კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარები ინფორმირებული არიან 12 პირობის შესრულებასთან დაკავშირებულ პროცესზე
20/09/2022 15:54:11 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში შეხვდა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს.
როგორც კობახიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებულ 12 პირობის შესრულების პროცესს.
„ჩვენ განვმარტეთ, რომ ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას შევთავაზეთ პროცესში მონაწილეობა, მათი ნაწილი ჩართულია, ნაწილი არა. შინაარსთან დაკავშირებითაც განვუმარტეთ, როგორ მიდის ყველაფერი. მთლიანობაში ისინი ინფორმირებულები არიან ამ პროცესთან დაკავშირებით. იყო საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ყველა თემაზე, რაც უკავშირდება, როგორც ამ 12 პუნქტის შესრულებას, ასევე ზოგადად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ვერ იქნება პასუხისმგებელი პარალელურად ოპოზიციის ნაწილის ორგანიზებით მიმდინარე პროცესზე:
„ჩვენ პასუხისმგებელი ვართ, იმ პროცესზე, რომელიც წარიმართება ოფიციალურ საპარლამენტო ფორმატებში, საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში. დაწყებულია მუშაობა, ბევრგან დასრულებულიც კი არის პროცესები სამუშაო ჯგუფებში, ბევრგან გრძელდება. ჩვენ ამაზე ვართ ბუნებრივია, პასუხისმგებელი, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და დაამატა, - რაც მთავარია, ჩვენ ოპოზიციასთან ერთად, იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც არიან წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფებში, ასევე, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, არამარტო განვიხილავთ საკითხებს, არამედ ვისმენთ მათ მოსაზრებებს. თქვენ იცით, რომ იგივე საარჩევნო რეფორმის კუთხით, იგივე, საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით და ა.შ. უამრავი მათი წინადადება არის ასახული.პროცესი არის არამარტო ფორმალურად, არამედ შინაარსობრივად ინკლუზიური".
საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-11 სამუშაო შეხვედრის პირველი სესია თბილისში ხვალ, 21 სექტემბერს, გაიხსნება.
ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს.
საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.


