საქართველოში მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა ახალ ნაკადად მომავალთათვის "გადარჩენის გზამკვლევი"  გაავრცელეს

23-09-2022 23:17:51 პოლიტიკა

ინტერნეტში პოპულარობას იკრებს "გადარჩენის გზამკვლევი" რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოსკენ აიღეს გეზი. რეკომენდაციების კრებული იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქვეყანაში, რომელსაც რუსეთი 2008 წელს ეომა, რუსულენოვან ტელეგრამ-არხ Tbilisi_life-ში გამოქვეყნდა.

საქართველოში მცხოვრები რუსების მიერ შექმნილ ჩატში რიგი პრაქტიკული რჩევებია მოცემული. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ საქართველოში შემოსვლა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტითაა შესაძლებელი, ქვეყანაში შემოსვლის მსურველს ვაქცინაციის ან პისიარ-ტესტის შესახებ ცნობა არ მოეთხოვება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს და რომ საქართველოში არ მოქმედებს რუსული საგადახდო სისტემა «Мир»-ი.

გარდა ამისა რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ საქართველოში შეიძლება, გადააწყდნენ წარწერებს F*** Russia/Putin და Russians go home და რომ საქართველოში "ძალიან მაღალია უკრაინის მხარდაჭერა", რომლის დროშებს "პატარა მაღალმთიან სოფლებშიც კი ნახავენ". იქვე რუსეთის მოქალაქეებს სთავაზობენ საქართველოში, უკრაინელების დახმარებაში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.

გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებენ არ გამოიყენონ საქართველოში გეორგიევსკის ლენტები, რადგან "ეს ოკუპაციის მხარდაჭერის ნიშანია, ხოლო საქართველოს 20% დღემდე რუსეთის მიერაა ოკუპირებული".

"ხოლო თუ Z- სიმბოლომ და იდეოლოგიამ თქვენი ტვინი დაიპყრო, მაგრამ პირველი შეხედვით ეს არ გეტყობათ, გაფრთხილებთ, რომ საქართველოში შემოსვლისთანავე იქნებით იდენთიფიცირებულები" - ნათქვამია გზამკვლევში.

ტელეგრამ-ჩატ «Верхний Ларс»-ის მომხმარებელთა ინფორმაციით, ქართველი მესაზღვრეები არ უშვებენ საქართველოში ავტომობილებს გეორგიევსკის ლენტებითა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის Z-სიმბოლიკით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები