"სამარცხვინო, საზიანო და მოღალატეობრივია ომის შიშით ადამიანების მოტყუება, რომ რუსეთთან „ჩაწოლით“ და დალაგებით გადავრჩებით მსხვერპლს"
27/09/2022 07:21:38 პოლიტიკა
ძალიან სამარცხვინო, საზიანო, მოღალატეობრივია ომის შიშით ადამიანების მოტყუება, რომ რუსეთთან ჩაწოლით და დალაგებით მსხვერპლს გადავრჩებით - მოღალატეობრივია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ რუსეთის წინაშე მარტოს და მოუმზადებელს დაგვტოვებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს"ლიდერმა გიგა ბოკერიამ გმირთა მემორიალთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "უკრაინის გმირულმა ბრძოლამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება დავიცვათ და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ".
"ვითარება უკრაინის გმირული ბრძოლის გამო შეცვლილია. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენი თავისუფლება დავიცვათ და ჩვენი მოქალაქეები სახლებში დაბრუნდნენ, რომ აღმოფხვრათ გენოციდის შედეგები და ვიყოთ დაცულები, უსაფრთხო და თავისუფალი ქვეყანა. ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ ვართ ფორმაში ქვეყნის შიგნით. ჩვენ თუ დავუშვით იგივე შეცდომა, როგორც ქვეყანამ, კიდევ თაობებს გავწირავთ ამ ჭაობში და სისხლისღვრაში. ამიტომ არის ძალიან სამარცხვინო, საზიანო, მოღალატეობრივი ომის შიშით ადამიანების მოტყუება, რომ რუსეთთან „ჩაწოლით“ და დალაგებით გადავრჩებით მსხვერპლს. პირიქით არის ყველაფერი. მოღალატეობრივია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ მარტოს და მოუმზადებელს დაგვტოვებს რუსეთის წინაშე და სწორედ ეს პოლიტიკა მოიტანს მეტ მსხვერპლს, თუ არ შევცვალეთ და არა პირიქით", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ახლობლები და რიგითი მოქალაქეები გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს მთავრობის, პარლამენტის და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი პირი კი დევნილად იქცა.
აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.
სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა, რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.


