კობახიძე: "რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს პირველ რიგში, ქართველების ინტერესებს დააზიანებს"
27/09/2022 08:33:30 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს პირველ რიგში, ქართველების ინტერესებს დააზიანებს".
"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ინტერესები იყოს დაცული, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და საქართველოდან არიან წასული. ყველა საკითხი აწონ-დაწონილი უნდა იყოს, ეს არის სახელმწიფო უწყებების საქმე და ისინი მუშაობენ პასუხისმგებლობით. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოები ინტერესები იყო დაცული და მომავალშიც ბოლომდე იქნება დაცული. რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ - აპრიორი საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს პირველ რიგში, ქართველების ინტერესებს დააზიანებს. ამის მიღმაც უამრავი საკითხია, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება, ვითარება კონტროლქვეშაა",– განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 21 სექტემბერს გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრ შოიგუს მტკიცებით, მობილიზაცია ეხება 300 ათას რეზერვისტს. გამოცემა "Новая газета" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინის განკარგულების გასაიდუმლოებული მუხლი მილიონი ადამიანის გაწვევას ითვალისწინებს.
21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეები დააკავა.
პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.


