კობახიძე განმარტავს, რატომ ისაუბრა "მეორე ფრონტის" გახსნაზე პლებისციტის ჩატარების შესახებ

15-09-2022 10:59:34 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაზე 13 სექტემბერს ნათქვამი მისი მხრიდან "სარკაზმი და მცირე ირონიაც" იყო:

"რეალირად სარკაზმი იყო, ბუნებრივია, ამ განცხადებაში. მცირე ირონიაც, შეიძლება“, – განაცხადა კობახიძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.

„ჩვენ ვიცით და ეს კვლევებითაც ჩანს, რომ საზოგადოება არის ომის წინააღმდეგი. ბევრი ამბობს, რომ ნებისმიერი საზოგადოება არის ომის წინააღმდეგი. ეს ასე არ იქნება. შეიძლება, კონკრეტულ ვითარებაში, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, საზოგადოება იყოს ომის მომხრე — გააჩნია, რა სჭრიდება ქვეყანას. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ომი სხვადასხვა მიზეზების გათვალისიწნებით, ქართულ საზოგადოებას არ უნდა ომი, თორემ ისტორიულად ქართველებს არასდროს უჭირდათ ბრძოლაში შესვლა. 2008-შიც მთელი საზოგადოება გულით ჩართული იყო ყველა პროცესში და 90-იან წლებშიც იცავდნენ სამშობლოს. ქართულ საზოგადოებას ამის არც პრობლემა არა აქვს და ყველანაირი მოტივაცია აქვს, რომ სადაც სამშობლოს სჭირდება, იქ ომშიც შევიდეს. ამიტომ ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რომ ამბობენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ საზოგადოებას რომ ჰკითხო, ომი არ უნდაო. თუ საჭიროა ომი, უნდა იომო“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია შესაძლო შედეგები.

„ერთი ფაქტორია, რომ ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ, მათ შორის, რესურსების კუთხით. რა მოუტანს შესაძლო ომი საქართველოს? კიდევ ერთი ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რასაც, ბუნებრივია, საზოგადოებაც ითვალისწინებს… თეორიულად რომ დავუშვათ, ჩვენ გვიწევს ომი ცხინვალში, აფხაზეთში, ასეთ დროს შენ ომში შედიხარ არა მხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან, რაც ჩვენ გამოვიარეთ 30 წლის წინ და ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ძმათა მკვლელი ომი, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. როდესაც საუბარი იყო პლებისციტზე, ამის უკან იდგა ის, რომ საზოგადოებას, ქართველ ხალხს არ უნდა ომი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგების და იმის გათვალისიწნებთ, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლა და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. როდესაც საუბარია დეოკუპაციაზე, აქ ღირებულებებიც მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ფასეულობა კი, ჩვენთვის უნდა იყოს იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ხელოვნურად ჩაჭრეს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის. ამას უნდა გავუფრთხილდეთ და აქედან გამომდინარე, არ უნდა დავუშვათ არავითარი ომი, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იარაღით ხელში ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები. როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: 13 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვის განზრახვაში და შემდეგი აღნიშნა:

„ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ გამოკითხვა, პლებისციტი, ხალხს უნდა თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. რასაც იტყვის ხალხი, იმას შეიძლება გავყვეთ, ვნახოთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები