პუტინის თვითმკვლელობა და რუსეთის მკვლელობა. ქრონიკები

22-09-2022 20:22:23 ანალიზი

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 7 თვის თავზე პუტინი ცუგცვანგის მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას ორი გზა ჰქონდა დარჩენილი და ორივე დამღუპველი: ან კაპიტულაცია, რომელიც პირადად მისი და მისი რეჟიმის დაუყოვნებლივი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა, ან ომის გაგრძელება, ანუ იგივე თვითმკვლელობა, ოღონდ უკვე რუსეთის მკვლელობასთან ერთად. პუტინმა აირჩია მეორე – და 21 სექტემბერს რუსეთში “ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია” გამოაცხადა.

“ნაწილობრივი”?

თუმცა როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ ბავშვსაც კი ესმის, რომ სიტყვა “ნაწილობრივი” პუტინის განცხადებაში მხოლოდ ფორმალურად – როგორც საკუთარი ხალხის, ისე მსოფლიოს თვალში შერცხვენილი, დამარცხებული, დამცირებული აგრესორის მიერ სახის ოდნავ მაინც შენარჩუნების მცდელობად იყო გამოყენებული.

ეჭვი, რომ ვითომდა ნაწილობრივი მობილიზაცია ნაწილობრივი არ იქნებოდა და რუსეთის 300 000 კი არა, მილიონობით მოქალაქეს შეეხებოდა, 21 სექტემბერს – მისი გამოცხადების დღესვე გაჩნდა. შემდგომში იგი კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებაში მე-6 პუნქტს პირდაპირ მე-8 მოსდევდა, ხოლო სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე მე-7 პუნქტი მართალია, ფიგურირებდა, მაგრამ გასაიდუმლოებული შინაარსით. მოგვიანებით სამობილიზაციო კატეგორიებისა და გასაწვევთა რაოდენობის შესახებ ამ პუნქტის შინაარსის განმარტებაზე ჟურნალისტებს უარი განუცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმაც.

დღეს დილიდან კი სოცქსელების რუსულ სეგმენტში უამრავი პუბლიკაცია ქვეყნდება იმის საილუსტრაციოდ, რომ არავითარ “ნაწილობრივ” მობილიზაციაზე არაა საუბარი და რეალურად, იწვევენ ყველა კატეგორიის მოქალაქეებს. “კომისარიატიდან უკრაინაში წასაყვანად მოგვაკითხეს. ეძებდნენ ჩემს 3 წლის წინ გარდაცვლილ ძმას, რომელიც სიცოცხლეშიც გათავისუფლებული იყო ჯარიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო… ვიტიროთ თუ ვიცინოთ – აღარ ვიცი. ესაა მათი “ნაწილობრივი” მობილიზაცია?!” - წერს სოცქსელში ერთ-ერთი მოქალაქე. და მსგავსი პუბლიკაციები არაერთია.

საბაბი

ერისადმი სატელევიზიო მიმართვისას პუტინმა მობილიზაციას “რუსეთის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით გადადგმული აუცილებელი გადაუდებელი ნაბიჯი” უწოდა, რაც ვერც საერთაშორისო სამართლის ნორმებში ჯდება, ვერც საღად მოაზროვნე ადამიანის ელემენტარულ ლოგიკაში.

რომელ “სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზეა” საუბარი? - პლანეტის რომელი სახელმწიფო დაესხა რუსეთს თავს, რომელმა სცადა მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა? შეუძლია ვინმეს დედამიწაზე, გვიჩვენოს რომელიმე ქვეყნის თუნდაც ერთი ჯარისკაცი რუსეთის ტერიტორიაზე? აქვს რომელიმე სახელმწიფოს რუსეთისთვის გამოცხადებული ომი? ან იქნებ ვინმეს სამომავლო განზრახვა მაინც აქვს გაცხადებული, რუსეთს თავს დაესხას და მისი რომელიმე ნაწილი მიიტაცოს? - არც ერთს, დედამიწის ზურგზე არავის! და რამდენიც არ უნდა იყბედოს კრემლის სადეზინფორმაციო პროპაგანდამ თავად რუსეთში თუ მის ფარგლებს გარეთ, ისინი საპირისპიროს ვერასდროს დაამტკიცებენ.

