ბრეგაძეს გოგაშლის შეხვედრებზე საუბარს თავს არიდებს არგუმენტით, რომ საქმეს „საიდუმლო“ ადევს
22/09/2022 10:42:29 პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სოსო გოგაშვილს შეხვედრის უფლება მხოლოდ ადვოკატთან აქვს, რომელსაც პრაქტიკულად ყოველდღე ხვდება.
რაც შეეხება კითხვას, მაშ როგორ შეხვდა გოგაშვილი თავის ოჯახის წევრებს, იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ბატონი გოგაშვილის შეხვედრა ოჯახთან ეს იყო კანონმდებლობის სრული დაცვით“.
დეტალებზე საუბრისგან მინისტრმა თავი შეიკავა არგუმენტით, რომ გოგაშვილის საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს:
„როდის შეეზღუდა მას პაემნის უფლება? თავიდანაც არ ექნებოდა. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ამაში დიდი საიდუმლო არაა - რაც შეეხება გოგაშვილის საქმეს, ამას აქვს გრიფი „საიდუმლო“ და ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებ ყველა დეტალზე, ვგულისხმობ, თუ როგორ შედგა მისი შეხვედრა ოჯახთან. ამასთან დაკავშირებით გპასუხობთ, რომ ბატონი გოგაშვილის შეხვედრა ოჯახთან ეს იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. კიდევ გიმეორებთ, მის საქმეს აქვს გრიფი „საიდუმლო“ და ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ. მას ვისთანაც აქვს შეხვედრის უფლება არის ადვოკატი და პრაქტიკულად ყოველდღე აქვს კომუნიკაცია საკუთარ უფლებადამცველთან“.


