დეგნანი: "ყველა ქვეყანას ვთხოვეთ, გაეკეთებინათ ის, რისი გაკეთებაც შეეძლოთ უკრაინის მხარდასაჭერად"
15/09/2022 17:43:27 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები ძალიან აფასებს უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ფორუმებზე. ამის შესახებ მან "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, "ამერიკამ ყველა ქვეყანას სთხოვა,გაეკეთებინათ ის, რისი გაკეთებაც შეეძლოთ უკრაინის მხარდასაჭერად":
„შეერთებული შტატები ძალიან აფასებს საქართველოს (უკრაინისადმი) მხარდაჭერას საერთაშორისო ფორუმებზე: ეროვნული ბანკის სწრაფ ქმედებას ფინანსური სანქციების შესაბამისად, იმ შთამბეჭდავ ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ გაიღო უკრაინელი ხალხისთვის. შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე ნათლად უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ კარგად გვესმოდა ის განსაკუთრებული ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა რუსეთის სამხრეთ ფლანგზე თავისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის პირობებში. ჩვენ კარგად გვესმის, რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო და ვაფასებთ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად და იმის გასაკეთებლად რაც შეეძლო. სწორედ ეს ვთხოვეთ ყველა ქვეყანას, გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ: დაუჭირონ მხარი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საკუთარი სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში და აღკვეთონ რუსეთის მცდელობა აღადგინონ რუსეთის იმპერია, როგორც ეს თავად პუტინმა აღიარა".
ელჩმა კიდევერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების ინტერესში არ შედის, რომ ომი გავრცელდეს საქართველოზე:
"ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს და ჩვენს ინტერესში არ შედის ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე, ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აღვადგინოთ მშვიდობა და რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე“. („იმედის“ თარგმანი).


