ღუდუშაური:"გასაოცარია აშშ- ის ელჩის პოზიცია, რომ თურმე „ოთხეულის“ განცხადებები ყოფილა რუსული ნარატივი"
16/09/2022 09:02:29 პოლიტიკა
გასაოცარია აშშ- ის ელჩის პოზიცია, რომ თურმე „ოთხეულის“ განცხადებები ყოფილა რუსული ნარატივი. ეს არის ძალიან სამწუხარო და ვფიქრობ, ბრალდებები არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, როცა კითხვები ისმევა და არავინ პასუხს არ სცემს მათ, ეს უხერხულობას ქმნის.
„რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასასიამოვნოა ის მიდგომა და ესეც დაუსაბუთებელია, როცა პარლამენტის წევრი სვამს კითხვებს, რომელიც რიგ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან არის დაკავშირებული, მითუმეტეს, იმ დროს, როცა სრული ბუნდოვანებაა და არავინ ამაზე პასუხს არ იძლევა, ეს ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის, რბილად რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაოცარია ქალბატონი ელჩის პოზიცია, რომ თურმე „ოთხეულის“ განცხადებები, პოზიცია ყოფილა რუსული ნარატივი. ეს არის ძალიან სამწუხარო და ვფიქრობ, უხერხული ბრალდებები არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, რადგან მთელი რიგი საკითხები, რასაც ეს დეპუტატები სვამენ, არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიცია და კითხვა. კითხვის დასმა იქ, სადაც არის ბუნდოვანება, რატომ ითვლება, რომ ვინმესთვის მტრობა ან რუსული ნარატივია, ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია,"- განაცხადა ღუდუშაურმა.
გუშინ, 15 სექტემბერს ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მმართველი პარტია უნდა გაემიჯნოს „ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასული ოთხი დეპუტატის და მათ მიერ შექმნილი მოძრაობის „ხალხის ძალის" განცხადებებს.
„უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირებში, მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.
თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ", - განაცხადა კელი დეგნანმა („იმედის" თარგმანი).
დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ 28 ივნისს განაცხადეს. თქვეს, რომ საზოგადოებას „მეტი ინფორმაცია“ უნდა მიაწოდონ. რის შემდგომაც მათ აქტიურად დაიწყეს ანტიამერიკული განცხადებების გავრცელება, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩაბმა სურს. მოგვიანებით სამეულს შეუერთდა დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.


