
ღარიბაშვილი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე: "დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს"
14/09/2022 18:05:23 კავკასია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიაში კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე:
„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები არიან და რაც ხდება ამ ქვეყნებში ჩვენთვის მიუღებელია და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წარმატებული მედიაცია გვქონდა, ორ სახელმწიფოს შორის, როცა პირადად ჩემი ჩართულობით 15 სამხედრო ტყვეს გათავისუფლება შევძელით აზერბაიჯანის მიერ და სომხეთმა სანაცვლოდ გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. მინდა ვთქვა, რომ ზოგადად, ყველა ის ქმედება, რომელიც უსაფრთხოების გარემოს შეცვლის, გააუარესებს, უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილის საბაბი და მიზეზი, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას, მაგიდასთან დასხდებიან და ეს კონფლიქტი მალე ამოიწურება“.
ოლაფ შოლცმაც აღნიშნა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს:
„ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. ეს მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ გვაქვს იმედები. ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ახლა საფრთხეშია, მაგრამ ევროკავშირმა და ჩვენც, ჩვენმა ქვეყანამაც და სხვა ქვეყნებმაც, საქართველომაც უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გავხადოთ. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სადღაც მსოფლიოში შეიძლება გაჩნდეს სირთულეები, რომლებსაც აქვთ შედეგები ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევეწინააღმდეგოთ ყველას, ვინც დეგლობალიზაციის მომხრეა. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, უნდა ივაჭროს ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მომხრეები ვართ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას გაზთან დაკავშირებით, ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში და ამისათვის ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას ევროპაში, რომელიც ურთიერთგაცვლას და იმპორტს შესაძლებელს გახდის. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებებს გაზის მოწოდების შესახებ. ეს არის რაც ჩვენ ვისწავლეთ აქედან და ეს მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვიღებთ. ჩვენ გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან, ნიდერლანდების, ბელგიისა და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი. შტადში და სხვა ჩრდილოეთ გერმანულ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავზარდოთ გაზის იმპორტი საქართველოში და მივაღწიოთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს”.
კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც:
„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები არიან და რაც ხდება ამ ქვეყნებში, ჩვენთვის მიუღებელია და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს. მე ასევე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ წარმატებული მედიაცია გვქონდა, ორ სახელმწიფოს შორის, როცა პირადად ჩემი ჩართულობით 15 სამხედრო ტყვეს გათავისუფლება შევძელით აზერბაიჯანის მიერ და სომხეთმა სანაცვლოდ გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. მინდა, ვთქვა, რომ ზოგადად, ყველა ის ქმედება, რომელიც უსაფრთხოების გარემოს შეცვლის, გააუარესებს, უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილის საბაბი და მიზეზი, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას, მაგიდასთან დასხდებიან და ეს კონფლიქტი მალე ამოიწურება“.
***
13 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება გამწვავდა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი გაიხსნა საზღვრისპირა ქალაქების: სოტკის, ვარდენისის, გორისის, კაპანის, არტანიშის და იშხანასარის მიმართულებით. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები და ყუმბარმტყორცნები, დარტყმები კი მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა.
თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარზე "მასშტაბური დივერსია" განახორციელეს, კერძოდ, ღამის საათებში აზერბაიჯანული არმიის მომარაგების გზები დანაღმეს, რასაც ბრძოლა მოჰყვა. ბაქო უარყოფს ერევნის ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.
კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით ერევანმა დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციას, გაეროს უშიშროების საბჭოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) მიმართა.
რუსეთმა ერევანს საპასუხოდ განუცხადა, რომ "სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს".
დღეს ცნობილი გახდა, რომ ОДКБ-ის სომხეთში გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით სპეციალური მისია ჩავა და სიტუაციას ადგილზე შეისწავლის.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო 14 სექტემბერს იწუეყბა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება ღამის განმავლობაშიც გაგრძელდა, დღეს დილიდან კი აზერბაიჯანმა სომხეთის დაბომბვა განაახლა.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს–სპიკერის თქმით, "წუხელ აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ჯერმუკის არეალში, ხოლო დღეს 08:00 საათიდან ჯერმუკისა და ვერინ შორჟას მიმართულებით არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით დაიწყო სროლა". ერევანში აცხადებენ, რომ თავადაც მიმართეს საპასუხო ზომებს.
აზერბაიჯანი კი დაპირისპირების განახლებაში სომხეთს ადანაშაულებს. ბაქოში აცხადებენ, რომ "ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით“, მათ კი „საპასუხო ზომებს მიმართეს".