
9 ოქტომბერი და ახალი რეალობა
15/10/2019 10:12:10 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
მიმოიხედეთ, ამჩნევთ ცვლილებებს? დიახ, თითქოს არაფერი შეცვლილა: მზე კვლავ ანათებს, ცა, თქვენ წარმოიდგინეთ, კვლავინდებურად ცისფერია, ადამიანებიც ქუჩაში თავის დიდ და პატარა საქმეებზე მიიჩქარიან. თუმცა რეალურად, ახალი სამუშაო კვირა ახალ სამყაროში დავიწყეთ – სამყაროში, სადაც აშშ–ის მოკავშირეობა აღარაფერს ნიშნავს. ან პრაქტიკულად აღარაფერს. სადაც აშშ–ის მოკავშირეს მშვიდობიან დროს მხარს დაგიჭერენ, მაგრამ თუ რამე მოხდა, მხრებს აიჩეჩენ და გეტყვიან, „რას ვიზამთ, ძმაო, ცხოვრება რთულიაო“...
რა თქმა უნდა, დაცულობა არც ადრე გვქონია გადასარევი – არსობრივად, არავინ მოითხოვდა ვაშინგტონისგან, მის მაგიერ ეომა და ამერიკელი ბიჭები სასიკვდილოდ გაეგზავნა, როგორც იტყვიან, „ძალიან ძალიან შორეული პრობლემების“ გადასაჭრელად. თუმცა, სამწუხაროდ, ისტორია ისეა მოწყობილი რომ იყო მსხვილი დერჟავა, იმპერია, ჰეგემონი – ეს არა მარტო სასიამოვნოა, არა მარტო აღვივებს პატივმოყვარეობას და კარგად მოქმედებს თვითშეფასების ხარისხზე, არამედ პასუხისმგებლობაცაა და თავის ტკივილი იმ პრობლემების გამო, რომელიც უშუალოდ არ გეხება.
მსოფლიო პოლიტიკის "რკინის წესია", რომ მოკავშირეებს გასაჭირში არ ტოვებენ. გინდაც ძალზე მაცდუნებელი წინადადება მიიღო, რადგან „სარფიანი“ და „სწორი“ ერთი და იგივე ყოველთვის როდია.
მსოფლიო პოლიტიკის მეორე "რკინის წესი" კრიმინალის სფეროდანაა: არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერი ხარ და ვისი ზარბაზნის ლულაა უფრო გრძელი, - გაიმარჯვებს ის, ვისი ნებაც უფრო მყარია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თქვენს ზეზუსტ რაკეტებს მარსიანული დამიზნებით, ჭურვებს, რომლებიც კოღოს 100 კმ–ის მანძილიდან ხვდება, უხილავ ბომბდამშენებს და უპილოტო თვითმფრინავებს, - ეს ყველაფერი მხოლოდ მეტალისა და მიკროსქემების გროვაა, თუ არ არის მთავარი – მათი გამოყენების ნება.
თუ პრეზიდენტ კენედის პერიფრაზს გავაკეთებთ, „უნდა გამოიყენო არა იქ, სადაც მარტივია, არამედ იქ, სადაც რთულია“, - საბოლოო ჯამში, გამარჯვებულად ის გამოვა, ვისაც 30–წლიანი სიძველის ზარბაზნები აქვს, მაგრამ მათი გამოყენების ურყევი ნება გააჩნია.
აშშ–მა ახლო აღმოსავლეთში თავისი მთავარი თუ არა ერთადერთი მოკავშირე – სირიელი ქურთები გაწირა. თავდაპირველად სახის შენარჩუნება სცადეს – აქაოდა, "არა მთელს ქურთისტანს, არამედ მხოლოდ 30–კილომეტრიან ზონას ვაბარებთ, ერდოღანს თავისი აფხაზეთის შექმნის შესაძლებლობას ვაძლევთ, მაგრამ სირიული ქურთისტანის დანარჩენ ნაწილს – არც ერთ შემთხვევაში, ხოლო რამე რომ იყოს, თურქეთს კარგი დღე არ დაადგებაო".
და აი – ახალი გადაწყვეტილება. ნიღბები ჩამოხსნილია, ფეოდალურმა პრაგმატიზმმა გაიმარჯვა: აშშ–ს თავის ძალები არა მარტო დერეფნიდან, არამედ ყველა ქურთული რაიონიდან გამოჰყავს...
რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ქვეყნის გადასახედიდან, ეს სრულიად ნორმალური, ჩვეულებრივი ქცევაა, ჩვენი ბიჭები სხვის ომებში არ უნდა იბრძოდნენ. და ეს სრულიად სწორი იქნებოდა, საუბარი რომ იყოს ბრიტანეთზე, გერმანიაზე, საფრანგეთზე, – ანუ შეზღუდული საგარეო პოლიტიკის ქვეყნებზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირდებიან. ეს მათი არჩევანია, მათი უფლება და ვერავინ მოედავებათ. მაგრამ აშშ ერთადერთი ზესახელმწიფოა მსოფლიოში, რომელმაც ეს მისია საკუთარი ნებით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იკისრა. აშშ თავად შევიდა სირიაში, რათა „ისლამურ სახელმწიფოს“ შეჰბრძოლებოდა და დიდხანს არწმუნებდა ქურთებს, ომის მთავარი სიმძიმე საკუთარ მხრებზე ეტვირთათ. თანაც საუბარი იყო არა მარტო ქურთული რაიონების დაცვაზე (როგორც ცნობილია, „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქი, რომელსაც შემდეგ შტურმით რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდნენ, იყო რაქა, ეს კი არაბული ქალაქია, რომელიც საკმაოდ შორს მდებარეობს ქურთული ტერიტორიებისგან). ქურთების გარეშე ამერიკელებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა მოუწევდათ არა მარტო მარსიანული დამიზნების ზეზუსტი რაკეტებით, არამედ საკუთარი ქვეითებითაც - შესაბამისი დანაკარგებითურთ.
