EUMM ემიჯნება თანამშრომელს, რომელიც აშშ-ს ადანაშაულებს უკრაინის ომში
28/09/2022 12:45:09 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ემიჯნება თავის თანამშრომელს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.
EUMM-ის ექსპერტმა „ინფორმაციისა და ცოდნის მენეჯმენტის საკითხებში“ ანტონიო კარლოს ჰერერა კარერამ „ლინკდინზე“ გააზიარა ფოტო, რომელზეც გამოსახულია ევროკავშირის დროშის ფერებში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი კოცნის აშშ-ის დროშის ფერებში გამოწყობილი ადამიანის ფეხსაცმელს.
ფოტოს თან ერთვის შემდეგი წარწერა: „რუსეთ-უკრაინის ომი – კიდევ ერთი ომი, რომელიც ორკესტრირებულია ჩვენი ტრადიციული ამერიკელი ომთშემოქმედების მიერ, რათა ევროპელი ხალხი უფრო მეტად ჩამოჰკიდონ ძვირ ამერიკულ გაზსა და ნავთობზე. რას ფიქრობთ?“.
კარერას პოსტი 28 სექტემბერს შენიშნა აქტივისტმა გიორგი თაბაგარმა და "ტვიტერში" პირად გვერდზე გამოაქვეყნა. სწორედ მის რეაქციას მოჰყვა სადამკვირვებლო მისიის შემდეგი განმარტება:
"პირადი "პოსტი" არ ასახავს EUMM-ის პოზიციასა და მოსაზრებას. EUMM აწარმოებს შიდა გამოიძიებას ამ შემთხვევაზე და იმოქმედებს შიდა პოლიტიკასთან შესაბამისად".