რეალობა, რომელსაც მთელი მსოფლიო უკვე თითქმის შვიდი თვეა, ადევნებს თვალს, ისაა, რომ სწორედ რუსეთია შეჭრილი მეზობელი სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე “ნაცისტებისგან გათავისუფლებისა” და სხვა ათასი სრულიად გამოგონილი საბაბით, რომლის არც ერთი თუნდაც მეტ-ნაკლებად სანდო მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს, ხოლო ვითომ “მტკიცებულებები” მხოლოდ კრემლის პროპაგანდისტების სადეზინფორმაციო ნაშრომებში მოიპოვება.

იგივე აქვს ჩადენილი რუსეთს 2008-ში საქართველოშიც, რომლის ტერიტორიის 20% აგრესორის მიერ დღემდეა ოკუპირებული, – ეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული ფაქტია. და როგორც რუსეთში, ისე ჩვენს ქვეყანაში მოქმედი პრორუსული ძალების ვერავითარი მცდელობა, ეს დაგვავიწყონ, პუტინს სახე მობანონ და დამნაშავეებად მის ნაცვლად საქართველოს იმჟამინდელი და უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება გამოიყვანონ, ამ რეალობას ვერ გააბათილებს.

რეალური მიზეზი

პუტინის სამარცხვინო ჯარი რომ უკრაინას არათუ თავდაპირველად გამოცხადებულ “სამ დღეში”, არამედ სამ თვეშიც ვერ აიღებდა და რუსეთში რომ სამხედრო მობილიზაცია გარდაუვალი იყო, კრემლმა თვეზე მეტია, გააცნობიერა, მაგრამ პუტინის რეჟიმისთვის ამ საბოლოოდ დამღუპველი გადაწყვეტილების მიღებას ბოლომდე აჭიანურებდა ორი მიზეზით:

1) კრემლში მშვენივრად იცოდნენ: რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი მართალია, მზადაა, გაუთავებლად ისმინოს სადეზინფორმაციო პროპაგანდა და ზოგმა ეს სიცრუე დაიჯეროს კიდეც, მაგრამ არა იმდენად, რომ პუტინის იმპერიალისტურ ზრახვებს საკუთარი და ახლობლების სიცოცხლე შესწიროს, ამიტომაც იარაღი, რომელიც მობილიზაციის ფარგლებში მოსახლეობას დაურიგდება, თავისუფლად შეიძლება, შეტრიალდეს თავად პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ;

2) მობილიზაცია ჩვეულებრივ, ომის შემთხვევაში ცხადდება, ომის გამოცხადება კი კრემლს ძალიან არ უნდოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, რუსეთი ავტომატურად აღიარებდა თავს აგრესორად იმ პირობებში, როცა მისი ჯარი მეზობელი ქვეყნის – უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზეა შეჭრილი. სწორედ ამიტომ კრძალავდა კრემლი 7 თვის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე ომის ომად მოხსენიებას და “სპეცოპერაციას” ეძახდა 7-თვიან სასტიკ სისხლისმღვრელ პროცესს, რომელმაც რუსეთის უკვე 50 000-მდე მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა (რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინულ მსხვერპლზე – ასობით მოხუცის, ქალის, ბავშვის წამებაზე, გაუპატიურებასა და ცივსისხლიან მკვლელობაზე, რისი მტკიცებულებაც უკვე ათასობითაა შეგროვებული და პუტინის რეჟიმს საერთაშორისო ტრიბუნალს უქადის).

უკრაინელთა ბოლოდროინდელმა წარმატებულმა კონტრშეტევამ, ათობით ოკუპირებული სოფლის, დაბისა და ქალაქის გათავისუფლებამ, ასევე იმან, თუ როგორი პატივითა და სიხარულით ხვდებოდა რუსეთის დროებითი ოკუპაციისგან გათავისუფლებული ტერიტორიების მოსახლეობა უკრაინულ ჯარს, მნიშვნელოვნად შეცვალა განწყობები დონბასსა და ყირიმშიც, კრემლს პროცესები დააჩქარებინა და პუტინს დრო აღარ დაუტოვა: ან კაპიტულაცია, ან მობილიზაცია აქ და ახლა.