მაგრამ ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა – ნატო–ში თურქეთის წევრობის, ინჯირლიკში ბაზისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნებისთვის. არავინ ჰკითხა საკუთარ თავს: რაში გვჭირდება ნატო და ინჯირლიკის ბაზა, თუ დავკარგავთ იმ მთავარს, რასაც ნებისმიერი ზესახელმწიფო ემყარება – ნდობას?
სადღეისოდ აშშ–ის მოკავშირე ქვეყნებში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს და მერწმუნეთ, ისინი თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ: თუკი ისეთი გამოცდილი და ერთგული მოკავშირეები გაწირეს, როგორიც ფაქტობრივად თანამებრძოლი ქურთებია, ჩვენ რაღას ველოდოთ, რაში გაგვცვლიან?! და საერთოდაც, როგორ აისახება საერთაშორისო ვითარებაზე უამრავი ათწლეულის განმავლობაში პირველი ფაქტი მსოფლიოს მთავარი ქვეყნის მიერ მოკავშირის გაწირვისა?
თავი დავანებოთ სირიელ ქურთებს. ჩვენი საქმე როგორ არის, საქართველოსი? ჩვენზე როგორ აისახება მსხვილ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ეს პრეცედენტი?
შემიძლია, მხოლოდ ერთი რამ ვთქვა: ის, რომ საქართველო ჯერ კიდევ აგრძელებს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ... პუტინის დამსახურებაა: ამ უკანასკნელს აქვს პრინციპი, რომელსაც ჯერ–ჯერობით განუხრელად იცავს: არ შედის იარაღით ხელში ტერიტორიებზე, სადაც ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა არ აქვს. აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ყირიმი, დონბასი, დნესტრისპირეთი, სირია – ეს ის ადგილებია, სადაც მას დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან.
სწორედ ეს და არა დასავლური შეშფოთება იქცა მთავარ მიზეზად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში, თბილისიდან ერთი დარტყმის მანძილზე რუსეთის ჯარი გატრიალდა და წავიდა.
ნუ მოგვიყვებიან ზღაპრებს იმის შესახებ, რომ ხალხი გაერთიანდებოდა და რუსებს ჩეჩნეთის განმეორებას მოუწყობდა – საქართველოში სახელმწიფოებრივად მოსახლეობის ნახევარი თუ აზროვნებს, ხოლო თანმიმდევრულ პროდასავლურ პოზიციას აქტიური უმცირესობა იცავს. ეს საკმარისია პოლიტიკის განსასაზღვრად მშვიდობიან დროს, მაგრამ არა საყოველთაო ომისას.
მე გეტყვით, რა მოხდება, პუტინმა რომ თავისი პრინციპისთვის გადახვევა გადაწყვიტოს: ომი, მაქსიმუმ, ორიოდ კვირას გასტანს, დაიღუპებიან უმთავრესად ნორმალური, იდეური ახალგაზრდები, ერის იმედი და მომავალი. ყველა დანარჩენი კი, თავისი ქურდული გაგებით, მობლატავე ბიჭები, უსაქმურები, ლოთები, აზარტული მოთამაშეები თავისი ყალბი ეროვნული იდენტობით მშვიდად მიუჯდებიან ოკუპანტებთან ერთ სუფრას. ჰო, დასაწყისში, პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში ცოტას წაიწუწუნებენ, მაგრამ...
მსგავსი სცენარის რეალურობა ახლაც საკმაოდ მცირეა, თუმცა მაინც უფრო მაღალი, ვიდრე 9 ოქტომბრამდე იყო, ანუ დღემდე, როდესაც ქურთისტანში თურქები შევიდნენ.
ასეა თუ ისე, რეალობა ნათელია. რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ აქედან? დასკვნები კი, ერთი შეხედვით, პარადოქსულია: არაფერიც არ უნდა მოვიმოქმედოთ. ყველაფერი ძველებურად უნდა დარჩეს.
საქართველო აშშ–ის მოკავშირეა. ეს გარემოება არ იცვლება განურჩევლად იმისა, როდის და რამდენად გაიზრდება მზაობა, საჭიროების შემთხვევაში გაგვწირონ. ჩვენ სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პასუხი ახალ საფრთხეზე ამერიკასთან და დასავლეთთან მოკავშირეობის განმტკიცება უნდა გახდეს. რაც არ უნდა მოიმოქმედონ აშშ–მა და ევროპამ, რაოდენ მიუღებლადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს მათი უპრინციპობა, მსოფლიოში უფრო მისაღები და უკეთესი არაფერი არსებობს. საქართველომ ჯიუტად უნდა გააგრძელოს დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლა და ყურადღება არ მიაქციოს ცვლილებებს გეოპოლიტიკაში.
თუ მაინც გვიწერია პრორუსულ სახელმწიფოდ ქცევა, დაე, ეს ჩვენი ნებით მაინც არ მოხდეს – მერე ისტორიის წინაშე თავის მართლება რომ შევძლოთ, „ვეცადეთ მაინცო“...
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორის პოზიციას გამოხატავს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციისას