კობახიძე: "დახურულ რეჟიმში, რამდენიმე NGO-ს კლანმა სახალხო დამცველის კანდიდატები დაასახელა"
27/09/2022 08:53:47 პოლიტიკა
„მდიდარმა არასამთავრობოებმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ“,- ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანზაციების (NGO) მიერ სახალხო დამცველის კანდიდატების დასახელების ფაქტს.
მისი თქმით, "დახურულ რეჟიმში, რამდენიმე NGO-ს კლანმა სახალხო დამცველის კანდიდატები დაასახელა".
„საზოგადოებას უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა შევთავაზეთ, ნებისმიერ ადამიანს მივეცით საკუთარი კანდიდატურის დასახელების საშუალება, პარლამენტში ერთგვარი კონკურსი გამოცხადდა და კანდიდატებს მხოლოდ ოპოზიცია ასახელებს. ეს არის გახსნილი პროცესი, რომელიც შევთავაზეთ საზოგადოებას. ამ დროს მთლიანად დახურულ რეჟიმში, რამდენიმე არასამთავრობოს კლანი თავის კანდიდატებს ასახელებს. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად მოვლენების მიმართ. ეს არის ძალიან დახურული კლანი და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დახურული ფორმატებით, დახურული პროცედურებით. ჩვენ ვართ გახსნილი და ღია, ისინი არიან დახურული. ამ სამი კანდიდატიდან ნებისმიერ მათგანს შეუძლია, განაცხადი შემოიტანოს იმ საჯარო კონკურსში, რომელიც პარლამენტის მიერ არის გამოცხადებული. ამის შემდეგ, მათ არასამთავრობო ორგანიზაციები შეაფასებენ და თუ ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები გადაწყვეტენ, მათ კანდიდატურებს დაასახელებენ. მათ ზუსტად ისეთივე სამართლიანი კონკურსი უნდა გაიარონ, რაც გამოცხადებულია ნებისმიერი პირისთვის. ვერავისთვის ვერ იქნება უპირატესობა მინიჭებული, ვერც ვერავის დავჩაგრავთ. კონკურსი გამოცხადებულია, კეთილი ინებონ, განაცხადები შემოიტანონ, შეფასებები იქნება და მათ ფრაქციები დაასახელებენ. ასეთ შემთხვევაში სამართლიანობა იქნება დაცული. რაც შეეხება, მდიდარი „ენჯეობის“ შემოთავაზებულ დახურულ პროცედურას, ამას ვერ გავიზიარებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
არასამთავრო ორგანიზაციებმა „ფონდ ღია საზოგადოების“ ოფისში ომბუდსმენობის სამი კანდიდატი დაასახელეს. ესენია: ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე.


