ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში: რატომ ახლა?

29-09-2022 15:39:41

ინტერვიუ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელ, პროფესორ თორნიკე შარაშენიძესთან:

– ბატონო თორნიკე, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის ვიზიტზე უნდა გკითხოთ. მყიფე რომ იყო მისი დამოკიდებულება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ, ისედაც ვიცოდით, განსაკუთრებით 2020 წლის პროტესტის ძალადობრივი გზით ჩახშობის შემდეგ, როდესაც მისი ვალები კრემლის მიმართ გაიზარდა. გვახსოვს მისი განცხადება, როდესაც ანექსირებული ყირიმი რუსეთის ნაწილად მოიხსენია და ვლადიმირ პუტინთან ერთად ნახევარკუნძულზე ჩასვლა დააანონსა, მაგრამ არ ჩასულა. აფხაზეთზეც განაცხადა, „ვაღიარებ, თუ პუტინი მთხოვსო“, თუმცა საქმე ჯერ აქამდე არ მისულა. ვხედავთ იმასაც, რომ უკრაინის ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალების უშუალო ჩართვას მაქსიმალურად გაურბის, ვაჭრობს რუსეთთან, მაგრამ რატომ ახლა? ახლა რატომ ჩავიდა აფხაზეთში?

კარგი კითხვაა. ოდესღაც უნდა მომხდარიყო, რადგან დიდი ხანია, მას ექაჩებიან „სამოკავშირეო სახელმწიფოში“ და როგორც ჩანს, დროს წელავს (ის დროის გაწელვის და მანევრირების ცნობილი ოსტატია) და რაღაც უნდა გაეკეთებინა – კეთილი ნების ჟესტი და მან ამგვარი ჟესტი არჩია.

– ანუ, თან რუსეთთანაა და თან დროს წელავს...

– დიახ. ვუსმინე ბჟანიასთან მის საუბარს. მან ახსენა ვლადიმირ პუტინი, როგორც უფროსი ძმა, მაგრამ იმავდროულად თქვა, რომ „საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად ილაპარაკა თქვენზეო“ – პოზიტიურად ილაპარაკა საქართველოზე. ეს ალბათ (ყოველ შემთხვევაში, იმედს ვიტოვებ), იყო „სიგნალი“ ჩვენს მიმართ, რომ იძულებული იყო, ჩასულიყო და რომ არაფერს აფუჭებს ჯერ–ჯერობით. ხოლო რამდენ ხანს გააგრძელებს მანევრირებას, ეს არავინ იცის. მას ნამდვილად არ უნდა, პუტინს ჩაჰყვეს საფლავში, ამიტომაც, ჯერ უყურებს, რა ხდება ფრონტზე და ვიდრე არ დაინახავს, რომ იქ რუსეთი ნამდვილად იგებს, მგონია, რომ მანამდე შეეცდება, გაწელოს დრო. თუ დაინახავს, რომ რუსეთი აგებს, რა თქმა უნდა, შეეცდება, მეორე „ნავში“ გადახტეს, თუ ეს გამოუვა. ვფიქრობ, დასავლეთმა მას ამის საშუალება უნდა მისცეს: არ შეიძლება მასზე სამუდამოდ გაბუტვა, მით უმეტეს, თუ პუტინისგან ჩამოშორებას გადაწყვეტს. ამდენად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მანევრირებს – ხან რას გადაუდებს პუტინს, ხან რას... პუტინიც ხვდება, რომ ლუკაშენკო დროს წელავს, მაგრამ რა ქნას...

– აფხაზეთში დაისვა კიდეც კითხვა აღიარებაზე და მან პასუხს თავი აარიდა...

– დიახ. მგონია, რომ ამას ჯერ არ აპირებს. ალბათ, სიმბოლურად შეიტანს აფხაზეთში ყველს და ხაჭოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის იქეთ წასვლა ჯერ–ჯერობით არ უნდა. ვიცით, რომ ის სულელი პოლიტიკოსი არ არის და ვიცით ისიც, რომ მას დროის გაწელვა მშვენივრად ეხერხება. უკრაინის ფრონტზე რა ხდება, ეს გადაწყვეტს ყველაფერს, მათ შორის, ლუკაშენკოს ორიენტაციასაც.

