14-09-2022 19:07:28 საგარეო პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკმაყოფილება გამოთქვეს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი 2022-ის (Noble Partner 2022) ფარგლებში მუშავდებოდა NATO-ს მძიმე ტექნიკის ევროპიდან საქართველოში გადატანა.
"მოსკოვში ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ცოტა ხნის წინ დასრულებულ Noble Partner 2-ის ორკვირიანი მარავალეროვნული ვარჯიშების ფარგლებში შემუშავებული იყო [NATO-ს] ბლოკის მძიმე სამხედრო ტექნიკის ევროპიდან საქართველოში გადასროლა, ამჯერად სახმელეთო გზით, თურქეთის გავლით". – განაცხადა რუსულ პროპაგანდისტულ მედიარესურსთან რუსეთის საგარეო სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირქეტორმა დენის გონჩარმა.
მისი თქმით, მოსკოვი ხედავს საქართველოს NATO-ში "ჩათრევის" განგრძობით კურსს, "მათ შორის, ქვეყნის თანამედროვე სახის შეიარაღებით გატენვითა და აშშ-ისა და ალიანსის ქვეყნების მონაწილეობით, მის ტერიტორიაზე რეგულარული სამხედრო სწავლებების ჩატარებით".
როგორც რუსი საჯარო მოხელე ირწმუნება, ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ რუსეთისა და მისი მოკავშირეების ინტერესებისთვის, არამედ ეს "უქმნის სერიოზულ საფრთხეს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მთელ სამხრეთ კავკასიაში":
"საქართველოსთვის "არსებითი დახმარების" მომხრეები უნდა აცნობიერებდნენ საკუთარი პასუხისმგებლობის ზომას და ესმოდეთ, რომ თბილისისა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების პრინციპული მომენტები ჩვენი მხრიდან ყველაზე სერიოზული სახით იქნება გათვალისწინებული".
ღირსეული პარტნიორი 2022 საქართველოში სექტემბრის პირველ ნახევარში ჩატარდა. ამ წვრთნებს საქართველომ უკვე მეექვსედ უმასპინძლა.
ღირსეული პარტნიორი 2022-ის მიზანი იყო საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
ისტორიაში პირველად, სწავლებაში წელს მონაწილეობა მიიღეს იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმაც.
სწავლებაში მონაწილეობდა საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიტვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიტვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები.