
აშშ რეგიონს ტოვებს, რუსეთი ძლიერდება: რას უქადის სირიული კრიზისი საქართველოს
14/10/2019 13:28:36 თვალსაზრისი, ინტერვიუ
სირიაში მიმდინარე თურქულ ოპერაციას, გარდა ჰუმანიტარული კრიზისისა და ადამიანური მსხვერპლისა, კიდევ ერთი მძიმე შედეგი მოჰყვა. ვრცელდება ცნობები, რომ ქურთების მიერ კონტროლირებადი ციხეებიდან „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები გაიქცნენ. ამასთან, ქურთები იმუქრებიან, დაცვა მოუხსნან დანარჩენ ციხეებსაც, თუ თურქეთი სამხედრო ოპერაციის წარმოებას არ შეწყვეტს. ვითარება კრიზისულია. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეძლო ციხიდან თავის დაღწევა და არიან თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები. სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში კი ვრცელდება ცნობები, რომ ბანაკებიდან, რომლებიც დაბომბვებში მოჰყვნენ, ქურთებმა დაცვა მოხსნეს და ბრძოლის წინა ხაზზე გადაისროლეს, „ისლამური სახელმწიფოს“ მებძოლები გაიქცნენ, ხოლო ბანაკებში მყოფ ჩრდილოეთკავკასიელ ქალებსა და ბავშვებს მიუთითეს (ვინაიდან ისინი რეგიონს არ იცნობენ), რომ „მათი საკითხი გარკვეულია“, დარჩნენ ადგილზე, ხელთ ჰქონდეთ თეთრი დროშები და თურქ სამხედროებს ჩაჰბარდნენ.
გარდა იმისა, რომ „ისლამურ სახელმწიფოში“ საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძოდა, ქვეყანას მის უჯრედებთან რამდენჯერმე უშუალოდ მოუწია შეხება: ამ წლების განმავლობაში ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. ყველაზე მძიმე შემთხვევა 2017 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში შემოსვლა აშშ-ის მიერ ყველაზე საშიშ ტერორისტთა სიაში შეყვანილმა ახმედ ჩატაევმა და მისმა თანამოაზრეებმა შეძლეს. მაშინ სუს-მა გააკეთა განაცხადი, რომ ჩატაევი ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდა, თუმცა ამ ეტაპზე მაინც დაუზუსტებელია, ეს გეგმა თვითშემოქმედება იყო, თუ დავალება.
საპატიმროებიდან ტერორისტების გაქცევის შემდეგ ექსპერტები რეგიონში საფრთხის დონის მომატებას პროგნოზირებენ. ეხება თუ არა ეს საფრთხე საქართელოს, რაზე მიანიშნებს რეგიონში მიმდინარე პროცესები, თმობს თუ არა აშშ პოზიციებს და როგორ აისახება ეს საქართველოზე? - ამ და სხვა საკითხებზე "აქცენტი" აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.
ზურაბ ბატიაშვილი: შექმნილი არეულობით ისარგებლეს და ქურთების მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ციხიდან გაიქცა „ისლამური სახელმწიფოს“ 800-მდე მებრძოლი, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად თურქეთისკენ გაემართა. მოგეხსენებათ, ტერიტორიულად ყველაზე ახლოს თურქეთია. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვიცით, რამდენია მათ შორის საქართველოს მოქალაქე, რამდენი ჩრდილოეთ კავკასიელი. ჩვენ გვაქვს ცუდი გამოცდილება ახმედ ჩატაევსა და მის რაზმთან დაკავშირებით და ეს შესაძლოა, ისევ განმეორდეს. როგორც წესი, მებრძოლები ყოველთვის არ იბრძვიან, მათ სჭირდებათ ადგილი ძალების მოსაკრებად შემდგომში გადაჯგუფებისთვის. როგორც ჩატაევის შემთხვევაში ვნახეთ, ისინი ეძებენ სუსტ რგოლს და შესაძლოა, ასეთ სუსტ რგოლად განიხილონ საქართველო. საქართველოსთან ერთად, მსგავს სუსტ რგოლად განიხილება უკრაინაც. ამდენად, მათი ძირითადი მიმართულებები საქართველო და უკრაინაა, ვინაიდან ევროპაში რთულდება შესვლა.
გარდა ხსენებული 800 მებრძოლისა და მათი ოჯახის წევრებისა, სირიის ტერიტორიაზე, ქურთების მიერ კონტროლილრებად ციხეებშია კიდევ 3 000-მდე მებრძოლი ოჯახის წევრებითურთ. მსოფლიო დგას საფრთხის წინაშე, ისინიც გაიფანტონ. ხოლო გაფანტვის შემდეგ რომელ მათგანს რა მოუვა თავში, რთული განსასაზღვრია. ამ მებრძოლების შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვთ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს - სპეცსამსახურებს და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან დაიწყონ აქტიური კომუნიკაცია, რადგან როგორც უკვე ვთქვი, არ არის გამორიცხული, გაქცეულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.
- ამ შემთხვევაში წარმომავლობას რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა?
- ვიცით, რომ უკანასკნელ წლებში „ისლამური სახელმწიფო“ შესუსტდა და ალბათ, მისთვის მნიშვნელოვანი იქნება განაცხადის გაკეთება „აღზევების“ თაობაზე. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში გადასვლა რთულია, შესაძლოა, სხვა ტერიტორიები გამოიყენონ ამისთვის და არა მხოლოდ მკურნალობისა და ძალების მოკრებისთვის. იგივე ჩატაევის შემთხვევაშიც იყო საუბარი, რომ საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან გეგმავდნენ ტერორისტულ აქტებს… მათ უპირატესობა იმ კუთხით აქვთ, რომ გზებს, აქაურ სიტუაციას იცნობენ, ექნებათ კავშირებიც. ის, ვინც გარემოს არ იცნობს, ფრთხილობს, ამდენად, ამ მიმართულებით გადაადგილება შესაძლოა, მისთვის პრიორიტეტი არ იყოს. ამიტომ აქვს მნიშვნელობა, ვიცოდეთ, რა წარმომავლობის არიან გაქცეული მებრძოლები.
რაც შეეხება მოსალოდნელ ტერორისტულ აქტებს, „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტული ორგანიზაციაა და მთავარი მიმართულება ამ კუთხით აქტივობაა. მათი პრიორიტეტია დასავლეთ ევროპის ცნობადი ქვეყნები და ქალაქები, მაგრამ ბევრი ვერ შეძლებს იქ ჩაღწევას, ამდენად მოსალოდნელია, რომ სხვა მიმართულებებზე იფიქრონ. ხოლო სამიზნე შესაძლოა, იყოს დიპლომატიური უწყებები, უცხოური კომპანიები, სავაჭრო ცენტრები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტურისტული ადგილები, ანუ ადგილები, რომლის „წყალობითაც“ მათი აქტივობა ბევრი მედიაორგანიზაციის ნიუსში მოხვდება და მათ „ცნობადობას“ აამაღლებს. ეს იქნება ერთგვარი განაცხადი „აღზევების“ თაობაზე.
- თავად მიმდინარე პროცესს, მათ შორის აშშ-ის გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ, სირიიდან თავისი ძალები გაეყვანა?
- ბუნებას სიცარიელე არ უყვარს. აშშ-ის გასვლის შემდეგ ამ ტერიტორიებს იკავებენ ასადის რეჟიმი და დიდწილად რუსული სამხედრო ნაწილები. სიტუაციაში მოგებულად რუსეთი გამოდის: ის ცდილობს, შეიქმნას იმიჯი, რომ არის ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ძალუძს “მშვიდობის” დამყარება, მედიატორის როლის შესრულება და პრობლემების მოგვარება. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან იგივე სირიაში, სადაც დღესაც მიმდინარეობს მოსახლეობის დაბომბვა, რის შედეგადაც უიარაღო ქალები და ბავშვები იხოცებიან, მთავარი მოქმედი პირი სწორედ რუსეთია და დანაშაულს, რომელიც მას კაცობრიობის წინაშე აქვს ჩადენილი, კრემლი ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავს.
- ზოგად სურათზე რომ ვისაუბროთ, აშშ რეგიონში პოზიციებს თმობს?
- რა თქმა უნდა, დასავლეთი თმობს პოზიციებს და მის ადგილს იკავებს რუსეთი. ეს რეალობაა და დამაფიქრებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ისრაელისთვისაც, რომელიც ამერიკის მთავარი მოკავშირეა რეგიონში. ღრმად გასაანალიზებელი პროცესია, თუ რა და როგორ მოხდა. მართალია, მცირერიცხოვნად, მაგრამ ადგილზე ამერიკასთან ერთად წარმოდგენილები იყვნენ საფრანგეთისა და ბრიტანეთის სამხედრო ნაწილებიც და მათაც ავტომატურად მოუწევთ გასვლა, რადგან მარტონი ვერ დარჩებიან.
- ამ ვითარებაში ჩვენ როგორ გამოვიყურებით? ვგულისხმობ იმას, რომ აშშ ასუსტებს პოზიციებს რეგიონში, ჩვენი დასაყრდენი კი სწორედ აშშ-ია...
