Accentnews.ge
გვარამია: "თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას, ესეც საზოგადოების ბრალია"

გვარამია: "თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას, ესეც საზოგადოების ბრალია"

20/09/2022 09:06:09 პოლიტიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომა გვარამიას სიტყვით გაიხსნა. მან უკრაინაში მიმდინარე ომი, შიდაპოლიტკური პროცესები, მათ შორის NDI-ის უახლესი კვლევის შედეგები მიმოიხილა. გვარამიამ, მათ შორის, ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ერთ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, მათ ინტერესს არც ერთი პარტია არ გამოხატავს.

"ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზაცია ღრმად არასწორი საქციელია. საერთოდ, გაუგებარია, რას ისახავს მიზნად. ძირითადად, ეს ხდება კეთილი განზრახვებით. ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს გარდა ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერებისა. თუ ჩვენ იმის იმედად ვაკეთებთ ამას, რომ ოპოზიცია გამოფხიზლდება და უკეთესად დაიწყებს მუშაობას, ასეთი ტიპის შეძახილებს შედეგი არ მოაქვს",– წუხს გვარამია.

მისი ხედვით, დღეს ქართულმა საზოგადოებამ "განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია":

"თუ ვინმე სუსტია, უნდა ვაღიაროთ, რომ ესაა საზოგადოება, რომლის ნაწილია ოპოზიცია და ყველა დანარჩენი. საზოგადოება ასხივებს უღონობას, ფრუსტრაციას და გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა მოიშოროს და იპოვოს ის, ვისაც ამას დააბრალებს. ეს არასწორია",– განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ "თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას, ესეც საზოგადოების ბრალია", - თქვა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე.

NDI-ის 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, არსებობს თუ არა პარტია, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, "დიახ" - უპასუხა 39%–მა; არა - 56%–მა; არ ვიცი - 4%–მა; უარი პასუხზე - 1%–მა.

სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით გამოვლენ. კოლეგია განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენზე სააპელაციო საჩივარს, რომლის მიხედვით, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S