– თავად ის გარემოება, რომ ბიჭვინთაში ჩავიდა და არა სოხუმში, ფიქრობთ, რომ საყურადღებოა?

– ჩემი აზრით, ესეც მნიშვნელოვანია, თან ბელარუსის მთავრობამ არაოფიციალურ დონეზე დაიყვანა ეს ვიზიტი და ესეც საინტერესოა – ესეც „სიგნალია“, რომ ჯერ–ჯერობით ახერხებენ დროის გაწელვას. ამ დროს სიმბოლოებსაც აქვს მნიშვნელობა. აღიარება უფრო საზეიმო ვითარებაში მოხდებოდა და უფრო მქუხარე სიტყვით გამოვიდოდა.

– ან მინსკიდან გაჟღერებაში რა შეუშლიდა ხელს, როგორც ეს ვენესუელამ და სირიამ გააკეთეს...

– რა საკვირველია. ნამდვილად საინტერესო იყო მისი გამოსვლის შინაარსიც: არ იყო მქუხარე სიტყვა – ბიჭვინთაში რაღაც მეგობრობაზე იყო საუბარი, ხალხის ბედნიერებაზე და არა აფხაზეთის სახელმწიფოზე. მას მსგავსი ტერმინები არ უხსენებია. თქვა, რომ აფხაზეთი რუკაზე არის და რომ არ უნდა გაქრეს. ვნახოთ რა მოხდება. ის ჯერ–ჯერობით ახერხებს მანევრირებას. ამდენად, მისგან წამოსული „სიგნალების“ ფონზე, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჩვენგან ამაზე უფრო მკაცრი რეაგირება არ არის საჭირო. მკაცრ რეაგირებას ჩვენ ყოველთვის მოვასწრებთ და სამწუხაროდ, თუ პუტინი აიძულებს და მაინც გადაწყვეტს აღიარებას, ამას ხელს ვერ შევუშლით და ეს ვიცით. ამიტომ, ჯერ–ჯერობით სჯობს, მშვიდად ვიყოთ და მას დროის გაწელვა გავუადვილოთ, რასაც, როგორც ვთქვი, ამ ეტაპზე ახერხებს. მე მგონი ეს უკეთესი იქნება. ელჩის დაბარება ადეკვატური პასუხი იყო, იყო პრემიერ–მინისტრის განცხადებაც. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამის იქეთ არ უნდა წავიდეთ: თუ ახლა ძალიან გავამწვავებთ, ცხადია, ამით რუსები ისარგებლებენ, ეტყვიან, „ხომ ხედავ, როგორ გექცევიან ქართველები, როგორ გელაპარაკებიან...“. ამდენად, ვიმეორებ, გამწვავება ამ ეტაპზე არ არის საჭირო.

– გამოითქვა შიშები, რომ თუ ლუკაშენკომ ვერ გაუძლო ზეწოლას და სამწუხაროდ, მაინც მივიდა საქმე აღიარებამდე, ამას სხვა რესპუბლიკებიც მიჰყვებიან. საიდან ველით მსგავს პოტენციურ რისკებს?

– თუ რუსეთმა სხვებიც შეითრია ამ ახალ „სამოკავშირეო სახელმწიფოში“, მათაც შეიძლება, მოსთხოვოს იგივე. ჯერ–ჯერობით მხოლოდ ყირგიზეთზე მიდის საუბარი. ისიც დროს გაწელავს – დაელოდება უკრაინაში მოვლენების განვითარებას. მგონია, რომ ასე მარტივად ამგვარ ნაბიჯს ვერც ერთი ვერ გადადგამს, რადგან ახლა გადამწყვეტი მომენტია – რუსეთთან დადგომა, თუ მან ომი წააგო, მორევში ჩაყოლას ნიშნავს. ზუსტი ანალოგი არაა, მაგრამ დაახლოებით იმგვარი სიტუაცია იქნება, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გერმანიის მხარეს ყოფნა. ამიტომაც, თავს შეიკავებენ და დროს დიდხანს გაწელავენ ყველანი. აი, რამდე ხანს გააჭიანურებენ, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. პუტინს ეს ახალი „სამოკავშირეო სახელმწიფო“ 2024 წლისთვის სჭირდება, როცა მას ვადა ეწურება. ამდენად, ალბათ, მინიმუმ, ერთი წელი კიდევ აქვთ ამ სახელმწიფოებს მანევრირებისთვის და, რა თქმა უნდა, უკრაინის ფრონტზე განვითარებულ მოვლენებს დაელოდებიან.

