"სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა, რომელმაც ყველას გვაჩვენა, აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობასაც, რომ ეს წლები არაფრის მომტანი იყო"
27/09/2022 11:09:12 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღევანდელი დღე არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე. ამ დღისთვის დაცემული გმირების ხსოვნა არის ჩვენთვის, ყველასთვის ვალდებულება და ეს მეხსიერება არასდროს უნდა დაიკარგოს. თითქმის 30 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა და ამ ერთმა თაობამ გვაჩვენა ყველას და მე ვფიქრობ, აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობას, რომ არაფრის მომტანი არ იყო ეს თითქმის 30 წელი, არა აფხაზეთის კულტურისა და ენისთვის, არა მისი ეკონომიკისთვის, არა განვითარებისთვის და ეს არის ის, რასაც ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს აფხაზეთში, ამას ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის. ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ მზად, რომ დავინახოთ და ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო იწყება, ახალი პერსპექტივა, ახალი ურთიერთობა და ამაზე უნდა ვიფიქროთ. გლოვა არ ყოფნის, გლოვა აუცილებელია, რომ ვიცოდეთ რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში ცხოვრება არ შეიძლება, უნდა ვიცხოვროთ მომავლისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალი ბევრს მოგვიტანს მალე. ამას ვხედავთ, როცა გამოდის იქ მოსახლეობა ბიჭვინთის საკითხზე, როცა რეაქციები აქვთ მობილიზაციაზე, ეს ყველაფერი არის ის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ახლობლები და რიგითი მოქალაქეები გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს მთავრობის, პარლამენტის და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი პირი კი დევნილად იქცა.
აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.
სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა, რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.


