„შეძლებული ოჯახიდან ვარ“: ბურჭულაძეს დაგროვილი ქონების შესახებ ჰკითხეს
19/09/2022 10:24:53 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ჟურნალისტებმა მისი ქონების შესახებ დაუსვეს კითხვა. საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ ქობულეთში კერძო საკუთრება მემკვიდრეობით მიიღო, ხოლო წყნეთში არსებული ქონება მან ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს – 2010 წელს შეიძინა.
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ შეძლებული ოჯახიდანაა, ხოლო ჟურნალისტები, რომელთაც დაგროვილი ქონების შესახებ დასვეს კითხვა, ჯარის რეპუტაციის შელახვის მცდელობასა და შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა. მინისტრმა გაიხსენა ერეკლე მეორეც.
„არასდროს დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. დამალვა რომ მინდოდეს, დედაჩემზე კი არ გაფორმდებოდა ქონება, გავაფორმებდი სხვაზე. [...] მე თქვენს მინისტრებში გერევით, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ ღატაკები და წავიდნენ მილიარდერები. მე ვიკავებდი საკმაოდ მაღალ პოზიციებს ბანკებში, სადაც 11 წელი ვიმუშავე. მას შემდეგ, რაც მინისტრად დავინიშნე, ჩემ სახელზე ვიყიდე მიწა ართანაში. თქვენ ამით ჩემ რეპუტაციას კი არა, ქართული ჯარის რეპუტაციას ლახავთ, აღვივებთ შუღლს. თქვენი ფუნქციაა გააღვიღოთ შუღლი და გასცეთ ინფორმაცია. ერეკლე მეორის დროს თქვენ ფუნქციას ვინც ასრულებდა, ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორეს არ ჰყავს მეზარბაზნეები. თქვენი მისია არის ქართული ჯარის და სახელმწიფოს დისკრედიტაცია“, - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს.