– იყო ცნობები, რომ სერბეთთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები...

– სერბეთი გამორიცხულად მიმაჩნია: მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება – მასზე მყისიერად გავრცელდება სანქციები. ეკონომიკურად ისედაც არც თუ კარგ მდგომარეობაშია და ევროკავშირის სანქციები მნიშვნელოვნად დაარტყამს, ხოლო რუსეთი მის ეკონომიკას ვერ უშველის, მით უმეტეს, რომ შორსაა. რა თქმა უნდა, ალბათ სომხეთზეც მუშაობენ, მაგრამ არ მგონია, ეს მარტივად გამოუვიდეთ.

– ეს სომხეთისთვის უმძიმესი იქნება – საქართველო აკავშირებს მას ცივილიზებულ სამყაროსთან...

– დიახ და ვფიქრობ, არ გამოუვათ: ამ მხრივ სომხეთს ძალიან ბევრი რისკები აქვს, მაგრამ ამისთვის სომხეთს აზერბაიჯანთან ურთიერთობების ბოლომდე დარეგულირება სჭირდება, მასთან ომის განახლების რისკები რომ მოშორდეს. შემდეგ უკვე რუსეთი ერევანს ნაკლებად დასჭირდება ამ თვალსაზრისით.

სხვათა შორის, თავის დროზე, გაიაზრა რა სომხეთმა თავისი სიტუაცია (გეოგრაფიიდან და ჩვენთან ისტორიული კავშირებიდან გამომდინარე), კატეგორიული უარი განაცხადა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე. ახლაც ვფიქრობ, რომ სომხეთის „შეთრევა“ გაცილებით რთული იქნება რუსეთისთვის, ვიდრე ბელარუსის.

– ირანის შემთხვევაში მსგავსი რისკი გვაქვს?

– ეს არის სახელმწიფო უზარმაზარი ისტორიული გამოცდილებით და ასე მარტივად დადგეს რუსეთის გვერდით, როდესაც ამ ომში პრაქტიკულად, რუსეთის ბედი წყდება, არ მგონია. მას აჩქარება არ უყვარს, ლოდინი მშვენივრად ეხერხება. ირანი გადასარევად ვაჭრობს ყველასთან, მათ შორის, დასავლეთთან, აქვს რა თავისი ინტერესები და ეს ინტერესები არ არის რუსეთთან ერთად ყოფნა – მისი ინტერესია უსაფრთხოება (მას მძიმე გამოცდილება აქვს ომის და სანქციების) და რეგიონში გავლენა და ამ ვითარებაში რუსეთი მისთვის საშუალებაა და არა მიზანი. სწორედ ამის მიღწევას ცდილობს ირანი და თუ რუსეთის გვერდით აღმოჩნდა, ხოლო ის ომს წააგებს, ცხადია, თავადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. გარდა ამისა, ამ სახელმწიფოს ბევრი შიდა სისუსტე აქვს და სარისკო ნაბიჯებს ასე მარტივად არ გადადგამს. თუ ამერიკა ირანს ხელს არ ჰკრავს და გაფორმდება ახალი ბირთვული შეთანხმება (რომელიც ობამას მმართველობის დროს გაფორმდა, მაგრამ ტრამპი შეთანხმებიდან გამოვიდა), რომ „ირანი თავს იკავებს ბირთვული იარაღის შექმნისგან, მაგრამ სანქციების დიდი ნაწილი მოეხსნება“, ვფიქრობ, ის რუსეთს ჩამოშორდება. ამდენად, მგონია, რომ ახლა ირანი რუსეთთან თანამშრომლობით პირველ რიგში, ამერიკასთან ვაჭრობს.

