27-09-2022 17:09:52 პოლიტიკა ,ინტერვიუ
“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა”, “კავკასიის პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა” და “საგარეო პოლიტიკის საბჭო - უკრაინული პრიზმა”-მ პროექტ Black Sea Trust for Regional Cooperation-ის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა ერთობლივი პოლიტიკის დოკუმენტი: "უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გავლენა შავი ზღვის ფართო უსაფრთხოებაზე: საქართველო, უკრაინა და აზერბაიჯანი". დოკუმენტი, მათ შორის, ფოკუსირებულია შემდეგ საკითხებზე: როგორ აღიქვამენ პოლიტიკური ელიტები და ექსპერტები საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილ გამოწვევებს? რა შეიძლება, იყოს საუკეთესო სტრატეგია უკრაინის, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების მისაღებად? დოკუმენტზე მუშაობისას გამოკვეთილ ძირითად მიგნებებზე და ამ კუთხით აქტუალურ საკითხებზე „აქცენტი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, პოლიტიკის მეცნიერს, კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა
კორნელი კაკაჩია: მიუხედავად იმისა, რომ მთავრობების დრონეზე დღეს საუკეთესო ურთიერთობები არ გვაქვს, საქართველოსა და უკრაინაში ხედვები მეტ–ნაკლებად დაემთხვა ერთმანეთს საერთო გამოწვევებიდან გამომდინარე: ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ხედვები ერთნაირია – ორივე ქვეყანა აქეთკენ მიისწრაფის, აზერბაიჯანს კი მსგავსი ამბიცია არ აქვს – მისთვის მნიშვნელოვანია თურქეთთან ურთიერთობა, ევროკავშირს ეკონომიკური კუთხით განიხილავს (მის პოლიტიკაში ფასეულობებზე დაყრდნობილი ხედვები არაა), ხოლო რუსეთთან ბალანსირების პოლიტიკა აქვს.
ამასთან, მნიშვნელოვანია მოლოდინები: ამ კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მეტის მოლოდინი იყო ნატო–სა და ევროკავშირისგან, სინამდვილეში კი ბრიტანეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების იმიჯი უფრო მაღლა დადგა, ვიდრე ამ ორგანიზაციების, რაც წევრი ქვეყნების პოზიციონირებით არის გამოწვეული. ასევე გამოიკვეთა, რომ ნატო–სა და ევროკავშირს რეგიონთან დაკავშირებით ახალი ხედვები ესაჭიროებათ: საჭიროა შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი ფუძემდებლური დოკუმენტების განახლება ახალი რეალობების გათვალისწინებით. ჩვენც ვცდილობთ, აქეთკენ ვუბიძგოთ ევროკავშირს და მოვამზადეთ რეკომენდაციებიც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ სადღეისოდ რეალობა შეცვლილია, ჩვენ არ ვიცით, უკრაინის ომის შედეგები როგორი იქნება და მეტად უნდა გააქტიურდნენ. აქამდე შავი ზღვა ევროკავშირს მხოლოდ ბულგარეთის და რუმინეთის კონტექსტში აინტერესებდა, დღეს კი შავი ზღვა ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი გახდა – აქ მშვიდობა მეტ–ნაკლებად განაპირობებს მშვიდობას ევროპაში და შესაძლოა, გლობალურ მშვიდობასაც. ამიტომ, იმგვარი პოზიცია, რომ პოზიცია არ მექნება (საქართველოს მთავრობისა არ იყოს), ვიქნები ჩუმად და თუ რამე, რეაქციას მოვახდენ, არ გამოვა – რეაგირების რეჟიმში ვერ იქნება, საჭიროა ხედვები, სტრატეგიები, თუ რა უნდა გააკეთონ ამ რეგიონთან მიმართებით. ასევე მნიშვნელოვანია (განსაკუთრებით საქართველოსთვის), ურთიერთკავშირი: ჩვენ ევროკავშირთან პირდაპირი სახმელეთო კავშირი არ გვაქვს და ევროკავშირმა უნდა იფიქროს, შავი ზღვის უსაფრთხოებაში გაითვალისწინოს საქართველოსთან, როგორც მომავალ წევრთან დაკავშირებულობა. ეს პრობლემა სხვა მიზეზებთან ერთად უშლის ხელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტსაც. ამდენად, საკითხს ევროკავშირმა სტრატეგიულად უნდა შეხედოს. აქ მხოლოდ საქართველოზე არაა საუბარი, მას ებმის ცენტრალური აზია, სხვა რეგიონები გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რადგან ომამდე რუსეთი იყო მთავარი გამტარი. ახალ რეალობას ახალი ხედვები, მათ შორის, დაფინანსებები სჭირდება. მესმის, რომ ამჟამად უკრაინის თემაა აქტუალური, მაგრამ ამ საკითხების გადადება არ შეიძლება, ის უნდა გახდეს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ქვაკუთხედი. ჩვენი მიზანი იყო, მათ ენახათ, როგორია განწყობებია აქ, პოლიტიკური ელიტები როგორ რეაგირებენ, როგორია მათი შეხედულებები თითოეული აქტორის პოზიციაზე, როგორ ხედავენ მომავალს და რა შეიძლება, გააკეთოს თითოეულმა აქტორმა. საქმე იმაშია, რომ თავად ევროკავშირშიც არ აქვთ ჯერ ინფორმაცია. თუ კითხვას დასვამთ, გეტყვიან, რომ „არ ვიცით, ადგილზე უნდა ვნახოთო“. ხოლო ადგილზე ვინ უნდა მოკრიბოს ინფორმაცია? ჩვენნაირმა ხალხმა, თუმცა ეს საკმარისი არ არის: შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს პოლიტიკის შემუშავება, საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, ბიუჯეტის გამოყოფა და ა.შ. პროცესი უნდა დაიძრას. ჩვენი ამოცანაა, მეტად ვიაქტიუროთ, რადგან უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე მეტად მოწყვლადები ვართ.
- თქვენ ყურადღება გაამახვილეთ, როგორ აღიქვამენ პოლიტიკური ელიტები უსაფრთხოების შეცვლილ გარემოს. ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის რა ხედვები გამოიკვეთა?
- ხელისუფლებიდან არ დაგვთანხმდნენ ინტერვიუებზე, სამინისტროების წარმომადგენლები კი უფრო ნიუანსურად უყურებენ პროცესს. იგრძნობა, რომ ისინი გარკვეულწილად თანაუგრძნობენ ამ საგარეო პოლიტიკას. შესაძლოა, ბოლომდე მათაც არ მოსწონთ ყველაფერი, მაგრამ „შექმნილი სიტუაიციიდან გამომდინარე, ალბათ ცუდი ვარიანტი არ არის ის საგარეო პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვატარებთო“.
- და როგორია ეს საგარეო პოლიტიკა?
- რუსეთის არგაღიზიანება, სტაბილურობის, მშვიდობის შენარჩუნება, როგორც თავად ამბობენ.
უშუალოდ შავი ზღვის საკითხს რომ დავუბრუნდე, ევროკავშირისგან კი ვითხოვთ სტრატეგიულ ხედვას, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ცალკე სტრატეგია. უამრავი დოკუმენტია გასაახლებელი, რომელსაც უსაფრთხოების ხედვები დაეფუძნება. აქ რომ სერიოზული ჩავარდნები გვაქვს, ყველამ დიდი ხანია, იცის. რატომღაც, ამისთვის არავის სცალია. მსგავს ვითარებაში კი, როდესაც უსაფრთხოების ფუძემდებლური დოკუმენტი არ გაქვს, შავ ზღვაზე საუბარი ფუფუნებაა. ვიცი, რომ უსაფრთხოების საბჭო მუშაობდა, მზად ჰქონდათ დოკუმენტი, მაგრამ ის უკვე მოძველდა, ომის დამთავრების შემდეგ კი ეროვნული უსაფრთხოების ახალი ხედვა დაგვჭირდება, რადგან სრულიად შეცვლილი გარემო იქნება, შეიცვლება განწყობებიც.
- ასევე საინტერესოა, რა ხედვებია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. საქართველოში ნატო-ს მიმართ მხარდაჭერა მაღალია, მაგრამ ასევე მახვილდება ყურადღება ორმხრივ ურთიერთობებზე, მცირე ალიანსებზე...
- ქართველმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ბრიტანეთი გამოიკვეთა როგორც ერთ–ერთი პოტენციური ქვეყანა, რომელთანაც შეიძლება მცირე ალიანსის შექმნა პოლონეთთან და უკრაინასთან ერთად, ვიდრე საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ იდეის დონეზეა. მქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის ელჩთან და რეალურად, ბრიტანეთში ამის უკან რაიმე შემუშავებული პოლიტიკა დღეს არ დგას. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება მათთვის მცირე ალიანსები, შემდეგ ამას სხვები როგორ შეხედავენ... ამდენად, ეს ბჭობის საკითხია. ზოგადად, უკრაინის უსაფრთხოების საკითხია მნიშვნელოვანი, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს საკითხსაც, რადგან, მოგვწონს თუ არა, ჩვენ მას ვართ მიბმული. და სწორედ იმიტომ, რომ ობიექტი არ გახდე ამ სისტემაში, აქტიურობაა საჭირო: სუბიექტი გულისხმობს, როდესაც შენც შეგიძლია რაღაცის კეთება, ხოლო როდესაც საგარეო პოლიტიკის ობიექტი ხარ, შენს ნაცვლად სხვები გადაწყვეტენ. ამიტომაც, დისკუსიებია საჭირო.
- თურქეთის როლზე გამახვლდა ყურადღება?
- დიახ და ძალიან საინტერესო იყო, რომ აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველო და უკრაინა ცოტა სკეპტიკურად უყურებენ თურქეთის როლს: ანკარის ლავირების პოლიტიკა და რუსეთთან მისი სტრატეგიული ურთიერთობები აშინებთ და ბოლომდე არ ენდობიან. ეს ეხება იმასაც, რომ მაგალითად, ხვალ რომ ომი იყოს, ნატო-ს წევრი ჩვენი უახლოესი მეზობელი სწორედ თურქეთია და წესით, მან უნდა დაგვიცვას, მაგრამ შენ თუ ნდობა არ გაქვს მისი ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ... ამ კუთხით თურქეთის იმიჯი დაზიანებულია: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭრეს, იმავდროულად კი აფხაზებთან პირდაპირ კავშირს ინარჩუნებს – მიმდინარეობს ვაჭრობა და ა.შ. თავად კი ამბობს, „ეს ჩემი საქმე არ არისო“; უკრაინას „ბაირაქტარებს“ აძლევს, იმავდროულად, ურთიერთობები აქვს რუსეთთანაც – საკუთარი ვიწრო ინტერესებიდან გამოდის და არა რეგიონალურიდან. იყენებს „მონტროს კონვენციასაც“. მაგალითად, რუსეთ–საქართველოს ომის დროს ამ კონვენციის საფუძველზე საქართველოში ამერიკული გემები კარგა ხანი არ შემოუშვა. ამდენად, თუ ომის შემთხვევაში ბრიტანული და ამერიკული გემები არ შემოუშვა თურქეთმა საქართველოში, მოწოდება სხვა გზით ვერ მოხდება საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ამასთან, გავიხსენოთ 3+3 ფორმატი – თურქეთს ირანთან და რუსეთთან ერთად სურს რეგიონის საკითხების გადაწყვეტა და დანარჩენი სამი ქვეყნის დასავლეთის გარეშე დატოვება, რაც საქართველოსთვის მიუღებელია.
- ჩვენ არ ვიცი, რა სამეზობლო პოლიტიკას აწარმოებს საქართველო – ეს არ ჩანს. რაც შეეხება თურქეთის ლავირების პოლიტიკას, აქვს არსებობის საფუძველი არგუმენტსაც, რომ რეგიონული აქტორის პრეტენზიის მქონე თურქეთის ინტერესებში არ შედის, სახმელეთო საზღვარი ჰქონდეს რუსეთთან, რომ მის ინტერესშია დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველო. აქ არის თანხვედრა ჩვენს ინტერესებში...
- ეს მართალია, მაგრამ ვითარება შესაძლოა, შეიცვალოს. ასე იყო პირველი რესპუბლიკის დროსაც.
- ამისთვის ქვეყანას უნდა ჰქონდეს პოლიტიკა, რადგან, როგორც თავადაც აღნიშნეთ, არ გახდეს ობიექტი...
– სწორედაც. და ეს აკლია საქართველოს. როდესაც ვიზიტით მიდიხარ პრემიერ–მინისტრი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კი არ უნდა ხვდებოდე (მაგას შესაძლოა, მეც შევხვდე, მივდივარ ვაშინგტონში)... როგორ შეიძლება, ვიცე–პრეზიდენტს მაინც არ ხვდებოდეს პრემიერ–მინისტრი?! სხვათა შორის, ქართველი ექსპერტები [დოკუმენტზე მუშაობისას ჩაწერილ ინტერვიუებში – რედ.] დასავლეთთან ურთიერთობების გაციებაზეც საუბრობენ. ამას პლუს ანტიდასავლური რიტორიკა, ეს კი ჯამში ქმნის რისკებს, რადგან საქართველოს სხვა მოკავშირე არ ჰყავს – ნატო-ს წევრი არ ხარ და ამ ხალხის გარდა შენი დამცველი სხვა არავინაა და თუ მათთანაც გაიფუჭებ ურთიერთობას, ფაქტობრივად, ნელ–ნელა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევი.
– ჩვენ თითქოს ყური მივაჩვიეთ ანტიდასავლურ რიტორიკას, შეთქმულების თეორიებს, სახიფათო გზავნილებს, მაგრამ თქვენი დასავლელი კოლეგები ამას როგორ აღიქვამენ?
– სამიოდ დღის წინ შვედეთში ვიყავი და იქ ძალიან ცუდად აღიქვემენ. ვიცი, რომ იგივე დამოკიდებლება აქვთ ევროკავშირში. რამდენადაც ვიცი, ასეთივე რეაქცია აქვთ ამერიკელებსაც, მაგრამ ვიზიტს ვგეგმავ და შემდეგ მეტი მეცოდინება. ცხადია, მსგავსი რიტორიკა განწყობებზე გავლენას ახდენს, სხვაგვარად – ტექნიკური პარამეტრებით კი, მაგალითად ასოცირების შეთანხმება 40%–ით შესრულებული აქვს საქართველოს. ეს მეტია, ვიდრე მოლდოვას და უკრაინას აქვთ შესრულებული.
– მაგრამ მხოლოდ ეს პროცენტული მაჩვენებელი არ არის მთავარი ფაქტორი...
– ცხადია. მნიშვნელოვანია ხედვები და ფასეულობები. შენგან არავინ ითხოვს ომს! მორალურად სწორი პოზიცია უნდა გქონდეს, უნდა გაასწორო კომპასი! მეტს არავინ არაფერს ითხოვს საქართველოსგან ან რას უნდა ითხოვდნენ?!