ფეიქ-რეფერენდუმები: უკრაინისა და დასავლეთის პასუხი

მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ რუსული ჯარი მარცხდება და უკრაინის წარმატებულ, მზარდ კონტრშეტევას ვერ შეაჩერებს, კრემლმა მის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ხელდასმულ ფეიქ-ადმიისტრაციებს სასწრაფოდ, უკვე მიმდინარე კვირას, 23-27 სექტემბერს რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმები დაანიშნინა.

ამ იდეის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ფეიქ-რეფერენდუმების “დახატული” შედეგების საფუძველზე უკრაინის ეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები “რუსეთის ნაწილად” გამოცხადებულიყო და შემდგომში მათკენ უკრაინელების კონტრშეტევა “რუსეთზე თავდასხმად” გასაღებულიყო, რაც ომის გამოცხადებას, უკვე გამოცხადებული მობილიზაციის “გამართლებასა” და ახალი რუსული სამხედრო დოქტრინის საფუძველზე დასავლეთის ბირთვული იარაღის გამოყენებით დაშინების ახალ მცდელობებს დაედებოდა საფუძვლად.

თუმცა უკვე ნათელია, რომ ამ “აბს” საერთაშორისო თანამეგობრობა არ “გადაყლაპავს”. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ისე მსოფლიო ლიდერებმა 21 სექტემბერსვე განაცხადეს, რომ პუტინი საერთაშორისო სამართლის ნორმებს ურცხვად არღვევს, მაგრამ ეს ვერაფერს შეცვლის, რადგან ამ ფეიქ-რეფერენდუმებსა და მათ ფეიქ-შედეგებს არავინ არასოდეს აღიარებს.

აქვს თუ არა პუტინის გეგმას არადასავლური ქვეყნების მხარდაჭერა

რუსული პროპაგანდისტული მედია ბოლო დღეებში აქტიურად ავრცელებდა ცნობებს, თითქოს “შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” ამასწინანდელ სამიტზე პუტინმა ახალი უკრაინული ტერიტორიების ანექსირების გადაწყვეტილების კუთხით არადასავლური ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვა.

თუმცა რეალურად, თუ იმ სამიტის შესახებ როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალურად გაჟონილი ინფორმაციებით ვიმსჯელებთ, ყველაფერი ზუსტად პირიქითაა: პუტინის მოქმედებაცა და სამომავლო გეგმებიც დაგმეს, ომის სასწრაფოდ დასრულება ურჩიეს უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარის სრულად გაყვანით და ამასთანავე, მოსთხოვეს, შეწყვიტოს საუბარი მთელი “არადასავლეთის” სახელით, რომელსაც “საკუთარი სისუსტითა და არაკომპეტენტურობით ჩრდილს აყენებს”.

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებში არსებული სადავო საკითხები იშვიათად ჟონავს საჯარო სივრცეში, მაგრამ ამჯერად გაჟონა – და აშკარად პეკინის ინიციატივით. ჩრდილოეთ აზიელი მოკავშირეების მხრიდან კი პუტინმა პიეტეტის აშკარა კლება იგრძნო.

რატომ არ სურს არავის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსულად აღიარება

საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, საქმე აქ ძალიან მარტივადაა და კრემლის შინაური თუ გარე პროპაგანდისტების ცრუ “არგუმენტები” ვერაფერს გააბათილებს: ომის პირობებში ჩატარებული ვერავითარი რეფერენდუმი თუ პლებისციტი ლეგიტიმური ვერ იქნება; გაერო-ს წესდების მე-2 პუნქტის მე-4 მუხლი სახელმწიფოთა ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას, ანუ ანექსიას კრძალავს.

2014 წელს, რუსეთის მიერ უკრაინული ყირიმის ანექსიის შემდეგ ვენეციის კომისიამ საკითხი განიხილა და გამოიტანა დასკვნა, რომ კრემლის ეს ნაბიჯი უხეშად არღვევს სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული სუვერენიტეტის, შიდა საქმეებში ჩაურევლობის საერთაშორისო პრინციპებს და რომ ის ე.წ. რეფერენდუმი, რომელიც რუსეთმა მაშინ ყირიმის ანექსიამდე ჩაატარა, არ შეესაბამებოდა დემოკრატიული სამყაროს სტანდარტებს. “ეს დასკვნები ძალაშია დღესაც და უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას ეხება”, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენმდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.

