Accentnews.ge
უნდა დავფიქრდეთ, იქნებ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საერთოდ არ არის საჭირო – ხვიჩია

უნდა დავფიქრდეთ, იქნებ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საერთოდ არ არის საჭირო – ხვიჩია

14/09/2022 15:31:40 პოლიტიკა

უნდა დავფიქრდეთ, იქნებ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საერთოდ არ არის საჭირო - ამ იდეას არსებობის უფლება აქვს, - ამგვარია “გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას პოზიცია, რომელიც მან პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციების დროს “ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ავთანდილ ენუქიძემ სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივა დააყენა, რასაც თავადაც მხარი დაუჭირა.

“მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება სწორი ინიციატივა იყოს. თუ ამ მიმართულებით არ მივდივართ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, პროცესში ხომ არ ჩაერთოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობა, ამას ავთანდილ ენუქიძემ მხარი დაუჭირა, რაც შეხვედრაზე ყველაზე საინტერესო იყო. სახალხო დამცველის ინსტიტუტი გვაქვს, მაგრამ დემოკრატია არ დუღს - სულ გვქონდა და არასდროს დუღდა“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეხვედრის შემდეგ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ტექსტი შეთანხმებულია.

მისი თქმით, ბრძანების ტექსტი მხოლოდ პროცედურული დოკუმენტია, მასში გაწერილია სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევი კანდიდატებისთვის ფორმალურ მოთხოვნები, რათა განაცხადები შეიტანონ.

რაც შეეხება კანდიდატთა შეფასების კომისიას, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, შეფასების კომისიასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება და პარლამენტის თავმჯდომარე ამის შემდეგ იტყვის, ვინ იქნება კომისიაში:

“შეფასების კომისია, რომელიც სამომავლოდ შეიქმნება, კანდიდატებს შეაფასებს. შეფასება კანდიდატების რაიმე ფორმით დაბლოკვას არ გულისხმობს. ყველა კანდიდატი, რომელიც ფორმალურ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პარლამენტში მოხვდება და მათ შესახებ პარლამენტი იმსჯელებს“.

ცნობისთვის, მომავალი სახალხო დამცველის არჩევის წესსა და პროცედურულ საკითხებზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა.

ბრძანებას შალვა პაპუაშვილი სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს და ასევე სავარაუდოდ, ხვალიდან კანდიდატების მიღება გამოცხადდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S