მამუკა მდინარაძე – “ტვ პირველზე:” „ასეთი ,,სთორებით” სახელმწიფოს ვერ ჩამოშლიან“
19/09/2022 17:51:24 პოლიტიკა
,,ეს კადრებიც რომ მიწოდებულია, ჩვენ საიდან ვიცით? ამის მტკიცებულება რა არის? “ტვ პირველი“, სამწუხაროდ, იმდენ ფეიკს ავრცელებს, მართალი რომ თქვას, მაინც აღარავის სჯერა. იმიტომ, რომ ყველა წინა იყო ტყუილი,” - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძე ირწმუნება, რომ “ტვ პირველის” სურვილია, „სახელმწიფო ჩამოშალონ“ და იქვე ამბობს, რომ მსგავსი ისტორიებით მიზანს ვერ მიაღწევენ:
,,არ მიიღოთ ზედმეტ ირონიად, მაგრამ ნახევრად ხუმრობით, „ტვ პირველს“ ვურჩევდი, რომ ცოტა დრამატურგია ყოფილიყო მკაფიო. იმიტომ, რომ მათ დადგეს ასეთი სცენა, რომ აბსოლუტურად უსმენენ ყველას. ანუ, სახელმწიფო რესურსს, რაც შეუძლია, რაც არ შეუძლია, ყველაფერს აკეთებს რაღაც სამსახური. ასეთი დრამა იყო, ყველას უსმენს, აბსოლუტურად ამოუწურავი რესურსი აქვს და მერე განვითარება, რა აქვს ამას? ვურჩევდი, რომ მერე განვითარება მისცენ. თუ ვთქვათ, რაღაცას დგამ, რაღაც სცენას, ბარემ სჯობს, რომ ბოლომდე გახვიდე. იმიტომ, რომ რა მიზანიც ჰქონდათ, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო, ასეთი ,,სთორებით” სახელმწიფოს ვერ ჩამოშლიან. ჩემი რჩევა იქნებოდა, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ნახევრად ხუმრობით, რომ ამ ,,სთორიში” რაღაც განვითარება ყოფილიყო. ამიტომ, მეჩვენება მე ეს ყველაფერი არასერიოზულად”.
შაბათს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც, სიუჟეტის ავტორის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მორიგ ფარულ მიყურადებას ეხებოდა. სიუჟეტში ნაჩვენები იყო არაერთი ვიდეო და აუდიოჩანაწერი, რომელიც პოლიტიკოსთა პირად ცხოვრებას ეხებოდა.
ფარული მიყურადების საკითხი წლებია, საქართველოსთვის აქტუალურ საკითხად რჩება, თუმცა გასული წლის სექტემბერში სკანდალი ახალი ძალით აგროვდა, როდესაც როდესაც ინტერნეტში მოხვდა სავარაუდოდ, სუს–იდან გამოჟონილი ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი – დიპლომატებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტივისტებს და ა.შ. მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.
გასული წლის 14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, თუმცა შედეგების თაობაზე მას შემდეგ არაფერი გვსმენია.
ცნობილია, რომ ბევრმა პირმა დაადასტურა ჩანაწერების ავთენტურობა, ასევე ბევრ პირს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. დაზარალებულთა ნაწილმა სტრასბურგს მიმართა.
თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს.


