
ომბუდსმენი ევროსასამართლოს სთხოვს, "მოსმენების საქმე" პრიორიტეტულად განიხილოს
20/09/2022 07:23:03 საზოგადოება
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს თხოვნით, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას.
ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ომბუდსმენი ეხმაურება მედიაპროდუქტს „დიდი მასშტაბის ფარული მიყურადებისა და თვალთვალის თაობაზე“.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია განცხადება და არ უარყვია, რომ ჩანაწერში მოხსენიებული პირები არ მუშაობენ მათ სისტემაში, რაც „ჟურნალისტების მიერ გაცხადებულ ინფორმაციას მეტ სანდოობას სძენს“.
„მასობრივი უკანონო სახელმწიფო მიყურადება-თვალთვალის პირობებში შეუძლებელი ხდება ადამიანის უფლებების ჯეროვანი რეალიზება. თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება, სამოქალაქო სივრცე აქტივისტებისთვის და სხვა უფლებებით თავისუფალი სარგებლობა - ეს ყველაფერი გამოირიცხება, როდესაც პირადი ცხოვრების დაკვირვების ასეთი მასშტაბია სახეზე.
სიუჟეტში წარმოდგენილი პირადი ცხოვრების მასშტაბური და ტოტალური კონტროლის ლეგიტიმური მიზანი შეუძლებელია არსებობდეს და გამართლდეს რამე სახელმწიფოებრივი ან საჯარო მიზნით. ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა პოლიტიზების მასშტაბი, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებში ნათლად იდენტიფიცირდება და სახელმწიფოს წარმომადგენელი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აიგივებს თავს",– აღნიშნავს ომბუდსმენი.
მისივე თქმით, საქართველოში მოქმედი პირადი ცხოვრების დაცვაზე ზედამხედველობის მექანიზმები რომ არასაკმარისია, ამას არაერთხელ აღნიშნავენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი. ომბუდსმენი იხსენებს, რომ 2017 წელს მიმართეა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვეა ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა არასაკმარისი გარანტიების გამო. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც საქმის განხილვა 2018 წლის დასაწყისში დაასრულა, მას შემდეგ არ გამოაქვს გადაწყვეტილება, რითაც ომბუდსმენის შეფასებით, კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის ვალდებულებას არ ასრულებს.
ომბუდსმენი წუხს, რომ ამ მიმართულებით არც საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები მუშაობს (მათ არაეფექტურობაზე საუბრობდა სახელმწიფო ინსპექტორიც თავის ანგარიშებში):
"2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ სახალხო დამცველმა მოითხოვა საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში დაბარება, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის დეკემბერში გააუქმა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი ხელმძღვანელი, რითაც უფრო მეტად შეასუსტა პირადი ცხოვრების დაცვაზე ზედამხედველი სისტემის ეფექტურობა.
ეროვნულ დონეზე, სავარაუდო უკანონო მოსმენების საქმის გამოძიება პროკურატურის კომპეტენციაა და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას, აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და ყველა უფლებადარღვეული პირი ცნოს დაზარალებულად. ამასთან, აუცილებელია მოცემული საქმის გამოძიების მიმდინარეობა იყოს გამჭვირვალე და ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდებოდეს საზოგადოებას. სამწუხაროა, რომ პროკურატურამ არ მისცა ზემოხსენებული გამოძიების მასალებზე დაშვება სახალხო დამცველის აპარატს".
პირადი ცხოვრების უფლების ეფექტიანი დაცვის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა რელევანტურ პირს, მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის მექანიზმი.
***
შაბათს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც, სიუჟეტის ავტორის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მორიგ ფარულ მიყურადებას ეხებოდა. სიუჟეტში ნაჩვენები იყო არაერთი ვიდეო და აუდიოჩანაწერი, რომელიც პოლიტიკოსთა პირად ცხოვრებას ეხებოდა.
ფარული მიყურადების საკითხი წლებია, საქართველოსთვის აქტუალურ საკითხად რჩება, თუმცა გასული წლის სექტემბერში სკანდალი ახალი ძალით აგროვდა, როდესაც როდესაც ინტერნეტში მოხვდა სავარაუდოდ, სუს–იდან გამოჟონილი ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი – დიპლომატებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტივისტებს და ა.შ. მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.
გასული წლის 14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, თუმცა შედეგების თაობაზე მას შემდეგ არაფერი გვსმენია.
ცნობილია, რომ ბევრმა პირმა დაადასტურა ჩანაწერების ავთენტურობა, ასევე ბევრ პირს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. დაზარალებულთა ნაწილმა სტრასბურგს მიმართა.
თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021