ამავე მიზეზით არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთთან მიერთების საკითხზე ჩატარებული ე.წ. რეფერემდუმების შედეგებს და არც იმ ე.წ. რეფერენდუმის შედეგები იქნება აღიარებული, რომელიც რუსეთ-ბელარუსის ე.წ. საკავშირო სახელმწიფოში გაერთიანების თემაზე ამასწინათ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ახსენა.

ეს – მათ საყურადღებოდ საქართველოში, ვინც კრემლის პროპაგანდას აყოლილი, გაიძახის, “ამდენი მოქალაქე რომ ეხოცება და ქვეყანა თავზე ემხობა ზელენსკის, დამნაშავეა, ომის სასწრაფოდ შესაწყვეტად რუსეთის მოთხოვნას რომ არ აკმაყოფილებს და ტერიტორიების ნაწილს არ თმობსო”.

პუტინის მორიგი ბირთვული მუქარა “ბლეფი არაა”?

21 სექტემბერს, მობილიზაციის გამოცხადებისას პუტინი უკრაინასა და დასავლეთს მორიგ ჯერზე დაემუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით და იქვე მიაყოლა, “ეს ბლეფი არააო”. პასუხმაც არ დააყოვნა და იმაზე მეტყველებს, რომ პუტინს ცალსახად უჯობს, ეს “არაბლეფი” ამჯერადაც ბლეფად დატოვოს.

ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, მაგრამ ამჯერად უფრო მკაცრად, მსოფლიო ლიდერებმა მიანიშნეს აგრესორი ქვეყნის მმართველს, რომ მისი მხრიდან მსგავსი ნაბიჯი უპასუხოდ არც ერთ შემთხვევაში არ დარჩება და რომ ბირთვულ ომში მოგებულები არ იარსებებენ.

გარდა ამისა, თავად რუსეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ეს მუქარა სხვა არაფერია, თუ არა პუტინის მორიგი ბლეფი იმ პირობებში, როცა უკრაინაში მისი ჯარის მარცხი უკვე აშკარად გამოიკვეთა: წარმატებული უკრაინული კონტრშეტევის შესაკავებლად რუსეთმა ვერაფერი გააკეთა და ცდილობს, ამას ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით მაინც მიაღწიოს.

ვის სურს სიკვდილი პუტინისთვის

უკვე ნათელია, რომ პუტინის ახალი “აბის” გადაყლაპვას არც თავად რუსეთის მოსახლეობა გეგმავს.

21 სექტემბერსვე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში დაიწყო ომისა და მობილიზაციის მიმართ საპროტესტო გამოსვლები, რომლებზეც ასეულობით მოქალაქე დააკავეს.

«სურთ, ათასობით რუსი მამაკაცი – ჩვენი მამები, ძმები, ქმრები – საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ! და რისთვის? - პუტინის სასახლეებისთვის? პუტინის იმპერატორის ტიტულისთვის? აი ეხლა კი ომი ჩვენს კარზეც აკაკუნებს, თითოეული ჩვენგანის ოჯახში შემოდის და დროა, გამოვფხიზლდეთ!», – ნათქვამია მოძრაობა «Весна»-ს (“გაზაფხულის”) მიმართვაში, რომელიც მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებას გეგმავს.

რუს მამაკაცებს პუტინისთვის ბრძოლის “მოტივაციას” ვერც სტალინისეული ახალი კანონი უქმნით

მობილიზაციის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, 20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაჩქარებული წესით, ერთბაშად სამივე მოსმენით, ერთხმად მიიღო შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელშიც ჩაემატა ცნებები «მობილიზაცია», «საომარი მდგომარეობა», განისაზღვა 10-წლიანი სასჯელი ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებისთვის და 15-წლიანი მობილიზაციისთვის თავის არიდებისათვის.

რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ ბევრს ენიშნა, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკულად იმეორებს სტალინის დროინდელ სისხლის სამართლის კოდექსს, მათ შორის – მეორე მსოფლიო ომის დროს მიღებულ შესწორებებს, რომელმაც ომში წასვლისათვის თავის არიდება და ტყვედ ჩავარდნა გაციმბირების გზად აქცია.

