"რეფორმების განხორციელების დონე არადამაკმაყოფილებელია, არსებობს შეშფოთება საქართველოს მზაობის შესახებ, პროგრესი ჰქონდეს ევროატლანტიკურ გზაზე"
29/09/2022 10:09:46 პოლიტიკა
ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ "საქართველოში რეფორმების განხორციელების დონე არ არის დამაკმაყოფილებელი და არსებობს შეშფოთება ქვეყნის მზაობის შესახებ, პროგრესი ჰქონდეს ევროატლანტიკურ გზაზე".
მისი თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, შესაძლებლობა ახლაა და საქართველომ ამ შესაძლებლობის გამოყენება უნდა მოახერხოს.
"ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა 19 აპრილის შეთანხმება. უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოემზადოთ და მოახდინოთ რეფორმების განხორციელება, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. არ ვიცით რა მოხდება, თუ არ მოემზადებით და ვერ დაეწევით ამ მატარებელს. შესაძლებლობები ახლაა და თქვენ უნდა მიიღოთ სარგებელი", - აცხადებს კოლომინა.
კოლომინას თქმით, საქართველოში მის ვიზიტს ორი მთავარი მიზანი აქვს, მათ შორის პირველი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებაა. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ მისი ვიზიტის კიდევ ერთი მიზანი, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული შესაძლებლობის კიდევ ერთხელ გააზრებაა.
"ჩემი ვიზიტის მეორე მიზეზი, იმ შესაძლებლობის გააზრებაა, რომელიც მჯერა, რომ თქვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ახლა არსებობს, განსაკუთრებით ევროკავშირის გადაწყვეტილების და 12 რეკომენდაციის შემდეგ. 12 რეკომენდაცია ემთხვევა იმ 10 რეკომენდაციას, რომელიც ნატო-მ მისცა თქვენს ხელისუფლებას, არსებითი პაკეტის ფარგლებში. გვჯერა, რომ ეს არის ძალიან მკაფიო გზა, რომლისთვისაც რეკომენდაციები ძალიან მკაფიო ნიშნებია და ძალიან ვცდილობთ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ქვეყანა მზად იყოს, როდესაც მისთვის შესაძლებლობები გაჩნდება", - განაცხადა, „ამერიკის ხმის“ ცნობით, ხავიერ კოლომინამ.


