ღარიბაშვილი: „რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა“
14/09/2022 16:18:25 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის მიერ საქართველოსთვის შექმნილ გამოწვევებზე ისაუბრა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინაზე რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის, ჩვენს რეგიონშიც:
„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ ვითარებაში, რთული დრო გვაქვს დღეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში: რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის, ჩვენს რეგიონშიც, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოსცადა ასეთი ომი 2008 წელს და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი – ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, მას შემდეგ ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციების თავიდან აცილება და პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას“.
ამასთან, ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად შესაძლებლობების ფარგლებში:
„ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ უკრაინას: ჩვენ ვართ სოლიდარულები მათ მიმართ, გავაგზავნეთ 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მხარი დავუჭირეთ ძალიან ბევრ რეზოლუციას, მხარდამჭერ განცხადებას უკრაინის მიმართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში".


