ვაშაძე: "ჩვენი მოთხოვნაა, დროებით ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის"
26/09/2022 08:56:32 პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის დროებით ჩაკეტვას მოითხოვს.
მისი თქმით, უნდა იყოს მხოლოდ სამი გამონაკლისი:
"ბოლო დღეების განმავლობაში ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ყოველდღიურად შემოდის საქართველოში და ლარის გამშვებ პუნქტთან უზარმაზარი რიგი დგას. შესაბამისად, "სტრატეგია აღმაშენებლის" მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. იყოს სამი გამონაკლისი მხოლოდ: საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება დაბრუნდნენ სამშობლოში, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც არიან ქართველები რუსეთის ფედერაციაში, ჰქონდეთ საქართველოში შემოსვლის უფლება და ჰუმანიტარული მიზნებისთვის თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა იქნება".
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა მოქალაქეებს მოუწოდა ხელი მოაწერენ პეტიციას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის დროებით ჩაკეტვას შეეხება.
ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.
რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.
21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც. პოლიცია აქციებს ძალის გამოყენებით შლის და მონაწილეებს აკავებს.


