კობახიძე: "პრეზიდენტის მოსმენა ვის სჭირდება?! ჩემი შეიძლება, საინტერესო იყოს"
15/09/2022 12:06:56 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ "პრეზიდენტს იგივე დღის წესრიგი ამოძრავებს, რაც რადიკალურ ოპოზიციას".
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება?! ჩემი მოსმენა შეიძლება, საინტერესო იყოს იმიტომ, რომ ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ და ბევრ გადაწყვეტილებასაც ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მოსმენებთან დაკავშირებით სისტემური პრობლემა წარსულს ჩაბარდა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო გარკვეული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე, როცა ეს სისტემური უმძიმესი პრაქტიკა იყო დანერგილი, მაშინ ერთი, რომ უსმენდნენ და შემდეგ ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ. სწორედ ასეთი ფორმით მოქმედებდა მაშინ რეპრესიული რეჟიმი. რეპრესიული რეჟიმი დამთავრდა და ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება, რადგან რეპრესიული რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არ გვაქვს. როცა ვიღაცები პარალელს ავლებენ, ეს ცარიელი სპეკულაციაა. როცა ამას რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, გასაგებია, როცა პრეზიდენტი ამას უერთდება, გასაგებია, რომ მას იგივე დღის წესრიგი ამოძრავებს, რაც რადიკალურ ოპოზიციას. თქვენ გაინტერესებთ უკანონო მოსმენას ვემხრობი თუ – არა? რა თქმა უნდა, არა. რა კითხვას სვამთ, თქვენ მეკითხებით მომწონს თუ – არა უკანონო მოსმენა? რა თქმა უნდა, არ მომწონს. დამთავრდა, წერტილი, მორჩა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილმა ივნისში დაადო ვეტო "მოსმენების შესახებ" პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებულ სადავო კანონს, რომელიც საგამოძიებო უწყებებს ფარული მიყურადების თვალსაზრისით უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს. "როდესაც რამეზე საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ცოა ხნის წინ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.


