ნედ პრაისი: "მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთმა უნდა გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება"
28/09/2022 19:58:42 პოლიტიკა
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმ ვალდებულებებზე, რომელიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე აიღო. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.
ლუკაშენკო 26 სექტემბერს მოულოდნელად ჩაფრინდა რუსეთში და სოჭში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში დაბრუნდა. ლუკაშენკა კი მოულოდნელად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში და განმარტებისთვის დაიბარა ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი. მოგვიანებით ლუკაშენკოს ვიზიტს მკაცრი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას და რომ ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ.
2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ თქვა, რომ დასავლეთი საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.


