"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა – რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი დაწესდეს
28/09/2022 07:37:23 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ საქართველოში შემოსვლისას თითოეულ რუსეთის მოქალაქეს "საოკუპაციო შენატანის" გადახდის ვალდებულება ჰქონდეს.
ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ თანხა თითო ადამიანზე 1 000 ლარით განისაზღვრება და შემოსული ფული დევნილების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სამინისტროში გადაირიცხება:
"ნაციონალური მოძრაობა" გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, და პარლამენტს, ქვეყნის ხელისუფლებას, საზოგადოებას, ვთავაზობთ, კონკრეტული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებას. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის მხრიდან რუსეთის მოქალაქეთა უკონტროლო შემოდინებამ ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო, რაც უკავშირდება როგორც ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ფინანსური უსაფრთხოების საკითხებს და მთელ რიგ რისკებთანაა დაკავშირებული. ეს საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას და კითხვის ნიშნებს წარმოშობს, შესაბამისად ჩვენი პარტია გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები".
მისი თქმით, ამ გადასახადის დაწესებით ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხა შევა.
ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.
რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.
21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც. პოლიცია აქციებს ძალის გამოყენებით შლის და მონაწილეებს აკავებს.


