ხატია დეკანოიძე: "საქართველოში კრიმინალური საქმიანობის რომანტიზება და წახალისებაც ხდება"
20/09/2022 12:53:16 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა „საქართველის ბანკის“ ქუთაისის ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრას, იმედი გამოთქვა, რომ მძევლები უვნებლად დარჩებიან, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ მაღალჩინოსნების დამოკიდებულება მსგავსი საკითხების მიმართ მძიმეა.
ამ კონტექსტში მან „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელი ბადრი ესებუა გაიხსენა და შს მინისტრის კომენტარები მასთან დაკავშირებით.
"იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც მძევლად იმყოფება შეიარაღებული მძარცველის ხელში, იქნება უვნებელი და ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი სამართალდამცავი უწყებების. რაც შეეხება ზოგადად, დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, საქართველოში კრიმინალური საქმიანობის რომანტიზება და წახალისებაც ხდება. ალბათ გახსოვთ, შს მინისტრისგან ყველა კითხვა, რაც გულისხმობდა ბადრი ესებუასთან დაკავშირებულ დაკავების ოპერაციას თუ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს, აღქმული იყო სერიოზული ქილიკით, იუმორით, რაც ნამდვილად არ არის სასაცილო, ამიტომ ასეთი დამოკიდებულება შს მინისტრის და მაღალჩინოსნების მხრიდან, საფრთხის ქვეშ აგდებს ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც დილით იღვიძებს, მიდის მაღაზიაში, ბანკში თუ ა.შ.შესაბამისად, საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა დიდი ხანია, რაც არასტაბილურს გადასცდა და ეს გულისხმობს იმას, რომ წახალისებული რომანტიზება მათ შორის დაკავების მიმართულებით მაღალჩინოსნების დამოკიდებულება არის ძალიან მძიმე,"- განაცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
***
ბანკის ფილიალზე თავდასხმა დღის პირველ ნახევარში მოხდა. შსს–ს ცნობით, მძევლად 12 პირი რჩება.
თავად თავდამსხმელი, რომელიც სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი, მძევლებს ვიდეოების ჩაწერას და გავრცელებას აიძულებს. როგორც ერთ–ერთ ვიდეოში თავდამსხმელი აცხადებს, შენობა დანაღმულია.
„როგორც კი გაიღება კარი, აფეთქდებაო“,– ამბობს მძევალი.
ამავე გზით გავრცელებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, რუსულ დროშას და ანკესს მოითხოვს.
ერთ–ერთ უახლეს ვიდეოში ჩანს, რომ ბანკის შენობას ორი პოლიციელი უახლოვდება, მათგან ერთი თავდამსხმელთან კომუნიკაციას ითხოვს. ორ მძევალს (ერთი კაცი და ერთიც ქალი, რომელთაც პოლიციელებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა როგორც ჩანს, თავდამსხმელმა მისცა ) და პოლიციელებს ფილიალის ფანჯარაზე დამაგრებული გისოსები ჰყოფთ. პოლიციელებს ესაუბრება მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ქალი და სთხოვს, დატოვონ ტერიტორია, „თქვენ რომ მოდიართ, ცუდად გვექცევა“,– ისმის ქალის ხმა.
კიდევ ერთ ახალ ვიდეოში ისმის პოლიციელის ხმა, რომ მას თან აქვს მოთხოვნილი თანხა და კითხულობს, როგორ მიაწოდოს. თავდამსხმელი ამბობს, რომ ფანჯარაში უნდა შემოყარონ.
გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.


