
„უნდა ვიმოქმედოთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, ენერგომარშრუტების დაცვისთვის, მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნებისა და რეგიონალური კავშირების გაზრდისთვის“
22/09/2022 18:15:09 პოლიტიკა
ჩვენი მიზანია სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად,– განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, „ევროკავშირის კოლეგებთან ერთად უკვე ვიხილავთ ფლაგმანი პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც დამატებით ეკონომიკურ ეფექტს იქონიებს და კატალიზატორად იქცევა ევროკავშირთან და მის ბაზართან ჩვენი რეგიონის გაზრდილი კავშირისა და ინტეგრაციისთვის“. განცხადება პრემიერმა გააკეთა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში, მათ შორის, მმართველი გუნდის წევრების ჩართულობით ანტიდასავლური კამპანიაა გაჩაღებული, მათ შორის, საქართველოს „ომში ჩათრევა უნდათ“ რიტორიკით.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მის მიერ ხსენებული თანამშრომლობით სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა და დასავლეთის მოკავშირეები ისარგებლებენ:
„ახლა უნდა ვიმოქმედოთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, ენერგომარშრუტების დაცვისთვის, მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნებისა და რეგიონალური კავშირების გაზრდისთვის, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური განვითარების ტემპი. ყოველივე ეს აუცილებელია ევროპული მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.