მედია – რუსეთი „ზემო ლარსთან“ სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს
27/09/2022 07:36:55 პოლიტიკა
საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან უახლოეს პერიოდში სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა, – იუწყება რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის თავდაცვის სამისტროზე დაყრდნობით.
უწყების ინფორმაციით, გუშინ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსის, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელების მონაწილეობით თათბირი გაიმართა.
ჩრდილოეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, ასევე რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც ქვეითებს საზღვრის კვეთის ნებას რთავს. მისი ცნობით, საზღვრის მიმართულებით მანქანების ნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება.
26 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მიმართულებით, 37 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
"ეს მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით, 23.3%-ით მეტია", – განაცხადა ტომაევმა.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 21 სექტემბერს გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრ შოიგუს მტკიცებით, მობილიზაცია ეხება 300 ათას რეზერვისტს. გამოცემა "Новая газета" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინის განკარგულების გასაიდუმლოებული მუხლი მილიონი ადამიანის გაწვევას ითვალისწინებს.
21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეები დააკავა.
პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.