- გაძლიერდება პრორუსული რიტორიკა, „აი თქვენი ამერიკა, მოკავშირეებს ატოვებს მტერს და გარბისო“. აქ [საქართველოსა და სირიას შორის] ბევრი განმასხვავებელი ფაქტორია, მაგალითად ის, რომ სირიაში მოქმედების დროს ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოებრივი აქტორი არ იყო [ქურთები, რომელთაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს და მათ გამო წამოიიწყო ოპერაცია თურქეთმა]. თუმცა ზოგადად, ის პროცესი, რომ ამერიკა რეგიონიდან გადის, არცთუ სასიამოვნოდ გამოიყურება.
- და რა გავლენას ახდენს ეს პროცესი ჩვენზე? აშშ რეგიონიდან გადის, რუსეთი აქ ძლიერდება, მას კი ჩვენზე ზეწოლის მოსახდენად მრავალი ბერკეტი აქვს….
- ეს პროცესი უშუალოდ ამერიკა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახება, მაგრამ თავად პრეცედენტი, რომ ამერიკა რეგიონიდან გადის, ქმნის მოლოდინს, რომ ეს შესაძლოა, სხვაგანაც მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე ვთქვი, სირიასა და საქართველოში აბსოლუტურად განსხვავებული რეალობებია.
პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ის დაასრულებდა ომებს და გაიყვანდა საჯარისო ნაწილებს ავღანეთიდან, ერაყიდან. ეს ნაბიჯი მან გადადგა სირიაში და შესაძლოა, იგივე გააკეთოს ავღანეთსა და ერაყშიც, რადგან აქვს ეს წინასაარჩევნო დაპირება და ახალი არჩევნები ახლოვდება. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. როგორც ვხედავთ, მიმდინარე პროცესებმა ციხეებიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების გაქცევა გამოიწვია და ეს შესაძლოა, ტრამპისთვის დამაფიქრებელი ფაქტორი იყოს.
- აქ ალბათ, პოზიტიური მოვლენა ისაა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას როგორც „დემოკრატები“, ისე „რესპუბლიკელებიც“ აპროტესტებენ...
რა თქმა უნდა, ევროპული ქვეყნებიც წინააღმდეგნი არიან. ანუ, ეს მთელი დასავლეთის პოზიცია არ არის და ეს იმედისმომცემია.
ამ ეტაპზე არსებული ვითარება პროგნოზირების შესაძლებლობას არ იძლევა, რადგან ბევრი რამაა გასარკვევი: ასადის ჯარებმა დაიწყეს მოძრაობა და საინტერესოა, სად შეხვდებიან თურქულ ნაწილებს, რა მოხდება მათ შორის და ა.შ....
- თქვენ ბრძანეთ, ცარიელ ადგილს სხვა ძალა იკავებს და ამ შემთხვევაში ეს რუსეთია. რუსეთი იყო და არის წარმოდგენილი სირიაში. იყო პროგნოზი, რომ სწორედ ახლო აღმოსავლეთია ის წერტილი, სადაც რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები გამწვავდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბოლოს თითქოს დათბობის პერიოდის დაიწყო. ამ კუთხით მოვლენათა რა სცენარით განვითარებას მოელით?
- მათ შორის იდეალური ურთიერთობა არასოდეს ყოფილა და არც ახლაა. მაშინაც კი, როდესაც ცხადდებოდა, რომ ისინი ურთიერთობებს ათბობდნენ, რეალურად, ეს არა სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური მოკავშირეობა იყო: გრძელვადიანად ამ ორ ქვეყანას სხვადასხვა მიზნები და ამოცანები აქვს და ისინი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. იგივე დავინახეთ სირიაშიც: ვნახოთ, ასადის ძალებისა და თურქეთის შეხვედრა რით დასრულდება. რუსეთის პოზიციაა, რომ ყველა უცხო ძალამ, გარდა რუსეთისა, სირია უნდა დატოვოს. ისინი სირიაში თურქეთის გრძელვადიანად ყოფნას არ მიესალმებიან და ვფიქრობ, ამ პოზიციას კიდევ უფრო მკაცრად დააყენებენ მას შემდეგ, რაც ისინი ერთმანეთთან მოვლენ შეხებაში. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ საჰაერო სივრცეს სირიის სამხრეთში მთლიანად რუსეთი აკონტროლებდა, ახლა, მაღალი ალბათობით, საჰაერო სივრცის კონტროლი ჩრდილოეთ ნაწილშიც გადაინაცვლებს. ეს, რა თქმა უნდა, ცვლის რეალობას: უპირატესობა აქვს მას, ვინც ჰაერს აკონტროლებს, ვინაიდან საჰაერო სივრცის კონტროლის გარეშე სახმელეთო ოპერაციის წარმატების შანსი არ არსებობს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021