს საქართველოს ხელისუფლების მიერ "პრაგმატული მიდგომის" გაგრძელების იმედი აქვს
14/09/2022 14:49:56 პოლიტიკა
მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტირუსული სანქციებისადმი მიერთების საკითხში "პრაგმატულ მიდგომას" მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ის საქმეთა მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა.
პრესკონფერენციაზე "რია ნოვოსტის" ჟურნალისტმა რუს დიპლომატს მიმართა კითხვით, "არის თუ არა თბილისის მიერ სანქციებთან არ მიერთება ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი ვერ მიიღო?".
"სჯობდა, ეს კითხვა ბრიუსელისთვის და ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებისთვის დაგესვათ, რომლებიც ივნისში ამ საკითხს წყვეტდნენ. რაც შეეხება ევროკავშირის მიერ შემოღებულ არალეგიტიმურ ანტირუსულ რესტრიქციებს, მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კარგადაა ცნობილი, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა, ქართველი ხალხისა და ეროვნული ბიზნესის ინტერესებიდან და არა გარედან თავსმოხვეული კონფრონტაციული სქემებიდან გამომდინარე, კვლავაც გაგრძელებს პრაგმატულ მიდგომას" - აღნიშნა მან.
გონჩარმა ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს დიალოგზე, რომელიც, მისი თქმით "ორი ქვეყნის ურთიერთობებში ყველა პერიპეტიის მიუხედავად, არ შეწყვეტილა".
"თბილისთან ურთიერთობების მნიშვნელოვან არხად გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრების არაფორმალური მექანიზმი რჩება", - აღნიშნა გონჩარმა.
"საკარანტინო ღონისძიებების გათვალისწინებით, 2020 წლიდან ეს შეხვედრები დისტანციურ რეჟიმში ტარდებოდა. ბოლო (ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით) 2021 წლის ნოემბერში ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა. მას შემდეგ კონტაქტი სატელეფონო კავშირის მეშვეობით ნარჩუნდებოდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების ნორმალიზების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დგება პირისპირ შეხვედრის ჩატარების საკითხი" - განაცხადა გონჩარმა.
მისივე თქმით, უკვე რეალიზებულ შეთანხმებებს შორისაა "რამდენიმე რუსულ-ქართული უწყებათაშორისი კონსულტაციის ჩატარება საზღვარზე საქართველოს სამხედრო გზაზე არსებული გამშვები პუნქტების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფის საკითხებზე.
რეალიზებულ შეთანხმებებს შორის გონჩარმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად, 2021-2022 წწ ჩრდილოეთ ოსეთიდან ყაზბეგის რაიონში მდებარე თრუსოს ხეობაში მომლოცველთა ვიზიტების ერთობლივი ორგანიზება დაასახელა. "ეს ადასტურებს მოსკოვისა და თბილისის უნარს, კეთილი ნების სულისკვეთებით მიაღწიონ ურთიერთგაგებას ესოდენ სენსიტიურ საკითხებშიც" - დასძინა გონჩარმა.


