ავსტრიის ელჩი: "ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში"
29/09/2022 07:06:00 პოლიტიკა
საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი აცხადებს, რომ გმობს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში.
"ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", – განაცხადა დიპლომატმა.
ამასთან, ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და ხაზი გაუსვა, რომ თუკი მხარეები ერთად იმუშავებენ, ქვეყანა ევროკომისიის რეკომენდაციებს მალე შეასრულებს:
„იცით, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა. ეს არის ის, რისი სათანადოდ არ დაფასებაც არ შეიძლება და ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისიამ კი წარადგინა 12 პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯი გადაიდგას და ეს არის კანდიდატის სტატუსი. ვიცი, რომ ბევრი სამუშაო მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ყველა ერთად იმუშავებს, საქართველო მალე შეასრულებს ამ 12 პირობას“.