– ამდენად, როგორც თქვით, ბევრ რამეს გადაწყვეტს უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და თქვენი დაკვირვებით, როგორია ეს ვითარება?

– ცხადია. არ ვარ სამხედრო სპეციალისტი და როდესაც ომი მიდის, სიმართლეში გარკვევა საკმაოდ რთულია, რადგან ასეთ დროს ყველა მხარე (აგრესორია თუ სამშობლოს დამცველი), ნამდვილ ინფორმაციას მალავს (ეს ჩვეულებრივი ამბავია). ჯერ ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს ეს ნაწილობრივი მობილიზაცია. თუ რუსეთმა 300 000 კაცი გაისროლა ფრონტზე თუნდაც თვენახევარში, ეს ალბათ, რაღაცნაირად გაამაგრებს რაღაც პოზიციებს. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი: თუ რუსეთმა რაღაც გარდატეხას მიაღწია ამ 300 000 კაცით (ან მეტით. ცხადია, სიმართლეს არ გვეტყვიან, რამდენი უნდა გაუშვან ფრონტზე), ან იმგვარს, რომ მთლიანად დონეცკის ოლქი წაართვა უკრაინას და შემდეგ ეს გამოაცხადა თავის გამარჯვებად, შეიძლება, რაღაცნაირად კიდევ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან (და რაც უფრო წარმატებული იქნება მოსკოვი, მეტად მომთხოვნი იქნება აფხაზეთისა და ლუკაშენკოს მიმართაც). ხოლო თუ ამით გარდატეხას ვერ მიაღწია, ჩემი აზრით, შეიძლება, ითქვას, რომ ომი წაგებული აქვთ.

– მოდით, ამ პროცესს აფხაზეთის რიგითი მკვიდრის თვალით შევხედოთ, მათ რას აძლევს?

– ბევრს არაფერს, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ, რომ დე ფაქტო მთავრობის და სოხუმელების ნაწილი განწყობილია საქართველოსთან დიალოგისთვის, ეს მათ არც გამოუვათ: ნაბიჯი რომც გადმოდგან, იქ ისეთი აჟიოტაჟი ატყდება პრორუსულად განწყობილი პარტიებისა და დეპუტატებისგან... ჩაქოლავენ „ხელისუფლებას“. გვახსოვს, ბჟანიას ჰქონდა მცდელობა – „საგარეო პოლიტიკის“ შესახებ მიიღეს „დოკუმენტი“, სადაც ეწერა საქართველოსთან დიალოგის საჭიროების შესახებ. ამაზე, პირდაპირ ვთქვათ, ისტერიკა ატყდა და ეს პუნქტი ამოაღებინეს. ეს გვაჩვენებს, თუ რამდენად ხელ–ფეხ შეკრულია ამჟამად აფხაზური პოლიტიკური ელიტა და რომც მოინდომონ ჩვენკენ ნაბიჯების გადმოდგა, უჭირთ, რადგან იქ ვითარებას რუსები მაინც აკონტროლებენ და არ არ დაუშვებენ ჩვენკენ ნაბიჯების ასე მარტივად გადმოდგმას. ამას ემატება ის, რომ ჩვენ თუ გადავდგით რაიმე ნაბიჯი, ესეც აღქმული იქნება რაღაც ხრიკებად და ფანდებად, იტყვიან, „ხედავთ, ქართველების და ბჟანიას ხელისუფლების ინტერესები ერმანეთს ემთხვევაო“. ჯერ–ჯერობით ჩვენ ეს საინფორმაციო–პროპაგანდისტული ბლოკადა, რომელშიც ამჟამად აფხაზეთი იმყოფება, სამწუხაროდ, ვერ გავარღვიეთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები