ნიუ-იორკში საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
21/09/2022 10:30:34 პოლიტიკა
ნიუ-იორკში საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა რეგიონული ორგანიზაცია სუამ-ის ფორმატით.
ორგანიზაციის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები – ილია დარჩიაშვილი, დმიტრო კულება, ნიკუ პოპესკუ და ჯეიჰუნ ბაირამოვი ნიუ-იორკში იმყოფებიან გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში მონაწილეობის მიზნით.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში, 20 სექტემბერს გამართულ სხდომაზე დმიტრო კულებამ კოლეგებს გააცნო საბრძოლო მოქმედებების ზონაში არსებული სიტუაცია, უკრაინისა და მისი პარტნიორების ძალისხმევა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად და საქართველოს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. კულებამ საქართველოს, აზერბაიჯანს და მოლდოვას შესთავაზა ომით დაზარალებული რეგიონების აღდგენის პროცესში მონაწილეობა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, სხდომაზე დაისვა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გაძლიერების საკითხი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანიშნული ე.წ. რეფერენდუმების გამო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინაში მიმდინარე ომისა და საერთო საფრთხეების ფონზე, რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობას.
ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ პოლიტიკურ, დიპლომატიურ თუ ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
მან უკრაინის, მოლდოვის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებაც.
მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე და კონვენციას სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ.


