Accentnews.ge
ოპოზიციის ნაწილი: "კობახიძის განცხადებები ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს"

ოპოზიციის ნაწილი: "კობახიძის განცხადებები ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს"

15/09/2022 15:34:35 პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებები ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს".

"კობახიძის განცხადება საქართველოს მიერ ომში ჩართვის შესახებ პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით, იმ მტრული და ანტი-სახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელებაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ეწევა ბოლო წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ომში ჩართვისა და „მეორე ფრონტის გახსნის“ თაობაზე დღევანდელ საქართველოში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა საუბრობს - „ქართული ოცნება". ომის შიშის დათესვის გზით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური კითხვებისთვის თავის არიდებას, მათ შორის, ისეთ რეალურ პრობლემებზე, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის და რუსეთიდან მომდინარე გაზრდილი საფრთხეების, მათ შორის მიგრაციის, საკითხებზე“, – ნათქვამია "ლელოს" მიიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, პარტია აღნიშნავს, რომ "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უარყოფის ფაქტად შეიძლება, ჩაითვალოს კობახიძის განცხადება, რომელშიც იგი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ რეგიონებს, უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოს ადარებს".

"ლელო"–ში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იმეორებს კრემლის მიერ დამუშავებულ გზავნილს, რომლის თანახმადაც, რუსეთის როლი, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე წარმოქმნილ კონფლიქტებში, ნეიტრალური იყო, ხოლო 2008 წელს, რუსეთის სამხედრო მოქმედებები უკავშირდებოდა მხოლოდ მის მცდელობას აგრესიისგან დაეცვა ეთნიკური ოსები და საკუთარი სამშვიდობო ძალები".

"ლელოს" მიაჩნია, რომ "ქართული ოცნების’ ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობის დასრულება გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს":

"ჩვენი პოზიციაა, რომ დღეს ჩვენს ეთნიკურად აფხაზ და ოს თანამოქალაქეებსაც საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ უწევთ ცხოვრება და არავითარი გავლენა არ გააჩნიათ საკუთარ პოლიტიკურ ბედზე. მხოლოდ საქართველოს მიერ წარმოებული დეოკუპაციის მშვიდობიანი და ეფექტიანი სტრატეგიის პირობებშია შესაძლებელი მათ მიერ დემოკრატიული თავისუფლების მოპოვება, ერთიანი ქართული სახელმწიფოს სუვერენულ საზღვრებში. ეს ამოცანა მოითხოვს, როგორც საერთაშორისო ჩართულობის გაზრდის უზრუნველყოფას, რუსეთის გავლენის შესამცირებლად, ასევე, პირდაპირი დიალოგის პოლიტიკის გატარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებთან. ნაცვლად ამისა, დღეს ქვეყნის მმართველი პარტია ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ადარებს და საქართველოს რეგიონების ოკუპაციაში რუსეთის, როგორც აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოს როლის განეიტრალებას ცდილობს. [...] პოზიცია, რომელიც უკანასკნელ დღეებში ჟღერდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესების დასაცავად, ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად და ქართული სახელმწიფოს გასაერთიანებლად მშვიდობიანი და თანმიმდევრული სტრატეგიის განსახორციელებლად, "ქართული ოცნების’ ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობის დასრულება გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს".

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ კობახიძის განცხადებებს "ანტისახელმწიფოებრივსა" და "ანტიქართულს" უწოდებს:

"ირაკლი კობახიძის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული, "ქართული ოცნება" არ გამოხატავს საქართველოს და მისი უმრავლესობის ინტერესს, რომლებიც უყოყმანოდ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ევროკავშირში ინტეგრაციას და უკრაინის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს. კობახიძის განცხადება, რომელშიც იგი ერთის მხრივ პარალელს ავლებს და ადარებს უკრაინისა და აფხაზეთის მდგომარეობას და მეორეს მხრივ, საქართველოსა და რუსეთის ქმედებებს, არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული. კობახიძის განცხადება ნათლად მიუთითებს იმ რისკების შესახებ, რა დაბალი პოლიტიკური ღირებულებების და კულტურის მატარებელი ადამიანების ხელშია დღეს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ბედი. მისი განცხადებები სერიოზულ საფრთხეს შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ახალისებს სეპარატიზმს და ღია თავდასხმაა უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ინტერესებზე. სამწუხაროა, რომ ის ვერ იქცა საქართველოს პოლიტიკოსად და დღემდე რჩება ბიძინა ივანიშვილის, პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებების მთავარ გამხმოვანებლად".

„სტრატეგია აღმაშენებელი" მიმართავს, საერთაშორისო საზოგადოებას, მხედველობაში არ იქნას მიღებული ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი ანტიქართული და ანტიდასავლური განცხადებები":

„სტრატეგია აღმაშენებელი" გმობს კობახიძის განცხადებებს და მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მხედველობაში არ იქნას მიღებული ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი ანტიქართული, ანტიდასავლური, ანტიუკრაინული განცხადებები, რადგან „ქართული ოცნება" არ გამოხატავს საქართველოს და მისი უმრავლესობის ინტერესს, რომლებიც უყოყმანოდ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ევროკავშირში ინტეგრაციას და უკრაინის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს".

ცნობისთვის: 13 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვის განზრახვაში და შემდეგი აღნიშნა:

„ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ გამოკითხვა, პლებისციტი, ხალხს უნდა თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. რასაც იტყვის ხალხი, იმას შეიძლება გავყვეთ, ვნახოთ“.

14 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში შემდეგი განაცხადა:

"არ უნდა დავუშვათ არავითარი ომი, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იარაღით ხელში ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები. როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S