თუმცა თუ ბოლო ორი დღის მოვლენებით ვიმსჯელებთ, პუტინს ვერც სტალინისეული კანონები უშველის: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუს მამაკაცებს სამშობლოში ვერც 15-წლიანი სასჯელის მიღების რისკი აკავებს. მეორე დღეა, ისინი მასობრივად ტოვებენ რუსეთს. სოცქსელებსა და დამოუკიდებელ მედიაში უამრავი ფოტო და ვიდეო ვრცელდება, რომელიც მოსაზღვრე ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეთა გაქცევის მცდელობებს ასახავს.

შეაჩერებს თუ არა პუტინის ბოლო სვლა უკრაინას?

კრემლთან დაახლოებული წყაროები რუსულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან საუბრისას აღიარებენ, რომ რუსეთის ხელისუფლების ჩანაფიქრით, «რეფერენდუმებმა» უკრაინული კონტრშეტევა უნდა შეაჩერონ, რადგან «უკრაინელები რუსეთთან მიერთებულ ტერიტორიებზე შეტევას ვერ გაბედავენ”.

უკვე ანექსირებულ ყირიმთან მიმართებაში ეს ღიად დაადასტურა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა («ყირიმი რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია და რუსეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე პრეტენზიებს საკადრისი პასუხი მოჰყვებაო”), ხოლო ლუჰანსკსა და დონეცკთან მიმართებაში – სენატორმა ოლგა კოვიტიდიმ («რეფერენდუმების შედეგების გამოცხადების შემდეგ კიევის შესაძლო შეტევები ლუჰანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებზე აღქმული იქნება აგრესიად რუსეთის წინააღმდეგო”).

თუმცა როგორც უკრაინელ, ისე რუს ექსპერტებს ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნიათ, პუტინის გადაწყვეტილება შედეგიანი აღმოჩნდეს და მოსკოვმა უკრაინელთა კონტრშეტევის შეჩერების მიზანს მიაღწიოს.

როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ბორის ბაბინი აღნიშნავს, კრემლი ბლეფს განაგრძობს: “ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიო უკვე არაერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ კრემლისა და მისი პროპაგანდისტების მანტრა “რუსული ტერიტორიების ხელშეუხებლობის” შესახებ ჩვეულებრივი ბლეფია. ეს ეხება არა მარტო ანექსირებულ ყირიმს, არამედ უკრაინის მოსაზღვრე კურსკის, ბელგოროდის, როსტოვის ოლქებსაც. რით უპასუხა მოსკოვმა იქ სამხედრო საწყობებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას? - მორცხვი დუმილით! შესაბამისად, ახლა ვინმე ძნელად თუ დაიჯერებს კრემლის მორიგ გაფრთხილებებს, “წითელ ხაზებსა” და მუქარებს – თუნდაც დაკავშირებულს ბირთვულ იარაღთან. აკეთებს რა განცხადებებს დონეცკის, ლუჰანსკის, მელიტოპოლისა და ხერსონის დაგეგმილი ანექსიის თაობაზე, კრემლი დღეს მაქსიმალურად ტრაგიკომიკურად გამოიყურება”.

სამხედრო ანალიტიკოსი იური ფეოდოროვი თვლის, რომ მობილიზაციამ ფრონტზე რუსული ძალების მდგომარეობა შესაძლოა, ცოტა გააუმჯობესოს, თუმცა ომის მიმდინარეობას ვეღარ შეცვლის: “ზამთრის განმავლობაში, გაზაფხულამდე შესაძლოა, ათობით ათასი მოქალაქე იქნას გაწვეული, მაგრამ არა იმდენი, რამდენსაც რუსეთის ხელმძღვანელობა ვარაუდობს. უპირველესად, ხალხში არაა არავითარი მოტივაცია. შეძლებენ თუ არა ადამიანები მობილიზაციისთვის თავის არიდებას? რა თქმა უნდა! - საკმარისია, დაიმალო, ან ქრთამი გადაიხადო – ყველამ ვიცით, რამდენად კორუმპირებულია რუსული კომისარიატები და მილიცია. ამასთანავე, რეალურად დიდი რაოდენობებისთვის რუსულ თავდაცვას ელემენტარული ეკიპირებაც კი არ გააჩნია და ეს ომის პირველ თვეებშიც კარგად გამოჩნდა. გარდა ამისა, ამ ადამიანებს სჭირდება მომზადება: მათ იმ ნაწილსაც კი, რომელსაც გარკვეული სამხედრო გამოცდილება გააჩნდა, მაღალი ალბათობით, ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი დავიწყებული აქვს. დრო კი ამ ომში გადამწყვეტი ფაქტორია და დღეს უკრაინაზე მუშაობს, რომელიც აგრძელებს წარმატებულ კონტრშეტევას ლუჰანსკისა და ხერსონის ოლქებში. საკითხავია, შეძლებენ კი მობილიზებულთა ფრონტზე გადასროლის მომენტისთვის ამჟამად უკრაინაში მყოფი რუსული ძალები პოზიციების შენარჩუნებას? ასე, რომ მთლიანობაში, მობილიზაცია ფრონტზე რუსული ჯარის მდგომარეობას გარკვეულწილად ალბათ, გააუმჯობესებს, მაგრამ დიდი ეჭვი მეპარება, რუსეთმა შეძლოს ომის პირველი კვირების გამოცდილების განმეორება – არავითარი ენერგიული წინსვლა აღარ გამოვა”.

პოლიტოლოგი ეკატერინე შულმანი ე.წ. რეფერენდუმებსა და მობილიზაციის გამოცხადებას საბედისწერო შეცდომად მიიჩნევს: “გასაგებია, რომ ეს რეფერენდუმები ქაღალდზე დატანილი ვითომ საფუძველი იქნება მობილიზაციისთვის: ვიერთებთ ახალ ტერიტორიებს, შემდეგ უკრაინის ჯარი მათ “თავს ესხმის” და გამოდის, რომ აგრესორი, ჩვენი ჭკუით, ახლა უკვე უკრაინაა და არა ჩვენ, რაც ჩვენი კანონებით, საფუძველს ქმნის საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციისთვის… მაგრამ არსებობს ერთი “პატარა” პრობლემა: ტერიტორიების გადმოფორმება და ინტეგრაცია დროს მოითხოვს, ისევე, როგორც მობილიზაცია და რა ჰგონიათ - რომ მთელი ეს დრო უკრაინა ჩვენს მოლოდინში გაინაბება?! დროა, რუსეთის მოქალაქეებმა იზრუნონ თავის სამართლებრივ სტატუსსა და ადგილსამყოფელზე, თორემ ომისგან განსხვავებით, საკუთარი მოქალაქეების ტერორი ჩვენს ხელისუფლებას კარგად გამოსდის და რით დასრულდება ეს ყველაფერი, უკვე დღესაა ნათელი”.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი კი პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის “საუკეთესო საჩუქრად” აფასებს და დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმებსა და მობილიზაციას არავითარი სხვა შედეგი არ მოჰყვება, თავად პუტინის რუსეთში რევოლუციისა და იმპერიის საბოლოო ნგრევის გარდა.

“მიზეზები მარტივია:

1. იმ დაუწერელი საზოგადოებრივი შეთანხმების («ომი მხოლოდ ტელევიზორშია») რღვევა, რომელზეც იდგა დღემდე პუტინის რეჟიმი;

2. მობილიზაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის, უპირველესად კი იმ უმცროსი მეთაურების არარსებობა, რომლებმაც მობილიზებული ბრბო ჯარად უნდა აქციონ;

3. მოტივაციის არარსებობის პირობებში მობილიზებულთა უაღრესად დაბალი ბრძოლისუნარიანობა;

4. მობილიზებულთა შორის ომის ფარულ მოწინააღმდეგეთა დიდი რაოდენობა. ამიერიდან ეს იქნებიან არა უბრალოდ ადამიანები, რომელთაც პუტინი სძულთ, არამედ შეიარაღებული პირები, რომლებიც ემტერებიან პუტინს…

დიდხანს ვფიქრობდი, ეყოფოდათ თუ არა “გონიერება”, ჩაედინათ ეს იდიოტიზმი მობილიზაცია-რეფერენდუმების სახით – და ჩაიდინეს, გაამართლეს ჩვენი ყველაზე ოპტიმისტური იმედები! ეს უზარმაზარი საჩუქარია ჩვენთვის: იმპერიალისტური ომის ვადების სულ მცირე, ნახევარი ან ერთი წლით შემცირება და ამავდროულად თავად რუსეთში სამოქალაქო ომის ალბათობის მკვეთრი ამაღლება” – წერს არესტოვიჩი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები